in

მენთოლის ფერი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში

დღეს მოგიყვებით როგორი შეიძლება იყოს მენთოლის ფერი საცხოვრებელ სივრცეში და მისი სხვა ფერებთან შერწყმის საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

მენთოლის ფერი პირველ რიგში, სინორჩესთან ასოცირდება. ის სივრცეს გაზაფხულის სიგრილით, სიმშვიდითა და ჰაერით ავსებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ გამოვიყენოთ ეს ფერი სწორად.

ფერის თავისებურებები

მენთოლი რთული ფერია. ის მწვანის ცივი ელფერისა და ცისფერის ქვეტონისგან შედგება. მას თავისი გრადაცია აქვს: ნაზი პასტელის ფერიდან ფირუზის ფერამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად  ის ცივ სპექტრს მიეკუთვნება, მენთოლი ბუნებრივი ფერია და თვალი მას ნეიტრალურად აღიქვამს. ამის წყალობით ფერი შესაძლებელია „დავათბოთ“ ან  ზოგიერთ ფერთან ან ფაქტურასთან შერწყმით უფრო გავახალისოთ.

მენთოლს ორი ძირითადი, სიგრილის განცდისა და დამშვიდების ეფექტი აქვს. ამიტომ ის სამხრეთისკენ გამავალ ოთახებსა და ისეთ სივრცეებს უხდება, სადაც მშვიდი და წყნარი ატმოსფეროს შექმნა გვსურს. ამიტომაც მას ხშირად საბავშვო ოთახებისთვის არჩევენ. განსაკუთრებით თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია.

მენთოლი უნივერსალური ფერია, ის თანამედროვე სტილების უმეტესობას უხდება. მენთოლი შედგენილი ფერია, ვიზუალურად ის გახუნებულ ცისფრად ან მწვანედ აღიქმება, ორგანულად ერწყმის ისეთ ვინტაჟურ ინტერიერებს, როგორიც არის შები შიკს, პროვანსს, რეტროს.

მენთოლი ფერების უმეტესობას ბრწყინვალედ ეხამება, მაგრამ კლასიკურად, პასტელურ ტონებთან შერწყმის შემდეგი კომბინაციები ითვლება: თეთრი, ქვიშისფერი, პუდრისფერი, რუხი, ბეჟი და ა.შ. ამასთან ერთად მენთოლი გაჯერებული ფერების ფონზეც კი არ „იკარგება“, ამიტომაც ნეიტრალურ ფონად ან ნათელ აქცენტადაც გამოდგება.

სად და როგორ გამოვიყენოთ

მენთოლი ჯანსაღი ფერია, ის ფსიქიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს და ადამიანს არ აღიზიანებს. ამიტომ შენობაში მისი გამოყენება ნებისმიერ ზედაპირზე, ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი.

მოპირკეთება

სასტუმრო, საძინებელი, შემოსასვლელი, საბავშო და სააბაზანო ოთახებისთვის მინავლებული მენთოლი ძირითად ტონად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მისი საშუალებით ყველა კედლის შეღებვა ან უფრო გაჯერებული ტონით აქცენტური კედლის გაკეთებაა შესაძლებელი.

საინტერესო ხერხია სივრცის მსხვილი ფერადი ლაქების მეშვეობით გაფორმება. ასევე ინტერიერში კედლებზე მენთოლის ფერის დოზირებული გამოყენება და ნეიტრალური ფერებით გაზავება.

მომწვანო-მოცისფრო კედლები ხშირად სააბაზანო ოთახში გვხვდება, ვინაიდან სიახლისა და სისუფთავის ამ სივრცესთან ასოცირება საუკეთესო ვარიანტია. შეღებილი ზედაპირი წყალს მოგვაგონებს, ხოლო თეთრ სანტექნიკასთან, სარკეებთან და პრიალა ზედაპირებთან ერთად ინტერიერი ჰაეროვანი და ვიზუალურად გაზრდილი გამოდის.

ავეჯი

თუ ფერადი მოპირკეთება ზედმეტად თამამი გეჩვენებათ, ინტერიერის გახალისება ფერადი ავეჯითაცაა შესაძლებელი.

სასტუმრო ოთახში ეს შეიძლება სავარძლები, დივანი ან ჟურნალის მაგიდა იყოს. საძინებელში საწოლი და რბილი სათავე. თუ ავეჯი ნათელ აქცენტად გამოიყენება, შესაძლებელია უფრო გაჯერებული შეფერილობის არჩევა.

მენთოლის შეფერილობა ნებისმიერი ზომის სამზარეულოში ორგანულად გამოიყურება. თუ თქვენ ხალისიან ფერებში გარნიტურის შეღებვა გადაწყვიტეთ, მაშინ ვიზუალურ აღქმაზე ზედაპირის ტექსტურა იმოქმედებს. პრიალა ზედაპირი მენთოლის სიგრილეს გაუსვამს ხაზს, ხოლო ხავერდოვანი – პირიქით.

თუ სამზარეულოს ინტერიერის ნეიტრალურ ფერში მოწყობა გსურთ, მორუხო-მოცისფერო ფერში შესაძლებელია გარნიტურის ნაწილი შეიღებოს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მისი ღია ან მაქსიმალურად მშვიდი თეთრით, ღია რუხით ან ბეჟი ფერის დეტალებით  შევსება.

დეკორი

და ბოლოს,  ინტერიერში სინათლის შემოტანის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი დეკორის გამოყენებაა. მისი შეცვლა, მოშორება ან გადანაცვლება მარტივია, ასევე ფერთა შეხამებით გზით პალიტრასთან თამაში.

საცხოვრებელ სივრცეებში შესაძლებელია ღია ფერის ხალიჩის დაფენა, ფარდის დაკიდება, მენთოლის ფერში თეთრეულის არჩევა, დეკორატიული ბალიშები და გადასაფარებელი. ლამაზად გამოიყურება შუშის პატარა ლარნაკები, მაგიდის სანათები და დეკორატიული სანთლები. სამზარეულოში ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს აქსესუარები, ჭურჭელი და ტექსტილი. საინტერესო იდეაა აქცენტური სამზარეულოს წინსაფარი ნეიტრალური ავეჯის ფონზე.

 

 

 

10 გზა, თუ როგორ ავყვეთ ოპტიმისტურ დეკორატიულ ტენდენციებს

ტური ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის ლოს-ანჯელესის სახლში