in

განსხვავებული ფორმების არქიტექტურა — ინტერვიუ მიხეილ გიორგობიანთან

  • საპროექტო სტუდია „MHD group”-ის დამფუძნებელი მიხეილ გიორგობიანი თანამედროვე ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება განსხვავებული, სახასიათო გადაწყვეტილებებით და გეომეტრიული ფორმებით ხასიათდება. ყოველ პროექტში ის სიახლის შეტანას ცდილობს და გარემოსთან სინთეზით მომხმარებელზე მორგებულ ნამუშევარს ქმნის. როგორც თავად გვიამბობს, არქიტექტურით მისი დაინტერესება მხატვრობას და ქართული არქიტექტურის სიყვარულს უკავშირდება. ერთი შეხედვით უბრალო გატაცება კი შემდგომში მის პროფესიულ არჩევანად იქცა. დღეს თვლის, რომ მისი ხელოვნებისადმი სიყვარული საინტერესოდ „ითარგმნა“ არქიტექტურაში, რომელმაც შემოქმედების თვალსაზრისით დიდი თავისუფლება მიანიჭა. დღევანდელ ინტერვიუში მიხეილ გიორგობიანს გაგაცნობთ და მისი მოღვაწეობისა და კარიერული გზის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ. 

მიხეილ, პირველ რიგში გვიამბეთ, როდის დაინტერესდით არქიტექტურით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ბავშვობაში მხატვრობით ვიყავი გატაცებული და ალბათ ამან განაპირობა არქიტექტურით დაინტერესებაც. თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, მხატვარი გამხდარიყავი. იმ პერიოდში სიამოვნებას მანიჭებდა ძველ თბილისში შენობების დათვალიერება, მარტო სიარული… ვერც კი ვხვდებოდი, როგორ გადიოდა დრო. ბავშვობისას, 90-იან წლებში, ვხედავდი არქიტექტურის ჩვენ ძველ და მდიდარ მემკვიდრეობას, 70- 80-იანი წლების შთამბეჭდავ შენობებს, ახლა კი არაფერი შენდებოდა. მინდოდა ჩვენთანაც მენახა ის, რასაც იმ პერიოდში ფილმებსა თუ ჟურნალებში ვხვდებოდი. სურვილი გამიჩნდა, ამ პროცესის მონაწილე მეც ვყოფილიყავი, სწორედ ამან გადამაწყვეტინა არქიტექტორობა, იმის მიუხედავად, რომ მაშინ ამ სფეროში დიდი პერსპექტივა არ იყო.

პროფესიის არჩევისას გადაწყვეილება რამდენჯერმე შევიცვალე. სკოლის და უნივერსიტეტის პარალელურად როკ მუსიკით ვიყავი დაინტერესებული და ვფიქრობდი, კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელებას, რაც რთული აღმოჩნდა. ჩვენი როკ ჯგუფი — „გზაჯვარედინი“ მძიმე მეტალს უკრავდა, ეს ჟანრი იმ პერიოდში (90-იანი წლების ბოლოს) ჩვენთან დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, საზღვარგარეთაც არ წავედი… საბოლოოდ, მაინც არქიტექტურის მიმართ ინტერესმა გადაწონა ჩემი არჩევანი. ზოგადად, მგონია, არ აქვს მნიშვნელობა ხელოვნების რა სფეროში მოღვაწეობ, საკუთარი სათქმელის გამოხატვა ყველგან შეიძლება იქნება ეს მუსიკა, მხატვრობა თუ არქიტექტურა. ასე რომ, როკ-ენ-როლის გადატანა არქიტექტურაშიც შესაძლებელია…

გაიხსენეთ თქვენი განვლილი გზა, რა გარემოებებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა?

1997 წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში. მიუხედავად იმისა, რომ აქ სწავლას ბევრი დადებითი მხარე და ნაკლოვანებები ჰქონდა, საბოლოოდ მაინც იძლეოდა იმ სასტარტო ცოდნასა და უნარებს, რაც შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის იყო აუცილებელი. ჩემ გარშემო იყვნენ ლექტორები, რომლებიც საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე ცდილობდნენ, მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ სტუდენტებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნივერსიტეტში ვისწავლე, იყო სწორი მიდგომა ამ პროფესიის მიმართ — იმისათვის, რომ შენობის არქიტექტურა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ხშირად საჭიროა არსებული ჩარჩოების უგულებელყოფა, ზოგჯერ კი პირიქით – გარემოზე მაქსიმალურად მორგება.

