მიკროსაცხოვრებელი თანამედროვე საცხოვრებელი კონცეფციაა, რომელიც მცირე სივრცის მაქსიმალურ ფუნქციურობას და ესთეტიკაზეა ორიენტირებული. მიკრო საცხოვრებლები, იქნება ეს პატარა სახლები თუ მიკრო აპარტამენტები, განსაკუთრებული ყურადღებას უთმობს დიზაინის კომპაქტურობას, მდგრადობას და გონივრულ სივრცის მართვას. ასეთი საცხოვრებლები განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს პრაქტიკულობას, ეკოლოგიურობასა და ცხოვრების სიმარტივეს, რაც სწრაფი ურბანიზაციის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.
ეს პრაქტიკა საცხოვრებელი და ინტერიერის დიზაინის მიმართულებაა, რომელიც მაქსიმალურ ფუნქციონალს უზრუნველყოფს მინიმალურ სივრცეში. წარმოიდგინეთ მიკრო საცხოვრებელი, პატარა სახლები, რომლებიც კომპაქტურობისა და მდგრადობის სიმბოლოა, ან მიკროაპარტამენტები, რომლებიც ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს გონივრულად იყენებენ.
ეს მცირე სივრცეები მხოლოდ არქიტექტურული საოცრებები კი არ არის, არამედ გლობალურ ტრენდს გამოხატავს, რომელიც მდგრადი ცხოვრების სტილს, ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირებასა და მინიმალიზმისადმი მიდრეკილებას ეყრდნობა.
პირველ რიგში, მიკროსაცხოვრებელი სივრცეები აშკარა ეკოლოგიური უპირატესობებით გამოირჩევა. ასეთი ცხოვრების სტილზე გადასვლა პირდაპირ დაკავშირებულია ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებასთან, რადგან მცირე სივრცეები ნაკლებ რესურსს მოიხმარს. განსაკუთრებით კი მიკრო აპარტამენტები პოპულარობას იძენენ ურბანულ ზონებში, როგორც ეკო მეგობრული საცხოვრებლის ალტერნატივა.
გარდა ამისა, აშკარაა ფინანსური სარგებელი: მიკროაპარტამენტებში ცხოვრება ხშირად გულისხმობს კომუნალური გადასახადების შემცირებას, დაბალ ქირასა და მომსახურების ხარჯების შემცირებას.
მატერიალური სარგებლის მიღმა, მიკროსაცხოვრებელი განსაკუთრებით იზიდავს იმ ადამიანებს, ვინც სიმარტივესა და მინიმალიზმს ანიჭებს უპირატესობას. ეს ცხოვრების სტილი მოითხოვს ზედმეტის აღმოფხვრას და გვიბიძგებს, რომ რაოდენობის ნაცვლად, უპირატესობა ხარისხს მიენიჭოს. ბევრისთვის ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური სივრცის გათავისუფლებისთვის, რაც თავისუფლების განსაკუთრებულ განცდას აძლიერებს.
საქართველოში მიკრო საცხოვრებლების პრაქტიკა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა ინტერესი ამ კონცეფციის მიმართ თანდათან იზრდება. ურბანიზაციისა და მოსახლეობის მზარდი კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მიკრო საცხოვრებლები შეიძლება გახდეს ეფექტური გამოსავალი სივრცის დეფიციტისა და მაღალი საცხოვრებელი ხარჯების პირობებში.
მიკრო საცხოვრებლები, როგორიცაა მინი-ბინები ან მიკრო ლოფტები, იდეალურია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მცირე ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ თანამედროვე, ფუნქციური და ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ პროექტებს განვიხილავთ და გაჩვენებთ პატარა, მაგრამ ფუნქციურ 5 ბინას თბილისში.
1. ბინა სარაჯიშვილის ქუჩაზე
მთაწმინდაზე განთავსებული ეს ბინა შექმნილია ტურისტებისთვის, რომლებიც ეძებენ როგორც კომფორტს, ისე ესთეტიკურ შთაბეჭდილებებს. პროექტის ავტორები მუშაობისას მთავარ მიზნად ისახავდნენ ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც სტუმრებს სიმშვიდესთან ერთად, დიზაინის უნიკალურობასაც შესთავაზებდა.
სულ რაღაც 28 კვადრატული მეტრი ფართის ინტერიერის დიზაინზე სტუდია Tinatin-მა იმუშავა, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო სივრცე: სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი და პატარა სასადილო კუთხე.
ბინის სიძველისა და არქიტექტურული ღირებულების გათვალისწინებით, პროექტის ავტორები შეეცადნენ, შეენარჩუნებინათ მისი უნიკალური ისტორიული შტრიხები და ამავდროულად, შეექმნათ თანამედროვე და ფუნქციური გარემო.
