in

მიკრო ბინა ქიაჩელის ქუჩაზე

დღევანდელ სტატიაში ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ბინის ინტერიერს გაგაცნობთ, რომლის საერთო ფართობი 45 მ2-ია. ინტერიერის დიზაინი მაცხოვრებლებმა დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე თავად მოაწყვეს და სირთულეების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული პროექტი შექმნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მეპატრონეებს გარკვეული კავშირი ჰქონდათ სამშენებლო სფეროსთან, თუმცა ინტერიერის დიზაინთან  შეხება აქამდე არასდროს ჰქონიათ.

როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ბინა დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული და გასარემონტებელი იყო, რადგან ფართის სიმცირიდან გამომდინარე, დიდი ოჯახისთვის ცხოვრება არაკომფორტული აღმოჩნდა, თუმცა მიმზიდველი ადგილმდებარეობის გამო, წყვილმა ძველი სახლის გაცოცხლება გადაწყვიტა.

თავდაპირველად ბინის ფართობი 28მ2 -ს შეადგენდა. თუმცა მაღალი ჭერის დამსახურებით, ანტრესოლი მოეწყო და სივრცეს 17 მ2  დაემატა, სადაც საძინებელი და სააბაზანო განთავსდა. საბოლოოდ კი მასიურმა კიბემ, მაღალმა ჭერმა, დიდმა ვიტრაჟებმა და ჭერში დამონტაჟებულმა ფანჯრებმა სივრცე ვიზუალურად გაზარდა და ბინამ ნათელი, მყუდრო სახე მიიღო.

ბინაში შემოსასვლელი და მისაღები ზონა გაერთიანებულია. თავის მხრივ, მისაღები სივრცე სამ მთავარ ნაწილად — მოსასვენებელ, სამზარეულო და სასადილო კუთხეებად იყოფა. ფართის სიმცირის მიუხედავად, ავეჯის საშუალებით ოთახი ფუნქციურ ზონებად იდეალურად არის დაყოფილი და მასში ერგონომიული მოსახერხებელი სივრცე იქმნება.

ინტერიერი საკმაოდ სადა და მსუბუქია და მასში აქტიურად გვხვდება ხის მასალა. იატაკი სამ-შრიანი ხის პარკეტით არის მოპირკეთებული, კედლები კი თეთრადაა შეღებილი, ფერები კი ავეჯისა და აქსესუარების საშუალებით შემოდის.

მოსასვენებელი კუთხე მინიმალისტურადაა გაფორმებული, სივრცეში მასიური  ღია ნაცრისფერი ტახტი, მცირე ზომის მაგიდა და ტელევიზორი გვხვდება. ყურადღებას იქცევს ხის კონსტრუქცია, რომელზეც მაგიდაა მოთავსებული და კიბის უჯრედთან ერთიანდება. კიბე  საკმაოდ მნიშვნელოვან პრაქტიკულ და დეკორატიულ დატვირთვას იძენს, რადგან ხის მასალა ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს.

სამზარეულო საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია. მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს ხის ფაქტურის სამზარეულოს კუნძული და ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული სამზარეულოს ავეჯი. ზონირების ხაზგასასმელად სამზარეულოს იატაკი და კედლები ფილებით არის მოპირკეთებული. კუთხეების გამოსაკვეთად კი წერტილოვანი განათებაა გამოყენებული.

აქვე გვხვდება სასადილო მაგიდა ვარდისფერი სკამებით, რომლებიც ინტერიერს სინაზესა და სასიამოვნო შტრიხებს სძენს.

სივრცეში  დეკორატიულ როლს ნახატები და მუსია ქებურიას პრინტები ასრულებს, რომლებიც სახლს მიმზიდველ ეფექტს და სახასიათო განწყობას ანიჭებს.  აღსანიშნავია დაკიდებული ჭაღიც, რომელიც ოთახს ვიზუალურად ზრდის.

პირველ სართულზე ასევე გვხვდება პატარა ზომის სველი წერტილი, რომელიც თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი და შავი ელემენტებით არის გაფორმებული.

მეორე სართულზე საძინებელი და სააბაზანო ოთახებია განლაგებული.  საძინებელი მინიმალისტური და სადაა.  საინტერესოა ის, რომ ოთახში, მთელ კედელზე მოწყობილია ხის ფაქტურისგან დამზადებული სათავსოების კონსტრუქცია, რომელზეც საწოლია მოთავსებული. აქვე გვხვდება მცირე ზომის სამუშაო კუთხეც, რაც ოთახს ბევრად ფუნქციურს ხდის.

სააბაზანო ცისფერი ფილით არის მოპირკეთებული და საკმაოდ კომპაქტურად არის მოთავსებული მცირე ფართობის მქონე სივრცეში.

პატარა სივრცის მიუხედავად, პროექტის ავტორებმა შეძლეს და ბინა ყველა საჭირო ინვენტარითა და ფუნქციური ზონით აღჭურვეს. შედეგად, საცხოვრებელი კომფორტული და მყუდრო გამოვიდა და მობინადრეების ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გამოყენებული მასალები:  

აბაზანის ფილები: „Kerama Marazzi“

შემრევები: „Kerama Marazzi“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“

განათება: „ახალი ნათება“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

5 მთავარი მიზეზი, რის გამოც კერამიკული ფილები საუკეთესო არჩევანია სააბაზანოს მოსაპირკეთებლად

საშხაპე და აბაზანა ერთ სივრცეში – რამდენიმე საინტერესო რჩევა ამ კომბინაციის შესაქმნელად