in

შემოქმედებითი იდეისა და შინაგანი მუხტის ძალით შექმნილი არქიტექტურა — ინტერვიუ მერაბ გუჯეჯიანთან

დღევანდელ სტატიაში არქიტექტორ მერაბ გუჯეჯიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც საინტერესო და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ღვაწლი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ობიექტების განახლება/რეკონსტრუქციაში. დღეს ის Homeis.ge-ს მკითხველს განხორციელებულ პროექტებსა და სხვა მრავალ საინტერესო საკითხზე უამბობს.

როდის დაინტერესდით არქიტექტურით და იქონია თუ არა გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე იმ  გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?  

მომავალი პროფესიისადმი ინტერესი ბავშვობიდან გამიჩნდა. სკოლაში ხატვასა და ხაზვას კარგად ვსწავლობდი, წარჩინებულ მოსწავლედ ვითვლებოდი. სწორედ ჩემმა მასწავლებელმა შეამჩნია ხაზვის ნიჭი და “პიონერთა სასახლეში” მირჩია მისვლა, სადაც სხვადასხვა წრეზე, მათ შორის, არქიტექტურის ჯგუფშიც დავდიოდი. არქიტექტურულმა წრემ გარკვეული საბაზისო ცოდნა მომცა და ამ სფეროსადმი ინტერესი გამიღრმავა, რამაც საბოლოო არჩევანისკენაც მიბიძგა. შეიძლება ითქვას, რომ ხატვისა და ხაზვის პედაგოგმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე.

საცხოვრებელი სახლი კაკლებში

გვიამბეთ განვლილ კარიერულ გზაზე, რომელმაც თქვენი ცხოვრება განსაზღვრა

1981 წელს დავამთავრე სკოლა, ბოლო კლასებში უკვე გადაწყვეტილი მქონდა არქიტექტორობა. იმ პერიოდში ეს პროფესია ძალიან პოპულარული იყო, ამიტომ დიდი კონკურენციის გამო პირველ წელს ვერ მოვხვდი, შემდეგ კი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ჩავაბარე. ძალიან გამიმართლა, რომ ბატონი შოთა ბოსტანაშვილი მასწავლიდა. ის იყო გენიალური ადამიანი და პედაგოგი, რომელიც ჩვენში არქიტექტურისადმი განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს აღვივებდა. მუდამ იმეორებდა, რომ არქიტექტურა, პირველ რიგში, შემოქმედებაა და შემდგომაა ტექნიკური დარგი. შემოქმედება კი სინთეზურია და ყველა სფეროს მოიცავს, ამიტომ საათობით ვსაუბრობდით პოეზიაზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე. კარგად მახსოვს, სწორედ მან გვირჩია 1986 წელს „ცისფერ გალერეაში“ პირველი აბსტრაქტული ნახატების გამოფენის ნახვა (რომელიც იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირში, იკრძალებოდა). სწორედ ასე ცდილობდა ჩვენში გარკვეული იმპულსის გაღვიძებას, რათა არქიტექტურისათვის შემოქმედებითად შეგვეხედა. ვფიქრობ, დიდწილად, ბატონი შოთას დამსახურებაა, რომ პროფესიას არ ვუღალატე, რადგან ბევრმა ჩემმა კურსელმა თუ ნაცნობმა სხვა სფეროში განაგრძო მოღვაწეობა.

საცხოვრებელი სახლის პროექტი

1988 წელს, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, განაწილებით ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, ადაპტაციის განყოფილებაში მოვხვდი, რომელიც ისტორიულ ძეგლებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მუშაობდა სარესტავრაციო/სარეკონსტრუქციო მიმართულებით. საინტერესო პროექტები განვახორციელეთ ბეთლემის ქუჩაზე, ავლაბარში, კალა უბანში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში კულტურულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება მივიღე, რაც დღემდე გრძელდება.

