in

მე-19 საუკუნის სახლის რეკონსტრუქცია ბარსელონაში

Banner M2
Banner M2

სტუდია „2BMFG arquitectes“-მა მე-19 საუკუნის სახლის რეკონსტრუქცია განახორციელა და პროექტში დიდი შიდა ეზოს ინტეგრირება მოახდინა. შედეგად მყუდრო და თანამედროვე ინტერიერის მქონე ბინა გამოვიდა, ვრცელი მისაღებით, ბიბლიოთეკითა და ავტოფარეხით.

სარრია სან ჟერვასი ბარსელონის გამორჩეულად გამწვანებული რაიონია. აქ სერრა დე კოლსეროლას პარკი იწყება. შორიახლოს, ქალაქის შენობების სიხშირეში ისტორიული სახლების ჯგუფია, რომლებიც 1899 წელს ხოაკიმ კოდინო ი მატალიმ (Joaquim Codina i Matalí)  ააშენა. ისინი არქიტექტურულ ძეგლებადაა მიჩნეული და სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაა.

ყველა ამ სახლს ორი ეზო აქვს. ერთი (44 კვ.მ) მთავარ ფასადთან, მეორე (96 კვ.მ) კი სახლის უკანა მხარეს.

ამ პროექტში არქიტექტორების მთავარი ამოცანა სახლის მთლიანი რეკონსტრუქცია იყო, რაც სივრცის გახსნას და შიდა ეზოს ინტეგრირებას გულისხმობდა, რომლის პოტენციალიც ჯერაც არ იყო ათვისებული. არქიტექტორებმა პირველი სართულის აივნის ქვეშ არსებული ფართის ხარჯზე სივრცე გაზარდეს, ამიტომ სახლის ფასადს გამაგრება დასჭირდა.

გადაგეგმარების შემდგომ საძინებლებმა სახლის წინა მხარეს გადაინაცვლა და ზომაშიც ოდნავ მოიკლო. სამაგიეროდ, სახლის უკანა მხარეს უზარმაზარი მისაღები და სამზარეულო-სასადილოს ზონები გაჩნდა. გარდა ამისა, დიზაინერებმა სარდაფი მნიშვნელოვნად გაზარდეს და ყველა სართული ხის კიბით დააკავშირეს.

თავიდან სარდაფის სართული მხოლოდ ერთი მანქანისთვის და საყოფაცხოვრებო ნივთების დასაწყობებისთვის იყო განკუთვნილი. გაფართოების შემდეგ აქ დიდი სათავსო გაჩნდა, რომელიც სახლის მთავარი შესასვლელის ქვეშ მოთავსდა.

ინტერიერი თანამედროვე, მშვიდ და ნათელ სტილშია შესრულებული. თეთრი და რუხის ელფერები შავი ფერისა და ნატურალური ხის აქცენტებითაა შევსებული. ლითონის შავი სვეტები, ფანჯრების ჩარჩოები და ბუხარი თეთრი კედლების ფონზე ეფექტურად გამოიყურება, ხის მაგიდა და მუხის ავეჯი კი ინტერიერს სიმყუდროვესა და სითბოს მატებს.

იმის გამო, რომ სახლი პირველ სართულზეა, არქიტექტორებმა თბილი იატაკები დაამონტაჟეს. ბინის მთავარი სიამაყე სააბაზანოსა და სამზარეულოში დაგებული მე-20 საუკუნის ძველებური ფილაა, რომლის აღდგენა და რესტავრირება მოხერხდა. მისი ნათელი ორნამენტი მე-19 საუკუნის კატალონიის დეკორატიული ხელოვნების მაღალ განვითარებაზე მიუთითებს.

მარიო ბელლინი – სიცოცხლეში დაფასებული გენიოსი

IKEA-ს სამზარეულოების 2022 წლის კოლექცია – Homeis.ge-ს რჩეული 8 მოდელი