ინტერიერის დიზაინერი – მარია სანტიაგო, რომელიც წარმოშობით ესპანეთიდანაა, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და აკვირდებოდა მათთვის დამახასიათებელ ესთეტიკას. პანდემიის დროს მარიამ ესპანეთის სამხრეთ ნაწილი მოინახულა, სადაც გააანალიზა რომ „უდაბნოს სტილით“ ინსპირირებული სახლის დიზაინი იყო ის, რაც მას მადრიდში, საკუთარ საცხოვრებელში სჭირდებოდა.
„როდესაც ვმოგზაურობ, ძირითადად ქვიან ადგილებსა და უდაბნოსთან ახლო ნაწილში განლაგებულ სახლებს ვათვალიერებ, სადაც შემიძლია ბუნებასთან დავამყარო კონტაქტი“, – ამბობს მარია.
ასე რომ, როდესაც მარიას საკუთარი სახლისთვის დასჭირდა ინტერიერის დიზაინის შექმნა, მან გადაწყვიტა, რომ სახლის ყველა დეტალი უდაბნოსთვის დამახასიათებელ ფერებში უნდა ყოფილიყო შერჩეული.
ოთახებში სხვადასხვა უცნაურ და დახვეწილ ავეჯს ვხვდებით, თუმცა ფერები ყველა მათგანში ერთნაირია. კრემისფერი, ღია ყავისფერი და მომწვანო ელემენტები მთლიანი სახლის ესთეტიკას ქმნიან.
მისაღებ ოთახში ვხვდებით ნივთებს, რომლებიც თავად მარიას დიზაინით არის შექმნილი. აქ არის კედელზე მიდგმული დივანი, ორი სკამი და შუშის მაგიდა, რომელსაც დეკორატიული ნივთები ამშვენებს და მწვანე და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება მაგიდაზე განთავსებულ ლარნაკებს, ისინი ხელით არის მოხატული და „არტემიდეს ლარნაკების“ სახელითაა ცნობილი.
მისაღები ოთახი ღიაა და სამზარეულოს უკავშირდება, სადაც თაღოვან გადასვლებს ვხვდებით. როგორც მარია ამბობს, ის სახლის ამ ნაწილს მეგობრებთან შესახვედრად და ხატვისთვის იყენებს. იატაკზე განთავსებული ხალიჩა ქვიშის ინსპირაციითაა შექმნილი, ხოლო კედლების ორნამენტები დიზაინერისთვის მზის ჩასვლასთან ასოცირდება.
სახლში ყველაფერი მომრგვალებული ფორმისაა, არაფერს აქვს კუთხე, კედლებიც და იატაკიც ერთ ფერებშია და სითბოს შთაბეჭდილებას ქმნის. ავეჯი კი მინიმალიზმის პრინციპებითაა შექმნილი.
რაც შეეხება საძინებელს, აქ ვხვდებით კედელში ჩაშენებულ საწოლს. ოთახი ისეა დაპროექტებული, რომ ის გამოქვაბულს მოგვაგონებს. ისევე როგორც სხვა სივრცეებში, აქაც ავეჯის ყველა ფორმა მომრგვალებულია და საწოლის გადასაფარებელსაც კი არ აქვს კუთხე.
აბაზანაში დიზაინერმა თიხის მასალით შექმნილი ავეჯის გამოყენება გადაწყვიტა. აქ ვხვდებით დიზაინერის მიერ შექმნილ სარკესა და ვინტაჟურ განათებებს.
დიზაინერის სურვილი იყო ის, რომ მას ხალხისა და მადრიდის ხმაურისგან მოშორებით, ბუნებასთან სიახლოვეს ეცხოვრა, რაც უდაბნოსა და გამოქვაბულის ინსპირაციით შექმნილმა დიზაინმა ნამდვილად შესაძლებელი გახადა.