როგორც ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ამბობდა, არქიტექტურა შეცდომებს არ პატიობს. ყველა შენობას საკმაოდ დიდი საექსპლუატაციო ვადა აქვს და დაშვებული შეცდომა შეიძლება ძალიან დიდი ხნით ქალაქის გარემოსა და იერსახეზე აისახოს. ამიტომ მგონია, რომ ამ პროფესიაში მაქსიმალურად მართალი და დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ გადაწყვეტილებებში. ცხადია, ყველა შენობა შედევრი ვერ იქნება, თუმცა ამ დამოკიდებულებით უფრო მეტად შეიძლება სწორი მიმართულებით განვითარება.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რამდენიმე არქიტექტურულ სტუდიაში, ამ საპროექტოებიდან შემიძლია გამოვყო „არტ სტუდიო პროჯექტი“, სადაც ყველაზე დიდ ხანი დავყავი (დაახლოებით 6 წელი) და თენგიზ კვანტალიანისა და დავით ვაშაკიძის სტუდია, სადაც ასევე დიდი გამოცდილება მივიღე. 2012 წელს საკუთარი საპროექტო კომპანია „MHD group” დავაარსე, რადგან უკვე წლები ვმუშაობდი საავტორო პროექტებზე სხვა საპროექტოს სახელით. ამიტომ გადავწყვიტე, დრო იყო, საკუთარი სტუდია მქონოდა და აქტიურად შევუდექი ამ კუთხით მუშაობას.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, რა არის მთავარი მუშაობის დროს?

ჩემთვის არ არსებობს კონკრეტული ფორმულა, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, მოცემულობას მაქსიმალურად გავყვე და შემდეგ მისი შესაბამისი ფორმა მოვნახო, რომელიც მე გამართლებულად მიმაჩნია გარემოს გათვალისწინებით. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები არის მცდელობა, შექმნას ახალი, განსხვავებული და საინტერესო არქიტექტურა იმ გარემოსთვის, სადაც ის ხორციელდება, იყოს გამორჩეული სხვა შენობებისგან და რაც მთავარია, მოერგოს მომხმარებლებსა თუ უბრალოდ ქალაქის მაცხოვრებლებს და მათთვის საინტერესო გახდეს.

მგონია, ჩემი ნამუშევრები ხშირად გამოირჩევა არც ისე სტანდარტული ფორმებით და გადაწყვეტილებებით. ყველა პროექტში განსხვავებული ხედვა და სათქმელია ჩადებული. პროექტის იდეაც შესაძლებელია ხანდახან ადგილობრივი ტრადიციული მასალებისგან ან ფორმებისგან მომდინარეობდეს. ან ხაზი გაესვას ძირითადი ფორმის არაორდინალურობას. მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც კონცეფცია საინტერესო ხედვის წერტილებით იყო ნაკარნახევი, რომლებიც ქალაქის სხვა ნაწილზე იკვეთებოდა. არ მინდოდა, შენობას ეს წერტილები დაეფარა და არქიტექტურული ფორმაც აქედან გამომდინარე შეიქმნა. მუშაობის დროს შთაგონების წყარო შეიძლება მუსიკაც გახდეს და მისი განწყობა ხელოვნების სხვა ჟანრში გადავიტანო. ამიტომ ეს პროცესი ძალიან მრავალფეროვანია.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვა პროექტებისგან? რა გამორჩეული ნიშნებით ხასიათდება ისინი? 

ჩემი ნამუშევრები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, რაც ვფიქრობ, ჩემს ხელწერად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, ერთი ხელწერა ყველა დამკვეთისათვის მისაღები იყოს, თუმცა ძირითადად, რაც ამ ნამუშევრებს აერთიანებს, არის შედარებით რთული გეომეტრიული ფორმების ერთი კომპოზიციური გადაწყვეტა, სადაც თითოეული ფორმა ერთმანეთს უკავშირდება და ერთ მთლიანობას ქმნის. ბევრ შენობას ჰყავს თანაავტორი, უმეტესად გუნდურად ვმუშაობ. შესაძლებელია ამ თანაავტორობაში ვიღაცის წვლილი მეტი ან ნაკლებიაა, მაგრამ საერთო არქიტექტურული გადაწყვეტა ერთია. აქ ერთმა პატარა დეტალმაც შეიძლება პროექტი რადიკალურად შეცვალოს, ამიტომ ყველა ადამიანის ჩართულობა და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია. პროექტირებაში დიდი როლი აქვთ კონსტრუქტორებსაც, რომელთა გარეშეც ორიგინალური იდეის განხორციელება შეუძლებელია. ასევე სხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც პროექტის სრულყოფაში იღებენ მონაწილეობას.