ბინის რესტავრაციის პროცესში დიზაინ სტუდიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ისტორიული ელემენტების მაქსიმალურ შენარჩუნებაზე და აღდგენაზე. ძველი კარი არამხოლოდ შეღებეს, არამედ შეინარჩუნეს მისი პირვანდელი დეტალები, როგორიცაა ანჯამები და სახელური, რაც ავთენტურობას მატებს ინტერიერს. ანალოგიურად, ყველა შესაძლო დეტალი, როგორიცაა ჭერის ორნამენტები და კედლის ტექსტურები, განახლდა ისე, რომ ბინის ისტორიული სული სრულად შენარჩუნებულიყო. ეს მიდგომა არამხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ფუნქციურადაც ამდიდრებს სივრცეს, რაც მას უფრო მყუდროსა და განსაკუთრებულს ხდის.
ყვითელი სამზარეულო, ლურჯი დარაბები, ძველი ორნამენტებიანი ჭერი, ლურჯი ფილები, ძველი აგურით ამოშენებული აივნის კედელი, გაერთიანებული სასადილო სივრცე და საძინებელი, ამ პატარა კოხტა ბინას, კიდევ უფრო მიმზიდველს და სასურველს ხდის.
2. ბინა სხვენში ჭიაურელის ქუჩაზე
ეს პატარა და ლამაზი ბინა დიღომში, ჭიაურელის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის ინტერიერზე, რომლის ფართობი 33 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მფლობელმა, მარიამ ჭანჭალეიშვილმა იმუშავა.
ბინა სხვენში მდებარეობს. მარიამმა ის შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინა.
„ეს იყო ბინა სხვენში, რომელსაც ძალიან პატარა ფართობი გააჩნდა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ აქ ცალკე საძინებელიც არ გამოვიდოდა. თუმცა, ბევრი ფიქრის და მეგობრების შეგულიანების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა და ვფიქრობ, რომ არ შევცდი“, ამბობს მარიამი.
საპროექტო ნახაზის შექმნის პროცესში მარიამს ინტერიერის დიზაინერი და მისი მეგობარი, ანა ხონელიძე დაეხმარა. ანას მიერ მომზადებული პროექტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ბინის მეპატრონისთვის, რაც დაეხმარა სივრცის უკეთ აღქმაში და გეგმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მარტივად მიღებაში. ანას გამოცდილებამ და შემოქმედებითმა მიდგომამ ბინის სივრცის ფუნქციური და ესთეტიკური ორგანიზება მნიშვნელოვნად გაამარტივა.
მარიამს განსაკუთრებულად სამზარეულოს კუთხე უყვარს. ასევე ძალიან მოსწონს, რომ ზაფხულის თბილ დღეებში, ბინის აივნისკენ გამავალი ვიტრაჟული კარის ორივე ფრთის გაღების შესაძლებლობა სივრცეს მთლიანად რომ გარდაქმნის. აივნისა და ოთახის გაერთიანება ქმნის ჰარმონიულ გარემოს, რომელიც შიდა და გარე სივრცეებს ერთმანეთს აერთებს. ეს დიზაინი არამხოლოდ ვიზუალურ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ საშუალებას იძლევა, უფრო მეტი სითბო და სინათლე შემოიტანოს შიდა ინტერიერში, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ზაფხულის სეზონზე.
ეს კოხტა ბინა მაგალითია, როგორ შეიძლება მცირე ზომის ბინა მყუდრო, გამოსადეგ და ლამაზ საცხოვრებლად აქციო, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ.
3. ბინა მარჯანიშვილის მოედანზე
მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ეს ბინა 15 კვადრატული მეტრია, რომლის დიზაინზეც ინტერიერის დიზაინერმა სალომე მეტრეველმა იმუშავა. ეს ისტორიული ბინა სალომეს დედამ დიდი ხნის წინ შეიძინა, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
როგორც პროექტის ავტორი ამბობს, თავდაპირველად ბინაში არ იყო სველი წერტილი, რაც იქ ცხოვრებას ართულებდა. გეგმარების ძირითადი კონცეფცია ეფუძნებოდა ინტერიერის ოპტიმალურ გამოყენებას.
დიზაინი მიზნად ისახავდა ყველა საჭირო კომპონენტის კომფორტულად განთავსებას, ისე, რომ არ დაკარგულიყო ფუნქციურობა და სივრცის აღქმა. საცხოვრებელი ზონა მოიცავს რამდენიმე მობილურ ელემენტს, რომლებიც საჭიროებისამებრ, ადვილად იხსნება და სივრცეს აძლევს სიმარტივესა და მოქნილობას.
ბინის თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად გამოყენებულია.
სალომე მეტრეველი და მისი მეგობარი, არქიტექტორი ელენე ედიშერაშვილი, ერთად მუშაობდნენ ამ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მათ ორივეს ეს ამოცანა საკმაოდ რთულად ეჩვენებოდათ, საბოლოოდ, წარმატებით მიაღწიეს მიზანს და მიიღეს სასურველი შედეგი.
პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, ჭერის სიმაღლის გამო, რომელიც 5 მეტრს შეადგენს, შესაძლებელი გახდა მეორე სართულის გაკეთება, რის შემდგომაც, ზემოთ საძინებელი, ხოლო ქვემოთ სააბაზანო მოეწყო.
ბუხარი, რომელიც სახლში იყო, თითქმის უცვლელად დარჩა. ასევე არ შეცვლილა შემოსასვლელი კარი, რომელიც ჭერამდე ადის და სახლს ძალიან საინტერესო იერს აძლევს.
ბუხრის გვერდით სასადილო კუთხე განლაგდა. სამზარეულო კიბის ქვედა ნაწილში მდებარეობს. სამზარეულოს ტერიტორია ისე დაიგეგმა, რომ მაცივრისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის გვერდით, სარეცხი მანქანისთვისაც დარჩა ადგილი.
მცირე ფართობის გამო, კედლები სპილოსძვლისფრად შეიღება. აქცენტები გაკეთდა ბუხარზე, მეტალის ელემენტებზე და სამზარეულოს ფილებზე, რომლებიც ტერაკოტისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო პატარაა, იგი ძალიან მყუდრო და კომფორტულია.
თუ ვინმეს აქამდე ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ადამიანმა 15 კვადრატულ მეტრ ფართობში იცხოვროს, ამ ბინის ნახვის შემდეგ აუცილებლად შეიცვლის აზრს, რადგან ამ პატარა სივრცეში ჩატეულია, ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც დიდ ბინებს აქვს. საჭიროა მხოლოდ შეხვიდე და იცხოვრო.
4. ბინა უზნაძის ქუჩაზე
უზნაძის ქუჩაზე მდებარე ეს მაღალჭერიანი სახლი 53 კვადრატული მეტრია. ბინა ნინი ბარნაბიშვილს ეკუთვნის, რომლის ინტერიერზეც თავად იმუშავა და თავისი გემოვნებით მოაწყო.
ნინის გადაწყვეტილებით, სახლში ისტორიული ელემენტები შენარჩუნდა – ის, რაც განაპირობებს მის ორიგინალურობას. აგურის კედლები ხელოვნურად გასუფთავდა და აღდგენილმა ფრაგმენტებმა ინტერიერში ერთგვარი ინდუსტრიული ხიბლი დაამატა.
გეგმარებისას ძირითადი ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა სივრცის გაფართოებისთვის სამზარეულოს კედელი მოიხსნა. ნინის უნდოდა, რომ სამზარეულო იზოლირებული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო და მისაღები საერთო სივრცეშია მოქცეული, ვიზუალურად იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაყოფილია – დომინირებს განსხვავებული დიზაინი და ფუნქციური ელემენტები. სამზარეულოსთვის შერჩეულია განსხვავებული იატაკი და ფერები, ხოლო ფანჯარა მხოლოდ ფარდითაა გაფორმებული, რაც იდუმალ გარემოს ქმნის.
განჯინის გაწმენდის შემდეგ, ქვედა ფენიდან ისეთმა ლამაზმა შპალერმა გამოანათა, რომ ნინიმ ამ ადგილის ოთახად გარდაქმნა გადაწყვიტა.
ძველი საბუხრეების ადგილას კარადები განთავსდა.
სივრცე გამოირჩევა ძველი და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული კომბინაციით, სადაც ფერადი ტექსტურები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხოლო ხის მასალა ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის.
პასტელურ, უნაზეს ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო ძველი აგურის ელემენტებით ისეთი ლამაზია, გამოსვლა არ მოგინდება.
ასეთივე ფერადია სააბაზანოც.
გემოვნება და სიმყუდროვე – ეს ის მთავარი ხაზია, რომელიც სახლს მიმზიდველს ხდის და ყველა სტუმრისთვის სასურველ ადგილად აქცევს.
5. ერთ-ოთახიანი “ხრუშჩოვკის” სრული გარდასახვა
ამ სტანდარტულ ე.წ. „ხრუშჩოვკაზე“, რომელიც სულ რაღაც 37 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გაიანა მოისეევამ იმუშავა.
აქ სივრცემ სრულიად ახალი სახე მიიღო. ბინაში ჩატარებულმა კაპიტალურმა რემონტმა და ფართის ახლებურად დაგეგმარებამ შექმნა ყველა საჭირო ფუნქციური ზონა, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისათვისაა აუცილებელი – სამზარეულო, მისაღები, სასადილო და სამუშაო კუთხე.
სახლში შესვლისას პირველ რიგში, თვალს მოგტაცებთ მუქი ატმისფერი ავეჯი სამზარეულოში და რბილი დივანი მისაღებში.
საძინებელი მისაღებისგან ვიტრაჟებითაა გამოყოფილი, რაც ასევე ერთ-ერთი საინტერესო შტრიხია სახლში.
აბაზანა ცისფერსა და ნაცრისფერში გარდამავალი ტონის ფილებითაა მოპირკეთებული. სარკის უკან დამონტაჟებული განათბა კი იდუმალ ელფერს აძლევს აქაურობას.
ეს პროექტი ნათლად ასახავს, რომ სწორ გეგმარებას შეუძლია მცირე სივრცეში ყველა საჭირო ფუნქციური ზონა მოაქციოს, რაც არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ეფექტურობასაც უზრუნველყოფს. ეს დიზაინი გვაჩვენებს, რომ თუ პატარა ფართობი სწორად დაპროექტდება, შეიძლება კომფორტული და სრულფასოვანი საცხოვრებელი სივრცე გახდეს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2