პარიზში მდებარე ბინა, რომლის საერთო ფართობი 42 მ² -ია, სიმცირის მიუხედავად, ფუნქციონალურობით, დახვეწილი ესთეტიკითა და კომფორტულობით გამოირჩევა. პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ზომის ბინამ სწორი ზონირებითა და ფუნქციური გადანაწილებით მოხერხებული გარემო შექმნას და თან ესთეტიკური მიმზიდველობა არ დაკარგოს.
სტუდიის ტიპის ბინაში თითქმის ერთ სივრცეშია მოქცეული მისაღები, სამზარეულო, სასადილო და საძინებელი სივრცე, რომლებიც ერთმანეთისგან ავეჯითა და ტიხრით არის გამოყოფილი.
ინტერიერ სადა ტონალობაშია გადაწყვეტილი და მასში მუქ აქცენტებს ხის პარკეტი და ავეჯი ქმნის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე და მინა, რაც სივრცეს მყუდროებას მატებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ სახლი ტევადი სათავსოებითა და კარადებით არის დაკომპლექტებული, რათა მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.
მოსასვენებელ ზონაში პატარა მაგიდის ირგვლივ თანამედროვე დიზაინის ტახტი და სავარძლებია განთავსებული, რომლებიც ტელევიზორის კუთხესთან ერთიანდება. ყურადღებას იქცევს ის დიზაინ-ელემენტები და დეტალები, რითაც ავეჯია გაფორმებული. მათი ფორმა, ფაქტურა თუ ფერი დიდი სიფრთხილით არის შერჩეული და ერთმანეთს ჰარმონიულად ესადაგება. საძინებელსა და მისაღებს შორის ერთგვარი გამყოფი ფუნქცია აქვს მცირე ზომის კარადას, რომელიც სხვადასხვა დეკორატიული ობიექტებითაა დატვირთული და მუქი ხის მასალისგანაა დამზადებული.
მისაღების უკანა მხარეს მოწყობილია კომპაქტური სამზარეულო, რომელიც მწვანე ტონალობაშია გადაწყვეტილი, რასაც თეთრი ზედაპირები ეხამება. სამზარეულოს ტექნიკა თუ ნივთები მთელ კედელზე დამონტაჟებულ დახურულ კარადებშია მოქცეული, რის გამოც სივრცის ერთიანობა არ ირღვევა.
ვიტრაჟებთან მოწყობილია მცირე ზომის სასადილო, სადაც ყურადღება კარადასთან გაერთიანებულ, ზოლებიანი ფაქტურის სკამზე მახვილდება, რომელიც ასევე საინტერესო, გეომეტრიული ფორმის მაგიდის დიზაინს ეხმიანება. მსგავსად სხვა ზონებისა, ამ კუთხეშიც სასადილოს კედელზე სრულად დამონტაჟებულია ტევადი სათავსოები.
საცხოვრებლის გამორჩეული ნაწილია საძინებელი, რომელიც საერთო სივრცისგან ვიტრაჟებიანი ტიხრებით არის გამოყოფილი. გამჭვირვალე მინის გამო საძინებელი მისაღებთან ერთიანდება, პრივატულობის მისაღწევად და ზონირებისთვის კი თეთრი ფარდები გამოიყენება.
ოთახის სიმცირის მიუხედავად, სივრცეში კომპაქტურადაა მოწყობილი როგორც საძილე, ასევე საგარდერობო კუთხე. მიმზიდველი ელემენტია თანამედროვე დიზაინის, რბილი ნარინჯისფერი ტონალობის საწოლი, რომელიც ამავე ფერის დეკორატიულ ჭაღს ორგანულად ერწყმის. ჰარმონიისა და სიმსუბუქის შესატანად კი გამოყენებულია თეთრი ტექსტილი. სივრცის სრულად ასათვისებლად, საწოლის ბოლო მცირე სათავსოს ფუნქციას ასრულებს.
სააბაზანოში ელეგანტური და დახვეწილი ესთეტიკა ნარჩუნდება. მომხიბვლელი დიზაინი კი ოქროსფერი შემრევებით, მუქი ხის ავეჯითა და საინტერესო მცირე ზომის გეომეტრიული პრინტის ფილებით მიიღწევა.
პარიზში მდებარე მიკრო ბინა ფართის სიმცირის მიუხედავად, სწორი ზონირებითა და მიმზიდველი ავეჯის გამოყენებით ქმნის კომფორტულ, ფუნქციურ და დახვეწილ საცხოვრებელს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მაცხოვრებლების ყველა საჭირო მოთხოვნას.