საცხოვრებელი სახლის პროექტი

1989-90-იანი წლებიდან ყველაფერი აირია, სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ პერიოდთან დაკავშირებით მძაფრად მახსოვს ერთი კადრი, რომელიც ძალიან სიმბოლურია და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს აღწერს — სამსახურში აკვარიუმი გვქონდა, ამიტომ მე და ჩემი თანამშრომელი თევზების გამოსაკვებად  შევიპარეთ შენობაში (ომის გამო სამსახურში ვეღარ დავდიოდით). ოთახში ყველაფერი განადგურებული დაგვხვდა, მკვდარი თევზები იატაკზე ეყარა, ფანჯრის რაფაზე ქვიშის ტომრები ეწყო,  ადგილი საომარ ობიექტად ქცეულიყო, ეს სანახაობა სიურრეალისტურ სურათს ჰგავდა…

რადგან არქიტექტურა აღარავის აინტერესებდა, ბევრმა ბიზნესზე დაიწყო ფიქრი. მეც, მეგობართან ერთად, ცვილის ფიგურების გამოფენა გავაკეთე. ამ ნამუშევარმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მოსკოვშიც წავიღეთ გამოსაფენად, სადაც უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ და შვეიცარიაში შემოგვთავაზეს ფიგურების გამოფენა. ასე აღმოვჩნდი უცხოეთში, სადაც ნამუშევრების გამო ორი თვე დავრჩი. ამ დროის განმავლობაში ჩემი პროფესიით პატარ-პატარა პროექტებს ვაკეთებდი, სანაცნობო წრე გავიჩინე და უკვე გამოფენის შემდეგ პერიოდულად ჩავდიოდი შვეიცარიაში სამუშაოდ. მოგვიანებით, სამუშაო ვიზაც მოვიპოვე და იქ ერთ-ერთ არქიტექტურულ სახელოსნოში დავსაქმდი. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი თანამდებობა მეკავა, ის ხელფასი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ფული იყო. პროფესიულადაც განვვითარდი — არქიტექტურულ პროგრამებს, რომელიც უცხოეთში ახალი შემოსული იყო, პირველად იქ გავეცანი. შვეიცარიაში ყოფნისას გავიგე დემოკრატიული წყობისა და დასავლური ღირებულებების ფასი, რაც საქართველოსთვის უცხო იყო. მახსოვს, როდესაც ჩამოვდიოდი და ქალთა უფლებებსა და ფემინიზმზე ვსაუბრობდი, არასერიოზულად უყურებდნენ ამ თემებს.

შემდეგ ისე მოხდა, რომ სამსახურში კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო შვეიცარიაში დარჩენა, სხვადასხვა ფაქტორის გამო საქართველოში დაბრუნება ვარჩიე — აქ ომი დასრულებული იყო, კვალავ აქტუალური გახდა ეს სფერო, მივხვდი, ჩემი პროფესიით ცხოვრებას შევძლებდი. ოჯახის შექმნის სურვილიც გამიჩნდა. გავიაზრე, რომ უცხოეთში, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაბალი რანგის არქიტექტორი ვიყავი (მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ მაგრძნობინებდა). იქ ყველაფერი აშენებული და მოწესრიგებული იყო, ჩვენი ქვეყანა კი დანგრეული და აღსადგენი – ამ ყოველივემ საქართველოში დაბრუნებისკენ მიბიძგა.

კერძო საცხოვრებელი სახლის პროექტი

2005 წელს სამ პარტნიორთან ერთად, არქიტექტურული და საპროექტო კომპანია „Architects & co“ დავაარსე. ჩვენი მიზანი არ არის ბევრ ობიექტზე ერთდროულად მუშაობა. ვფიქრობთ, რომ არქიტექტურა ინტიმური და შემოქმედებითი საქმეა, ამიტომ, თუ თითოეული სანტიმეტრი არ გავიაზრე ვერ ვისვენებ.  პარალელურად ხუთ-ექვს პროექტზე მუშაობისას კი ეს ჭირს, ფიზიკურად ვერ ვაკონტროლებ ყველაფერს. ამგვარად, ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა, ვმუშაობთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაკვეთებზე და აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში.

რას ნიშნავს თქვენთვის არქიტექტურა?  

მე ჩემს მასწავლებელს დავეთანხმები, არქიტექტურა შემოქმედებითი დარგია. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში მთავარია პრაქტიკულობა, ფუნქციონალიზმი, სილამაზე კი პირობითი ცნებაა. მე კი მგონია, რომ უმთავრესი იდეაა, მის გარეშე შენობა უბრალოდ თავშესაფარია. არქიტექტურა თავისთავად გულისხმობს შემოქმედებით მუხტს. არცერთი არქიტექტორი არ შესულა ისტორიაში კარგად განათებული, ფუნქციონალურად გამართული ნაგებობების გამო, ყველა დროში მნიშვნელოვანი იყო დიზაინი და ესთეტიკა. თუმცა ცხადია, ყოველთვის ვერ გექნება შემოქმედებითი თავისუფლება. გარკვეულ ჩარჩოებში ექცევი, ყველა პროექტში ვერ ჩადებ შენს სულს, მაგრამ ნამუშევარს უნდა ეტყობოდეს, რომ ის გარკვეული იდეის მატარებელია, მას უნდა ჰქონდეს ღერძი, რომლის გარშემოც ყველაფერი აიკინძება.