თქვენი პროექტებიდან გამოარჩევდით რომელიმე ნამუშევარს?

ყოველთვის ყველაზე საინტერესო მიმდინარე პროექტია, შემდეგ იწყება ახალი მშენებლობები, სადაც ახალი გამოწვევები იჩენს თავს და ნაკლები დროა იმაზე საფიქრად, თუ რომელია უკეთესი მათ შორის. ყველა ჯერზე ვცდილობთ, საუკეთესო გავაკეთოთ. ყოველთვის შესაძლებელია არ გამოვიდეს, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ. არის ნამუშევრები, რომლებიც კარგი ესკიზური შეთავაზებით იწყება, თუმცა შემდეგ სხვადასხვა მიზეზით იცვლება. ასეთი პროექტები ბოლომდე მიმყავს, მაგრამ ჩემთვის საინტერესო პროექტების სიაში არ ხვდება და არც განვიხილავ საკუთარ შემოქმედებად.

მოდით ვისაუბროთ ზოგადად არქიტექტურაზე. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში არქიტექტორობა და რა ელის მომავალში ამ პროფესიას?

არქიტექტურა ყველა საუკუნეში ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება, იცვლება მხოლოდ გამოხატვის ფორმა მასალებისა და განვითარების შესაბამისად. 21-ე საუკუნე საშუალებას იძლევა, შენობები უფრო მეტად გარემოსა და ადამიანს მოვარგოთ. ასევე უფრო მარტივი ხდება იმ ჩანაფიქრის და იდეების განხორციელება, რაც რთულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ეს კი უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს არქიტექტორს, რომელიც მუდმივად უნდა პასუხობდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს.

არქიტექტორები ყოველთვის ცდილობდნენ უკეთესი გარემოს შექმნას. დღეს ის განსხვავებაა, რომ ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადრე. თანამედროვე არქიტექტორისათვის საკმაოდ რთული გამოწვევაა, მიყვეს ამ ტექნოლოგიურ პროგრესს, მუდმივად საქმის კურსში იყოს მიმდინარე მოვლენებისა და ამასთან, შექმნას ახალი და ორიგინალური ტიპის შენობები. დღეს მშენებლობის ტემპები და ვადები განსხვავებული და მეტად დაჩქარებულია. შენდება ბევრად მეტი შენობა, ვიდრე წინა საუკუნეებში. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება ეკო მეგობრულ მასალებზე, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებზე და შენობების ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, რაც ამ პროცესში სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართულობას მოითხოვს. ამასთანავე, არქიტექტორი ვალდებულია, ყველა ამ მომიჯნავე სფეროში საბაზისო ცოდნას ფლობდეს, რათა  აუცილებელი ტექნიკური მხარე გაითვალისწინოს და გამორჩეული მხატვრული ღირებულების მქონე შენობა შექმნას, რომელიც დროს გაუძლებს.

იუსტიციის სახლი თერჯოლაში. არქიტექტორები: მიხეილ გიორგობიანი, ეკატერინე მინდიაშვილი. ინტერიერი: თამარ იამანიძე

რაც შეეხება მომავლის არქიტექტურას, ჩემი აზრით, არქიტექტურა დაუსრულებლად სიმაღლეში ვერ განვითარდება და საბოლოოდ, ადამიანსა და გარემოზე მორგებული უფრო სწორი ფორმები მოინახება. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები მეტად დაიხვეწება და მშენებლობაში მათი გამოყენება გამარტივდება. ასევე მგონია, ფორმები უფრო მრავალფეროვანი გახდება და მეტად დაუახლოვდება ბუნებრივს.

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურას, რა ტენდენციები შეინიშნება ამ მიმართულებით?

ვფიქრობ, დღეს ამ სფეროში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოღვაწეობს, როლებიც  საინტერესო პროექტებს ქმნიან. თუმცა, მშენებლობის მოცულობის ზრდის მიუხედავად, კარგი პროექტების რაოდენობა მაინც მინიმალურია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ახალი შენობების უმრავლესობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია, სადაც უმეტესად ერთ შაბლონს იყენებენ, კეთდება ძირითადად ერთი პრინციპით და ნაკლებია ვიზუალურ მხარეზე მოთხოვნა.

