in

“Mind the shop” – ქართული კონცეფტუალური მაღაზია უნიკალური ნივთებით

“Mind the shop” ახალი კონცეპტუალური მაღაზიაა თბილისში, სადაც ინტერიერის საინტერესო დეკორაციებსა და უნიკალურ ნივთებს შეხვდებით. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ლარნაკის ფორმის, პეტრე ოცხელის ესკიზისა და თბილისის სხვადასხვა ისტორიული შენობების ფორმის სარკეებმა მიიქცია. სწორედ ამიტომ, დღეს homeis.ge “Mind the shop”-ის დამფუძნებელს, ანანო აბდუშელიშვილს გაესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს მაღაზიისა და იქ არსებული დიზაინ ელემენტების შესახებ.  

– ანანო, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაინტერესდით არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით? 

– პროფესიით ხელოვნებამცოდნე ვარ, მაგრამ ასევე დიდი ხანია ვიკვლევ მოდის ინდუსტრიას. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ ჩემი  პროფესიული მიმართულება მოდის სფეროსკენ შევცვალე და დავაარსე მოდის საგანმანათლებლო პლატფორმა. ინგლისში და ესპანეთში დიდი დრო გავატარე განათლების მისაღებად და სწორედ ამ პერიოდში ბევრი ახალი ინტერესი აღმოვაჩინე. არქიტექტურა და ინტერიერი ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა, ვფიქრობ ეს ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისინი დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკასა და განწყობაზე.

– რა გახდა “Mind the shop”-ის შექმნის ინსპირაცია? მოგვიყევით მაღაზიის კონცეფციაზე.

– ინსპირაცია წამოვიდა მუზეუმების მაღაზიის კონცეფციიდან. როდესაც მუზეუმებს ვსტუმრობდი, ძალიან მომწონდა მათი კონცეფცია და ყოველთვის ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ასეთივე თბილისშიც რომ გვქონოდა. “Mind the shop” ჩემი ერთ-ერთი სამაგისტრო პროექტი იყო. ესაა კონცეპტუალური მაღაზია, სადაც სხვადასხვა სახის ნივთების შეიძენაა შესაძლებელი: ინტერიერის დეკორაციები, სარკეები და სანათები,  საკანცელარიო ნივთები, ცოტა ავეჯი  და ასევე  ტექსტილი. ვფიქრობ, რომ ინტერიერი კარგად განსაზღვრავს ადამიანების ხასიათს.

 

– საიდან იღებთ შთაგონების წყაროს და “Mind the shop”-ის რომელი ნივთებს გამოარჩევდით? 

– შთაგონებას ალბათ ცხოვრებისგან ვიღებ. ძალიან მიყვარს კვლევის პროცესი, რომელიც დიზაინის შექმნამდე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია იდეის ჩამოყალიბებამდე. მიყვარს, როდესაც ახალ ინსპირაციას აღმოვაჩენ. შთაგონების წყარო ყველგან არის, მითუმეტეს თუ ხელოვნება გიყვარს და თბილისში ცხოვრობ. თბილისი უნიკალური ქალაქია თავისი საბჭოთა არქიტექტურითა და ვიზუალებით. “Mind the shop”  სელექციიდან გამოვარჩევდი სარკეებს, რომლებსაც თბილისის ძველი შენობების ფორმა აქვს, პეტრე ოცხელის ესკიზი – ურიელ აკოსტა , ასევე ვაზის ფორმის სარკე, რომლის შთაგონების წყარო ჩემი საყვარელი რეჟისორის ფილმიდან არის (Yasujiro Ozu – Late Spring ).  უნდა აღვნიშნო, ასევე,  უზბეკური ტექსტილი და ჭურჭელი, რომლის ყველა დეტალი ხელით არის შესრულებული უზბეკეთში და სანთლები, რომლებსაც ანტიკური ბუხრის ფორმა აქვს.

სარკე იყო ერთ-ერთი პირველი ნივთი ჩვენთან  და ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი იყო ამ მასალის გამოყენება სხვადასხვა ვიზუალით. სარკის ფორმები ხომ კარგად ასახავს  სხვადასხვა გავლენას, იქნება ეს იაპონური კულტურა, არქიტექტურა, ხელოვნება თუ თეატრი. 

 – გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე

– მომავალში ბევრი გეგმა გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ციფრულ კომერციაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ  ვგეგმავთ სიახლეებსაც. მაგალითად, მალე ჩვენთან შესაძლებელი იქნება სარკეების შეძენა საბავშვო ინტერიერისთვისაც. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა  ერთ-ერთ ქართულ საბავშვო პლატფორმასთან. ამას გარდა, ვგეგმავთ სხვადასხვა კოლაბორაციებისა და პროექტების განხორციელდებას სამომავლოდ.

“Mind the Shop”-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ინსტაგრამის გვერდის საშუალებით.

The One – ტური ამერიკის ყველაზე ძვირადღირებულ სახლში

ბეტონი ინტერიერში როგორც თანამედროვე დიზაინ ტრენდი