in

მეტალის ბადე — მახასიათებლები, უპირატესობა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

მეტალის ბადე მრავალფუნქციური მასალაა, რომელიც ინტერიერსა და ექსტერიერში აქტიურად გამოიყენება. ის განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს ნებისმიერ სივრცესა თუ დიზაინ ობიექტს და მის დაცულობას უზრუნველყოფს. მეტალის ბადე თანამედროვე დიზაინში რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს:

ფუნქციური მრავალფეროვნება — მეტალის ბადე მრავალმხრივი პროდუქტია, მისი გამოყენება შესაძლებელია შენობის ფასადებზე, ღობეებზე, მოაჯირებზე, კიბეებზე, ტიხრების სახით, კონდიციონერების, მრიცხველების შესაფუთად, ასევე ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებზე. მისი საშუალებით მოპირკეთებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე კომერციული ობიექტები და სხვადასხვა დაწესებულებები.

ესთეტიკური მომხიბვლელობა — ლითონის ბადე ექსტერიერსა თუ ინტერიერს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს და მას თანამედროვე, დახვეწილ დიზაინს სძენს. მისი გამოყენება გარე და შიდა ზონებში სივრცის მთლიანობას უზრუნველყოფს და საცხოვრებელს ერთიან, დასრულებულ იერსახეს ანიჭებს. ამასთანავე, ექსტერიერში ბუნებასთან კავშირს ინარჩუნებს და მას ჰარმონიულად ერწყმის. ავეჯის დეტალებსა თუ ინტერიერის ტიხრებზე LED განათებასთან ერთად, ულამაზეს ელფერს სძენს სივრცეს და მიმზიდველ შუქ-ჩრდილებს წარმოქმნის.

უსაფრთხოება — იმის გამო, რომ ლითონის ბადე საკმაოდ მყარი და მედეგი მასალაა, სპეციალურად დამუშავებული ზედაპირის წყალობით კი კოროზიისა და ჟანგისგან დაცულია, აქტიურად გამოიყენება აივნებზე, კიბის მოაჯირებსა და ღობეებზე, რადგან საკმაოდ ეფექტურ, უსაფრთხო დამცავ ბარიერს უზრუნველყოფს და შიდა სივრცეს გარე პირებისა თუ ცხოველებისგან იცავს. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, მეტალის ბადე მილ-კვადრატის მოაჯირის ნაცვლად გამოიყენება, რადგან მრავალფეროვანი დიზაინიდან გამომდინარე, დაბალი ხილვადობის ბადე პატარა არსებებისთვის და ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა და მათი დაზიანების რისკი ძალიან დაბალია. ასევე, საკმაოდ აქტუალურია ავეჯზე მინის ნაცვლად მეტალის ბადის გამოყენება, რაც ეს მასალა მის დაცულობასა და სიმყარეს უზრუნველყოფს.

ვენტილაცია და ჯანსაღი გარემო — ლითონის ბადე იდეალურია იმ ადგილებისთვის, სადაც ბუნებრივი განათება და ვენტილაცია აუცილებელია. მისი გამოყენებისას სივრცე არ იხუთება და სუფთა ჰაერით მუდმივად ნიავდება. ამასთანავე, ბადე ბუნებრივი სინათლის წყაროს არ ახშობს და ექსტერიერსა თუ ინტერიერში სასიამოვნო შუქ-ჩრდილს ქმნის. ამიტომ, მომხმარებლები ბეტონის მოაჯირებსა თუ ღობეებს ხშირად ამგვარ ბადეებს ამჯობინებენ, რადგან ვენტილაცია ეფექტურად მოქმედებს და სივრცე არ იხუთება. ასევე, დეკორატიული ღობის შემთხვვაში, ბადის ღიობებზე მარტივად თავსდება ამყოლი მცენარეებიც და დეკორატიული, ფოთლოვანი ბარიერი იქმნება, რაც ექსტერიერს განსაკუთრებით ალამაზებს.

მეტალის ბადე, რომელიც ბაზარზე 30-მდე განსხვავებული დიზაინითაა წარმოდგენილი, 3D ეფექტის მქონეა, რაც ხილვადობის განსხვავებულ მაჩვენებელს და კუთხეებიდან განსხვავებულ ხედვას უზრუნველყოფს. 3D  ბადეს უსწორმასწორო, რელიეფური ზედაპირი აქვს, რაც ბადის ღიობების (რომბების) დაცერებითაა განპირობებული და ე.წ. ჟალუზის ეფექტს ქმნის. რომბის ჭრილები იმდენად დახრილი და დახურულია, რომ ზემოდან წყალს არ ატარებს, შესაბამისად, თვალისთვისაც უხილავია. ქვედა მხრიდან კი  რომბები გახსნილია, ამიტომ ამ კუთხიდან ხილვადობის მაჩვენებელი მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ჟალუზის ეფექტის მქონე ზედაპირი ზედა მხრიდან უხილავი, ქვედა მხრიდან ხილული, ხოლო პირდაპირი კუთხით ნაწილობრივ ხილულია. აქედან გამომდინარე, 3D მეტალის ბადეს ხილვადობის განსხვავებული პროცენტული მაჩვენებელი აქვს,ზოგს შესაძლოა  19%, ზოგს კი 78% ჰქონდეს, რაც ღიობების დახრილობაზეა დამოკიდებული (მაღალი ხილვადობის ბადეს უფრო სწორი ზედაპირი აქვს, დაბალი ხილვადობისას კი უსწორმასწორო).

ამგვარი ბადის მონტაჟი საკმაოდ მარტივია და განსაკუთრებულ სპეციფიკას არ საჭიროებს. ის ადვილად თავსდება კუთხოვანას, მილ-კვადრატის ან ხის ჩარჩოში შედუღებით  ან საჭერების მეშვეობით (ისეთ ადგილებზე, სადაც შედუღება ვერ მოხერხდება). შესაბამისად, ხელოსნები უპირატესობას ანიჭებენ მეტალის ბადის გამოყენებას, რადგან მისი ინსტალაცია საკმაოდ სწრაფად და მარტივად ხდება. წინასწარ გამზადებული ბადის ნაჭრები  ადვილად ემაგრება შესაბამის ჩარჩოს და არ საჭიროებს დამატებით ჭრასა თუ აზომვას.

რაც შეეხება მასალის ღირებულებას, 1 მ2 ბადის ფასი დაახლოებით 35 — 85-ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ბადის ხილვადობის მაჩვენებელზე და ღიობების ზომაზე. დაბალი ხილვადობისა და პატარა ღიობების მქონე ბადის ღირებულება, 1 მ2-ის შემთხვევაში, საშუალოდ, 75 ლარს შეადგენს, მაღალი ხილვადობისა და დიდი ღიობების მქონე მასალის ფასი კი, საშუალოდ, 40-45 ლარია (1 მ2). მონტაჟის საფასური სამონტაჟო ადგილისა და ობიექტის სირთულის მიხედვით გამოითვლება, თუმცა დაახლოებითი ღირებულება,1 მ2-ის შემთხვევაში, 160-დან 400 ლარამდ მერყეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რემონტის გამოცდილება: სოფო ბოლქვაძის რჩევები

„ღიაობის“ პრინციპით შექმნილი საცხოვრებელი „მწვანე ქალაქი ლისზე“ – რიკარდო ბოფილის პროექტი საქართველოში