ასევე ძალიან ხშირად ეს მოცულობები ზედმეტად მასშტაბური, გადამეტებული და გარემოდან სრულიად ამოვარდნილია. მასშტაბური შენობა კი, რომელიც ვიზუალურად ბევრად ჩამორჩება მომიჯნავე შენობებს, ამძიმებს, კარგ გავლენას არ ახდენს გარემოზე. თუმცა, ამ სფეროშიც შეინიშნება გაუმჯობესების ტენდენციებიც, აქაც შენდება გამორჩეული ვიზუალის საინტერესო შენობები, მაგრამ ეს რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი.

თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევები ახსენეთ, ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რა ძირითად პრობლემებს ხედავთ ამ მხრივ?

თანამედროვე ქართველი არქიტექტორებისთვის პრობლემა ძალიან ბევრია, მათ შორის, თუნდაც არქიტექტორების ნაკლები კონტაქტი ერთმანეთთან. ეს სფერო ძალიან მრავლისმომცველია, ყველა არქიტექტორი კი საკუთარი ძალებით ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც ალბათ, არასწორია, მაგრამ დღევანდელ პირობებში სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემად მესახება დაბალი კვალიფიკაცია სამშენებლო სფეროში (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ, ამ სფეროში ბევრი პროფესიონალია). მაგალითად, თუ არქიტექტორები იცნობენ და წარმოდგენა აქვთ მათივე პროექტებით გათვალისწინებულ სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობაზე, შემსრულებლების ნაწილისათვის ეს უცნობია, რაც სამშენებლო პროცესსა და მის განვითარებას საგრძნობლად აფერხებს.

საინტერესოა, ქართული არქიტექტურიდან რომელ ობიექტებს გამოარჩევდით?

ჩვენ ისეთი არქიტექტურული მემკვიდრეობა გვაქვს, რთულია თანამედროვე არქიტექტურამ მას კონკურენცია გაუწიოს. ძველი ეკლესია და სხვა შენობა ნაგებობები გამოირჩევა მდებარეობით, გარემოსთან შერწყმით, სილამაზით და თითოეული მათგანი უნიკალურია.

შედარებით ახალ შენობებს რაც შეეხება, ორიგინალურია ამჟამინდელი საქართველოს ბანკის შენობა. ასევე, ბოლო პერიოდიდან გამოვყოფდი ეროვნული ბანკის შენობას, ბათუმის მაკდონალდსს, ბოტანიკის ინსტიტუტის შენობას ბოტანიკურ ბაღში. აღსანიშნავია ისეთი პროექტებიც, რომლებიც შესაძლებელია ნაკლებად ორიგინალურია, მაგრამ არქიტექტორის ოსტატობა თვალშისაცემია. როგორც უკვე აღვნიშნე, საინტერესო ობიექტები ცოტაა, მაგრამ კარგი ტენდენცია შეინიშნება, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში მათი რაოდენობა მოიმატებს.

დაბოლოს, გვიამბეთ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე

ამჟამინდელი მიმდინარე პროექტები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მასშტაბურია, მაგრამ უმეტესობა საინტერესო გადაწყვეტას მოითხოვს და ამიტომ სასიამოვნოა მათზე მუშაობა. სამომავლო გეგმები ამ პროექტების შემდეგ ეტაპზე გადასვლაა. მომავალ წელს ველოდები ბევრი პროექტის რეალიზებას, ზოგი მათგანი უკვე წლებია მშენებლობის პროცესშია. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მხრივ დატვირთული და საინტერესო წელი იქნება. წელს რამდენიმე იუსტიციის სახლი გაიხსნა. ჩემთვის ამ სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიდგომა, რომელიც პროცესში ჩართულია ძალიან დასაფასებელია, რადგან არქიტექტურული დეტალების სწორად განხორციელებით ისევე არიან დაინტერესებულები, როგორც თავად არქიტექტორები. მომავალ წელს ველოდებით იუსტიციის სხვა სახლების გახსნასაც, რამდენიმე სასტუმროსა და მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის დასრულებას, რომელიც ჩემთვის  განსხვავებული გადაწყვეტილებით გამოირჩევა. ასევე გვაქვს შედარებით პატარა მოცულობის ოფისები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ინტერიერები, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობებისთვის, რაც არანაკლებ საინტერესოა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„რივერსაიდი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია

ერთსართულიანი მინიმალისტური შენობა ჩეხეთში – ADR-ს ნამუშევარი