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით? 

როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ობიექტზე მიმუშავია, მათ შორის, აღმაშენებლის რესტავრაციაზე. თუმცა ამ პროექტებიდან მინდა გამოვარჩიო ლეღვთახევის რეკონსტრუქცია, რომელიც ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ძველი აბანოების გვერდით არსებული ტერიტორია მოასფალტებული და მანქანებით გადავსებული იყო, ლეღვთახევის წყალი კი გვირაბში გამოდიოდა. მთელს მსოფლიოში უკვე არსებობს ტენდენცია, რომ მდინარის ბეტონებით გამაგრება არ შეიძლება, მას უნდა მისცე თავისუფლად მოძრაობის საშუალება და ლანდშაფტის განვითარებას შეუწყო ხელი. იმდროინდელი მთავრობის დავალებით, ამ ადგილზე მასშტაბური ცვლილებები არ იგეგმებოდა — გზა უნდა მოგვეკირწყლა, ბილიკები მოგვეწესრიგებინა, ლამაზად მოგვეწყო.  პარალელურად, ვერეს ხეობაშიც ახალი გზა გაჰყავდათ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. მე სამთავრობო ორგანოები ერთგვარად დავაინტერესე, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა ლეღვთახევში მდინარის გახსნა და ტურისტული ცენტრის შექმნა. სწორედ ამიტომ, ნახევარ წელიწადში დასასრულებელი საქმე, სამ წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, ეს სახე მიიღო. ახლა ასფალტის მაგივრად საფეხმავლო ბილიკებია გაყვანილი, მდინარისა და ჩიტების ხმა ისმის. მდინარის გაცოცხლებამ მთლიანად შეცვალა მიდამო. შედეგმა ადგილობრივების დიდი კმაყოფილებაც გამოიწვია, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან და სხვადასხვა ისტორიას მიყვებოდნენ ამ ტერიტორიისა თუ მდინარის შესახებ. როგორც ჩანს, წლების წინ ამ ადგილს საბანაო ფუნქცია ჰქონდა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებდნენ. ამ პროექტით თითქოს ძველი თბილისის სული თავიდან გაცოცხლდა…

ასევე, მინდა გამოვყო „ახალი ნათების“ პავილიონი დიღმის ტრასაზე, რომელიც 2002 წელს გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადმოსახედიდან ბევრი რამის შეცვლა შეიძლება (განსხვავებულ მასალებს, ახალ ტექნოლოგიებს გამოვიყენებდი), მაინც მგონია, რომ ამ პროექტში კარგად იგრძნობა ის იდეა და შინაგანი მუხტი, რომლის გარშემოც უნდა აიგოს ობიექტი. მისი კონცეფცია თავისთავად საინტერესოა — ბეტონის კედელს, რომელიც სტატიკურია, ზემოდან „დადგმული“ აქვს  თავისუფალი ფორმის სახურავი, რომელიც მოძრაობის, ცეკვის შთაბეჭდილებას ტოვებს. კოლონები გადახრილია და არცერთი ხაზი ერთმანეთის პარალელური არ არის. სტატიკისა და დინამიკის საინტერესო სინთეზი იჩენს თავს და თითქოს აბსტრაქტული ნახატი იქმნება. გეგმაზე კარგად ჩანს მთავარი ღერძი, რომელიც ხერხემალივით აერთიანებს შიგნით არსებულ ხიდებს, პანდუსებს, კიბეებს  და ნაგებობას ერთიან სახეს აძლევს.

