ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, დიზაინერ-არქიტექტორთა წყვილს, ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილსა და ვანო ქსნელაშვილს ეკუთვნის. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ისინი საქართველოში საცხოვრებლად 2019 წელს გადმოვიდნენ და ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ამ ბინაში დასახლდნენ, რომელიც 50-60-იანი წლების შემდეგ არ იყო განახლებული და სანამ რენოვაციის პროცესს წამოიწყებდნენ, 6 თქვე გაატარეს მასში. ანა გვიამბობს, ეს იყო ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც წყვილს დაეხმარა სივრცის ბოლომდე შეგრძნებაში და მისი საუკეთესო ფორმით განახლებაში.
“ჩვენ საკმაოდ დიდი ცვლილებები შევიტანეთ გეგმარებაში, თუმცა ბევრი პირვანდელი შტრიხი შევინარჩუნეთ, მაგალითად, მუხის კარ-ფანჯარა სრულად იქნა აღდგენილი, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ჭერის კარნიზებს,” – გვიამბობს ანა
ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მასში არსებული დახვეწილი დიზაინ ელემენტები სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს და ერთი ნახვით აღფრთოვანებას იწვევს.
“მიყვარს ძველი და თანამედროვე ელემენტების შერწყმა ინტერიერში. მე საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ “მშრალი ხიდის” ბაზრობას და ვეძებ ნამდვილ ქართულ ნივთებს. თუმცა, ჩვენს ბინაში თანამედროვე დიზაინ ობიექტები აშკარად დომინირებს.”
ბინის ცენტრალურ წერტილს 3 მეტრიანი სავარძელი წარმოადგენს Linea Italia-დან. ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა ოჯახი იკრიბება დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სასაუბროდ ან გასართობად.
აქვეა ხის ტახტი, რომელიც საქართველოშია დამზადებული, თუმცა მისი დიზაინი იაპონური ავეჯით არის შთაგონებული.
მისაღებ ზონაში ასევე გვხვდება ავეჯის ისეთი საკულტო მოდელები, როგორიც არის მარსელ ბროიერის (Marcel Breuer) მიერ 1925 წელს შექმნილი სკამი “Wasilly”, რომელიც Objects-ის შოურუმში შევიძინე და დიზაინერ ფეი ტუგუდის (Faye Toogood) “Roly Poly” სავარძელი.
როგორც ცნობილია, სივრცის დიზაინში ერთ-ერთი უმთავრესი როლი კარგად ნაფიქრ განათებას ენიჭება. ბუნებრივია, ეს პრინციპი უმნიშვნელოვანესი იყო ანას შემთხვევაშიც.
“ჩვენ ძალიან იშვიათად ვიყენებთ ჭერის განათებას, შესაბამისად, ბინაში შუქის წყაროს ბევრი დამხმარე ვარიანტი გვაქვს. მაგალითად, სამზარეულოს “Frama Eiffel light” სანათს გააჩნია დიმერის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იდეალური სიკაშკაშით ანათებს სამუშაო ზედაპირს, თუმცა ამასთანავე საკმაოდ მყუდრო ნათებას ქმნის საღამოობით.
ასევე ჩემთვის საინტერესოა “Wastberg Alma light” სანათი მაღაზია Kitchen and Living by Gastronome-დან, რომელმაც საკუთარი სიმარტივითა და დიზაინის ფილოსოფიით მიიქცია ჩემი ყურადღება – ეს არის წყლის ზედაპირზე კენჭის მოსროლით გამოწვეული ტალღების ერთგვარი განსახიერება.
ხოლო რაც შეეხება Flos-ის სანათს “265”, ის საშუალებას იძლევა, რომ ნათება იყოს მიმართული სხვადასხვა მიმართულებით და ამასთანავე სრულიად საუცხოო მშვიდ გარემო ქმნის საღამოობით, როდესაც ის კედლისკენ არის შებრუნებული”, – ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილი
მინიმალისტური სტილის ინტერიერის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, ვინაიდან პროექტის ავტორმა უნდა დაიცვას ბალანსი სისადავესა და უბრალოებას შორის, რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელია. ანა ნიკიტინას მიერ შექმნილი დიზაინი კი ამ ამოცანას იდეალურად ართმევს თავს და სივრცეს სრულიად საუცხოო სახით წარმოაჩენს.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე