ეს რელიეფური ფასადებისა და პანორამული ფანჯრების მქონე კომპაქტური ნაგებობა ახალგაზრდა ლონდონური წყვილის ქალაქიდან გასარიდებელი თავშესაფარია.
ლონდონური სტუდია „LAMA“-ს არქიტექტორმა და მისი მეგობარი კეროლინ ჯენიკსონმა კარანტინი სარგებლით გაატარეს. წელიწადნახევარში მოიფიქრეს და საკუთარი ხელით პატარა ეკოლოგიური სახლი ააშენეს, რომელიც დორსეტის მოქმედი ფერმის ტერიტორიაზეა განთავსებული. მინიმალისტური „ქოხი“ სახელად „The Bide“ მეპატრონეებისთვის ქალაქიდან თავის დაღწევის ადგილია, მისი ქირაობაც შესაძლებელია. აქ წყვილი ან პატარა ოჯახი თავისუფლად მოთავსდება.
შენობა „WikiHouse“-ის სისტემის მეშვეობით დაპროექტდა და ნატურალური ხისგან აიწყო. დამათბუნებლის სახით ავტორებმა ეკოლოგიური მასალები, ცხვრის მატყლი და ნახერხი გამოიყენეს. სახლის გეომეტრიული ფასადები „Corrapol“-ის აგურისფერი ფისნარევი ფილებითაა მოპირკეთებული, რომელიც სახლს ნესტისგანაც იცავს. ლიუისმა ენერგოეფექტური სავენტილაციო სისტემა „MVHR System“, „Separett“-ის მშრალი ტუალეტი და „Nebia „-ს საშხაპე დააყენა, უკანასკნელი ჩვეულებრივზე 40 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარს.
სახლს ირგვლივ არსებული ბორცვები, მდელოები და საძოვრები ზღაპრულ გარემოს ქმნის. კარგ ამინდში მინიმალისტური ტერასა სუფთა ჰაერზე დროის გატარების საშუალებას იძლევა (ტერასაზე აბაზანაა მოთავსებული, რომელსაც გამთბარი წყალი ხის ღუმელიდან მიეწოდება). „ქოხის“ ინტერიერში ყველა წვრილმანია გათვლილი: პანორამულ ფანჯრებს სახლში საუკეთესო ხედები შემოაქვს. საცხოვრებელი სივრცეები ლოგიკურადაა განაწილებული. საძინებელი ადგილები ანტრესოლშია მოწყობილი, მის ქვემოთ კი აბაზანა და სამზარეულო ბლოკი, მოპირდაპირედ – პანორამული ფანჯარა დივნით და სასადილო მაგიდით. აქ ჩაშენებული ბიბლიოთეკის ადგილიც მოიძებნა, სადაც მხოლოდ საგულდაგულოდ შერჩეული წიგნებია. კედლის სპეციალური სამაგრების წყალობით კი სახლის კინოთეატრის ეკრანით სარგებლობაა შესაძლებელი.