“ახალი ნათება”

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სვანეთში განხორციელებული პროექტები და მესტიის რეკონსტრუქცია. სვანეთში ჩემი „დაბრუნება“, მეგობრისა და შვეიცარიელი პარტნიორის, მარკუს როტლისბერგერის დამსახურებაა. შვეიცარიაში ყოფნისას გამოფენას ვაწყობდი, ქართულ კულტურას — ღვინოს, მუსიკასა და ჩემს ნამუშევრებს ვაცნობდი უცხოელებს და საქართველოშიც ვეპატიჟებოდი. ასე ჩამოვიდა 1997 წელს 15 კაციანი ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი, მარკუსი, განსაკუთრებით მოიხიბლა სვანეთით და სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციების მოძიება დაიწყო, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ რეგიონის განვითარებაზე. ასე ავაგეთ მულახში დიდი საამქრო, ამბულატორია, აგრარული ობიექტები. ამ დროს გამოვისყიდე სვანეთში ბაბუაჩემის სახლი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაში იყო და იქ საცხოვრებელი-სამუშაო სივრცე მოვაწყვე. პროფესიულადაც განვვითარდი — გავეცანი შვეიცარიულ მიდგომებსა და ახალ ტექნოლოგიებს იმის შესახებ თუ როგორ ხდება ბიო-ტუალეტების მოწყობა, ჰიდროსაიზოლაციო მასალის ფიქლის ქვეშ გამოყენება, ეკოლოგიური პრინციპების დაცვა.

შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ სვანეთის მასშტაბური რესტავრაცია დაიწყო, ამ პროექტში აღმოვჩნდი. აქტიურად ვმუშაობდით მესტიის რეკონსტრუქციაზე. ცხადია, გარკვეული შეცდომები დავუშვით, რაც ყოველთვის ხდება, მის გარეშე წარმოუდგენელია მუშაობა, მაგრამ ვცდილობდი, მაქსიმალური სიზუსტითა და უსაფრთხოების წესების დაცვით შემესრულებინა პროექტის ის ასპექტები, რაც უშუალოდ მე მეხებოდა. იმ დროს განვაახლეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები, რასაც გარკვეული კრიტიკა მოჰყვა, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია, რადგან უსახურ ნაგებობებს ახალი სიცოცხლე შევძინეთ. სადაო საკითხია ვაჟა მელიქიშვილის თამარ მეფის ძეგლიც, რომელიც მე ძალიან მომწონს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

მესტიის რეაბილიტაცია

თამარ მეფის ძეგლი

ჩემი გუნდის გაკეთებულია ლანჩვალის უბნის რეკონსტრუქციაც. მესტიის კიდევ ერთი ისტორიული ნაწილია ლაღამის უბანი, სადაც რთულ რელიეფზე ტერასული ეზოები გვხვდება, რაც სვანეთისათვის იშვიათია. მისი პროექტიც მზად გვაქვს, ტენდერშიც გავიმარჯვეთ სამი წლის წინ, მაგრამ იმის გამო, რომ საკმაოდ კომპლექსური რეგიონია, ჯერ ვერ ხერხდება სამუშაოების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისა და ადგილობრივების მხრიდან ამის დიდი სურვილია. ვფიქრობ, ეს პროექტი უფრო დახვეწილია, მეტი დრო გვქონდა ფიქრისთვის, და თითოეული დეტალის გასათვალისწინებლად. იმედი მაქვს, მალე განვახორციელებთ.

ახლახან გავაკეთეთ ლიმბახის ლაბორატორია, დასრულებული გვაქვს არაერთი საცხოვრებელი სახლი და ვმუშაობთ აქტიურად სხვადასხვა მიმართულებით.

ლიმბახის ლაბორატორია

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურას? რა პრობლემების წინაშე დგას ის?  

შეიძლება ანალიტიკოსი არ ვარ, მაგრამ როგორც პრაქტიკოსი არქიტექტორი, ვიტყოდი, რომ დიდი ქაოსია ამ სფეროში. ცხადია, არის იმის მცდელობა, რომ ეს განუკითხაობა როგორღაც დალაგდეს, მაგრამ მაინც ბევრია სამუშაო, რადგან ქალაქგეგმარებითი ინსტიტუტი ფაქტობრივად არ გვაქვს. გენგეგმა, რომელიც გაკეთდა კარგია, მაგრამ მუდმივად საჭიროებს განვითარებას. ნებისმიერ რეგიონში გარემო ზიანდება. აკრძალული მშენებლობები, არაჯანსაღი მასალები, ლანდშაფტის იერსახის შელახვა — ეს ყველაფერი ამ დრომდე მთავარ პრობლემებად რჩება.

