ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტია. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან დღემდე იგი სწორედ ამ სფეროს იკვლევს, ხოლო ბოლო 10 წელია საკუთარი კვლევის შედეგებს სტუდენტებსაც უზიარებს.
ვახუშტიმ სკოლა ოზურგეთში დაამთავრა და როგორც თავად გვიამბობს, სწორედ ამ ქალაქში ჩამოყალიბდა მისი ინტერესები – აქ ეცნობოდა ტექსტებს სამართლისა და პოლიტიკის შესახებ და ამას გარდა, ეს იყო ადგილი, სადაც ის ღვინის დაკრეფისა და დაყენების პროცესს აკვირდებოდა.
“ყურძნის წვენს ღიად, საწნახელში ადუღებდნენ და მთელს პირველ სართულზე მაჭრის სუნი იდგა ხოლმე. ეს ჯადოსნური პროცესი იყო: როგორ იქცეოდა ტკბილი ღვინოდ. თუმცა, მაშინ გურიაში საღვინე ყურძენი თითქმის არ არსებობდა. ღვინოს ჰიბრიდული ჯიშისგან, “იზაბელასგან” აყენებდნენ, რაც უხარისხო პროდუქტს იძლევა და ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. შემდეგ, სტუდენტობისას მეტი გავიგე ღვინის შესახებ, ინტერნეტშიც მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი, გავიცანი ადამიანები ვინც ამ საკითხში ერკვეოდნენ (ბევრი მათგანი თავად აყენებდა ღვინოს), მათი მეშვეობით ბევრი კარგი ღვინო გავსინჯე. ამასობაში, ფესტივალებიც შემომეშველა, ღვინის მაღაზიებიც გაიხსნა და ნელ-ნელა ეს ინტერესი ჰობად იქცა.”
სწორედ ასე დაიწყო ვახუშტი მენაბდის მოგზაურობა ღვინის სამყაროში, რომელიც საბოლოო ჯამში, “მენაბდის მარნის” მეურნეობის შექმნით დაგვირგვინდა. ამ საინტერესო თავგადასავლის შესახებ დღეს ჩვენი რესპონდენტი თავად გვიამბობს:
ვახუშტი, როგორ დაიბადა „მენაბდის მარნის“ იდეა?
ოჯახში ყველა დაინტერესებული იყო ამ თემით – ჩემი ძმა, მამაჩემი და დედაჩემი. გვინდოდა ჩვენი წილი არგუმენტები დაგვედო გურული ღვინის სასარგებლოდ, რომელსაც დღემდე არასერიოზულად უყურებენ ფართო საზოგადოებაში. თუმცა, რაც დრო გადის, ეს სტერეოტიპი სუსტდება, რაც გვახარებს. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა იდეა, შეგვეძინა მიწა, გაგვეშენებინა გურული ჯიშები და საკუთარი ღვინის წარმოება შეგვექმნა.
2016 წელს სოფელ შემოქმედში, საიდანაც არის ჩვენი გვარი და სადაც ბაბუაჩემი გაიზარდა, ვიყიდეთ 2 ჰექტრამდე მიწა და დავიწყეთ “ჩხავერის” გაშენება. ბევრი გამოწვევა შეგვხვდა გზად. პირველ რიგში, ძალიან რთული აღმოჩნდა ნერგების შოვნა. დაახლოებით 3000 ნერგი გვჭირდებოდა, თუმცა პირველ გაზაფხულზე მხოლოდ 900-მდე მოვაგროვეთ. მენერგეებს საკმარისი ნერგი არ ჰქონდათ დამზადებული, რადგან არავის სჭირდებოდა ამდენი. არადა, ეს არ არის დიდი რაოდენობა.
