მინიმალისტური სტილი ხშირად არაერთგვაროვნად აღიქმება. ბევრისთვის ის უბრალოებაში გადასულ სისადავესა და მოსაწყენ გარემოს ნიშნავს. შესაბამისად, ამ სტილის ინტერიერზე მუშაობა არც ისე მარტივი პროცესია. არსებობს კონკრეტული წესები, რომელთა დაცვა გარკვეული ზომიერების დაცვაში დაგვეხმარება. დღეს სწორედ იმ შეცდომებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც მინიმალისტური სტილის ინტერიერის შექმნის დროს ყველაზე ხშირად უშვებენ.
ზედმეტად „სტერილური“ სივრცე
მინიმალისტური სტილისთვის სადა ფორმები, მონოქრომული პალიტრა და ვიზუალური „სისუფთავეა“ სახასიათო. ეს კი აბსოლუტურად „სტერილურ“ გარემოს სულაც არ გულისხმობს. მაგიდაზე შემოდგმული საყვავილე, პალმიანი ქოთანი, კომოდზე დაწყობილი წიგნები ან დივანზე უდიერად მიფენილი გადასაფარებელი სახლს გააცოცხლებს და აქ სტუმართმოყვარე გარემოს შექმნის.
მხოლოდ სწორი ხაზები
მკაცრი, სწორხაზოვანი ავეჯი მინიმალისტურ სტილს იდეალურად ესადაგება. მაგრამ თუ ზედმეტად სერიოზული განწყობის შემსუბუქება გსურთ, ან უბრალოდ უფრო რბილი ფორმები გიზიდავთ, სწორი ტახტის მომრგვალებული ვარიანტით ან ჟურნალის მაგიდის ოვალური მოდელით შეცვლა არც ისე ცუდი იდეაა. შეგიძლიათ უცნაური ოვალური სანათებიც კი გამოიყენოთ.
ჭარბი ტექსტილი
ნოხები, გადასაფარებლები და ბალიშები ლაკონიურ ინტერიერს უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს, თუმცა ჭარბი, ერთფეროვანი ტექსტილის გამოყენებით შეიძლება გადაამლაშოთ კიდეც. ამიტომ აქსესუარების დამატებას სიფრთხილით მოეკიდეთ, რათა სივრცე არ გადაიტვირთოს.
მხოლოდ თეთრი
მინიმალიზმი აუცილებლად სუფთა, ქათქათა სივრცესთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, თეთრი ერთადერთი შესაძლო ვარიანტი სულაც არ არის. ის ფუძედ გამოყენება და მასზე სხვა ელფერები შეიძლება „დაშენდეს“. გახსოვდეთ, რომ ჰარმონიულ ინტერიერში აქცენტური ფერები ფართის 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ტექსტურის ერთფეროვნება
მინიმალისტური ინტერიერი ნიუანსებითაა აკინძული. სწორედ სხვადასხვა ტექსტურის შეხმატკბილებით ვღებულობთ ელეგანტურსა და საინტერესო ინტერიერს. ამიტომ სხვადასხვა მასალების გამოყენებას ნუ შეუშინდებით: ხე, ქვა, დაუმუშავებელი ბეტონი, შუშა, ტყავი, ტექსტილი – არჩევანი დიდია.