საცხოვრებელი სახლი საგურამოში

მაგალითად, საფრანგეთში არის ერთი სოფელი, რომელსაც, სახელმწიფოს უფლებამოსილებით,  თავისი საპროექტო აქვს და შესაბამისი რეგულაციებით ხელმძღვანელობს. აქ მშენებლობა მხოლოდ ნატურალური მასალებითაა ნებადართული — ქვით, ფიქლითა და ხით. სწორედ ეს ნორმები უნარჩუნებს სოფელს ავთენტურ სახეს, ფასეულობებს, ისტორიას, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველია.  ჩვენთან ამის საწინააღმდეგო ხდება. სვანეთში სავალალო მდგომარეობაა. მაგალითად, უშგულში, თამარ მეფის საზამთრო რეზიდენციის ადგილას, ერთ კოშკი და პატარა ბაზილიკაა, ორი კოშკი კი დანგრეულია. ეს ანსამბლი სვანეთის გვირგვინია, მისი აღდგენის მცდელობა მქონდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ, ძეგლთა დაცვის სამინისტროში დიდი ბიუროკრატიაა, განსაკუთრებით უფრთხილდებიან ასეთ ობიექტებს. მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ნაგებობის უკან ადგილობრივი აშენებს სასტუმროს, რომელიც სრულიად აცდენილია ზოგად კონტექსტს — ჩახუჭუჭებული ლითონის მოაჯირები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც არღვევს ისტორიულ-კულტურულ სახეს. ვფიქრობ, ეს დანაშაულია, ორ-სამ სართულიან საცხოვრებელ სახლებში კოშკები აღარ  ჩანს, მთლიანად იკარგება სვანეთის გამორჩეულობა. სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ამგვარ უმისამართო მშენებლობას. ეს მარტო ამ რეგიონში არ ხდება, თბილისშიც მსგავსი სიტუაციაა, უბრალოდ სვანეთში მკაფიოდ ჩანს, ქალაქში კი დიდი ქაოსია და ნაკლებად აღიქმება თვალისთვის.

დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?

ახალგაზრდებთან საკმაოდ აქტიური შეხება მაქვს. წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი არქიტექტურას. პირველ რიგში, დიდი პრობლემა გვაქვს განათლების კუთხით. არქიტექტურის ფაკულტეტზე სტუდენტს 45 წუთიანი 4 ლექცია უტარდება კვირაში, რაც ძალიან ცოტაა. შეუძლებელია ამ დროში მას სრულყოფილად მიაწოდო მასალა, განიხილო თითოეული ესკიზი, თან მაშინ, როდესაც ლექციაზე 30-40 კაცი გესწრება. ერთი ლექტორი ამდენ მოსწავლეს სათანადო ყურადღებას ფიზიკურად ვერ მიაქცევს, ასეთი სწავლება ზედაპირულია. თუ ვინმე რამეს აღწევს, ისევ საკუთარი მცდელობითა და მონდომებით. ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევდი, თავდაუზოგავად იშრომონ, მათი მიზანი არ უნდა იყოს საშუალო არქიტექტორობა. პირიქით,  ძლიერი პროფესიონალები უნდა გახდნენ და რაღაც ახალი შექმნან.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია შინაგანი მუხტის გაღვიძება. როგორც უკვე აღვნიშნე, გამიმართლა და მყავდა ისეთი პედაგოგო, რომელმაც შემოქმედებითი იმპულსი გამიჩინა. ამიტომ ახალგაზრდები უნდა ეცადონ, თუ გარემო ხელს არ უწყობთ, როგორმე თავად შექმნან, ეძიონ ის მთავარი წერტილი, რისთვისაც ღირს ამ პროფესიაში ყოფნა. დღეს ამის უამრავი საშუალებაა.

გამოცდილებამ მასწავლა, რომ პროექტირებისას თუ რაიმეს უგულისყუროდ აკეთებ, თუნდაც მცირე, უმნიშვნელო დეტალს, ეს აუცილებლად წინ დაგხვდება. უნდა ეცადო, ობიექტი ბოლომდე გააზრებული და გაანალიზებული გქონდეს, რათა ის სრულყოფილად წარმოაჩინო. კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პროცესში იდეაა მთავარი, მის ირგვლივ ვითარდება ყველაფერი. შენს შემოქმედებითობას უნდა მისცე გამოვლინების გზა და ხელოვანის თვალით შეაფასო პროექტი, ცხადია, სადაც ამის შესაძლებლობა გაქვს.

საცხოვრებელი სახლი კიკეთში

ავტორი: მეკო მეტრეველი

ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ალუმინის ვიტრაჟული ტიხრით შექმნილი განსაკუთრებული გარემო ინტერიერში