მეორე პრობლემა ცოდნა იყო. არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება იმისა, თუ როგორ მოგვევლო ვაზისთვის. შესაბამისად, თან კონსულტაციებს ვიღებდით, თან ვკითხულობდით, თან შეცდომებზე ვსწავლობდით. ვაზის შემდეგ გამოწვევა ღვინის დაყენება იყო. აქაც იგივე გზა გავიარეთ და დღემდე ბევრ რამეს ვსწავლობთ. ყველა რჩევას ვიღებთ. გურიაში არის პატარა მევენახეთა და მეღვინეთა ჯგუფი, რომელსაც (და არა მხოლოდ მათ) ბევრ რამეს ვეკითხებით. ეს მუდმივი პროცესია, ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. დიდი იმედია ასეთი ადამიანების არსებობა, ვინაიდან ეს უფრო თამამს გხდის, რომ რთულ საქმეებს შეეჭიდო.
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ დღეს თქვენ ღვინის მეურნეობის გარდა, გაქვთ ულამაზესი კარმიდამო, რომელიც მოიცავს ძალიან გამორჩეულ პატარა სასტუმროს. გვიამბეთ ამ ოდის შესახებ.
თავიდან მხოლოდ ღვინის მცირე რაოდენობით წარმოებაზე ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ მარნის კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა. ამ კონცეფციის მიხედვით, ვენახისა და ღვინის წარმოების პარალელურად უნდა გვქონოდა პატარა ეთნოგრაფიული სასტუმრო და კარმიდამო. ამ ყველაფერს განსაკუთრებული აურა უნდა შეექმნა. ადამიანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა თავი 1-2 საუკუნის წინანდელ გურიაში ეგრძნო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მინიმალურად ჩავერიეთ გარემოში, ძველი ოდა შევინარჩუნეთ და რესტავრაცია ჩავუტარეთ, ეზო გავწმინდეთ და აღვადგინეთ. ახლაც, 5 წლის შემდეგ, აქ ბევრი რამ ისევ აღდგენის პროცესშია, მაგრამ არ ვჩქარობთ, გვინდა ყველა დეტალი გავითვალისწინოთ. ამას დრო სჭირდება.
აქ მთავარი სიძველე ბუხრებია. პირველ სართულზე ერთი დიდი სამზადი ბუხარია, მის სვეტს არის დაყრდნობილი მეორე სართულის 4 ოთახის 4 ბუხარი. როგორც ჩანს, ის საკმაოდ ძველია და ბევრჯერ რესტავრირებული – ყველაზე ძველი შრეები მიწით არის ნაშენი. სახლი შედარებით ახალია და კიბე კიდევ უფრო ახალი. ეს ოდა ხისაა, ისევე როგორც სხვა ყველა გურიაში. ხე ადვილად ფუჭდება, ამიტომ მთავარი ბუხარია, რომლის გარშემოც სახლი შენდებოდა. როცა ხე საცხოვრებლად უვარგისი ხდებოდა, კედლებს ხსნიდნენ და ახალს მოაშენებდნენ ხოლმე. ოდა სულ 4 ოთახისგან შედგება, 4 თვალია, როგორც გურიაში იტყვიან. ეს ოთახები ერთმანეთში გადიოდა, ახლა ეს გასასვლელები გაუქმებულია და თითოეული ნომერი იზოლირებულია.
ვისაუბროთ ინტერიერზე. როგორც ვხედავთ, „მენაბდის მარანში“ ამ მხრივაც შენარჩუნებულია ტრადიციული სული. გვიამბეთ შიდა სივრცის შექმნის პროცესზე.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ოდისთვის თავდაპირველი სახე. შევცვალეთ მხოლოდ პირველი სართული. ის ახლანდელი ვერსიის ნახევარი იყო, მხოლოდ კედლებით ამოშენებული, მეორე მხარე კი ღია ჰქონდა. ძველი კედლების ნაცვლად, ახალი ქვის კედლები ამოვიყვანეთ, აგურის იატაკი დავაგეთ და ქვევრები ჩავყარეთ.
ინტერიერის დიზაინზე დედაჩემმა, მარინა თოფურიამ იმუშავა. მართალია, ის პროფესიით ფსიქოლოგია და დიზაინერი არ არის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ყველა დეტალი პროფესიონალურად დაეგეგმა.
რაც შეეხება სახლის დეკორს, ნივთები და ელემენტების ნაწილი ამ სახლში დაგვხვდა, ნაწილი მეგობრებმა გვაჩუქეს, ნაწილი ძველმანების ბაზრობებზე ვიყიდეთ, ნაწილი კი თავად გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, არის ახალი ნივთებიც, რომლებიც მაღაზიების ვინტაჟურ განყოფილებებში ვიპოვეთ.
მთავარი გამოწვევა ჩვენივე მიზანი იყო – გვინდოდა, მინიმალური კომფორტის ელემენტები ისე შემოგვეტანა, რომ ეთნოგრაფიულ გარემოში არსებითად არ ჩავრეულიყავით. იმედი გვაქვს, ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ ამ მიზანს.
როგორ დაახასიათებდით „მენაბდის მარნის“ ინტერიერის სტილს? როგორია ის?
მარტივად ვიტყვი: ეთნოგრაფიული. ალბათ პროფესიონალები სხვადასხვა სტილის ელემენტებს შენიშნავენ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, არ დაგვეკარგა ის, რაც აქ დაგვხვდა. უბრალოდ აქაურობა განვაახლეთ და სტუმრების მისაღებად ვარგისი გავხადეთ, გარემო თავად გვკარნახობდა როგორ მოვქცეულიყავით. ასეთ დროს მთავარი ამოცანა გამოგონება კი არა, გამოცნობაა, იმის გამოცნობა, დღევანდელი შესაძლებლობები რომ ჰქონოდა, რას დაამატებდა ინტერიერს, შენობას, ან ნივთს, ის, ვინც თავდაპირველად მოაწყო ეს გარემო.
და ბოლოს, რას სთავაზობს „მენაბდის მარანი“ მომხმარებელს დღეს?
ჩვენი მარნის იდეა 3 საყრდენზე დგას: ეკოლოგიურად სუფთა, ეთნოგრაფიული და რურალური გარემო. აქ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ მაღალი ხარისხის გურული ღვინოები (“ჩხავერის” და “ცოლიკაურის” სხვადასხვა ვარიაციები, თუმცა მომავალში სხვა ჯიშებსაც დავამატებთ) და ასევე ტრადიციული და ამ ტრადიციებს დაფუძნებული განახლებული სამზარეულო. სხვათა შორის, სამზარეულოს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ვამაყობთ მისით. გვინდა, რომ ჩვენი კერძები გამორჩეული იყოს.
გარდა ამისა, ჩვენი მარანი 3.5 ჰექტარს მოიცავს, სადაც ვენახს 1.5 ჰა უჭირავს, დანარჩენი კი ხილისა და თხილის ბაღებია. სტუმრებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილდნენ მთელს ეზოში და მათთვის კომფორტული ადგილი იპოვონ. აქვე დავამატებ, რომ სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრების შინაურ ცხოველებსაც (რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სხვა სტუმრებს არ უნდა შეუქმნან დისკომფორტი). სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის კუთხეები გვაქვს მოწყობილი – საკოცონე ადგილები, მოსასვენებელი სივრცეები და ა.შ.
ჩვენთან ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. სოფელიც ძალიან ლამაზია, მდინარე ბჟუჟის ხეობით, ხელუხლებელი ტყითა და შუა საუკუნეების მონასტრით, რომლიდანაც ნახევარი გურია ჩანს. ახლომახლოს სხვა მარნებიც არის და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანს ბევრი რამის ნახვა და გასინჯვა შეუძლია. რაც მთავარია, ჩვენგან გომის მთა 20 კილომეტრშია და ზაფხულში მარტივად შეიძლება იქ ასვლა. ასევე ახლოს არის ზღვა, სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზე. ბევრი სტუმარი ჩვენთან რჩება და იქიდან დადის პლაჟზე. მე თვითონ ყოველთვის ვცდილობ იქ ჩავიდე, როცა კი ცოტა დრო გამომიჩნდება. ასევე სიამოვნებით ვიღებთ რჩევებსა და შენიშვნებს, რომელსაც ვაანალიზებთ და ვცდილობთ, სრულყოფილი გავხადოთ აქაურობა.
ფოტოები: Fazekas Cecilia, ილიკო კილაძე, ნინო მაზანიშვილი, მარიამ ხუციშვილი