in

მინიმალისტური სტილის ინტერიერი – 5 პროექტი საქართველოდან

მინიმალისტურ სტილს ინტერიერში სიმარტივე, ლაკონური გადაწყვეტილებები და მონოქრომული ფერთა პალიტრა ახასიათებს, რაც მშვიდ, მყუდრო და ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. ამ სტილის საცხოვრებელში მაქსიმალურადაა ათვისებული სივრცეები, ოთახები ნათელი და დახვეწილია, ხოლო ავეჯი – ფუნქციური და საინტერესო. მინიმალიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენციაა, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ყველაზე ხშირად გვირჩევენ. ამ დროს თითოეულ ნივთს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, რაც გამორიცხავს სახლში ზედმეტი ნივთების არსებობას და შესაბამისად, ქაოსს. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რჩეულ პროექტს გაგიზიარებთ საქართველოდან, რომლებიც სწორედ მინიმალიზმის წესების დაცვით შეიქმნა.

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ვერაზე

ამ ბინის მეპატრონისთვის შთაგონების წყარო კოპენჰაგენში მოგზაურობა აღმოჩნდა. მას სურდა თანამედროვე, სხვენის მსგავსი ბინა, რომელიც მარტივი სტილითა და მრავალფუნქციური ავეჯით გამოირჩეოდა, შედეგად კი ფილოსოფიამდე დაყვანილი ინტერიერი მოაწყო, სადაც მთავარი აქცენტები სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე გაკეთდა.

პროექტი დეტალურად

ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე

ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი, რაც უზრუნველყოფს სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდას. იდეალური ბალანსის შესანარჩუნებლად სივრცეში შემოდის შავი ფერის ელემენტები – რბილი ავეჯის კარკასი, ჟურნალის მაგიდა და სასადილო სკამები. ნათელი ფერები უზრუნველყოფს სივრცის ვიზუალურად გაზრდას, მუქი აქცენტები კი სიმყუდროვისა და ინდივიდუალიზმის ეფექტებს აღვიძებს.

პროექტი დეტალურად

ბინა ვაკეში

სახლში  დომინანტური ფერი თეთრია, რომელსაც შავი აქცენტები საინტერესოდ და ჰარმონიულად ერწყმის. მოსასვენებელ ნაწილში ყურადღებას იქცევს სკანდინავიური სტილის სფერული ფორმის სანათები. სახლი საკმაოდ ნათელია და დღის განმავლობაში მზის სხივებითაა განებივრებული, საღამოს კი საინტერესო ჩრდილები იქმნება, რაც ინტერიერს უფრო მომხიბვლელს ხდის.

პროექტი დეტალურად

ბინა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე

ეს პროექტი გულისხმობდა მაქსიმალურად ესთეტიკური და მინიმალისტური დიზაინის შექმნას, სადაც სივრცის თავისუფალი შეგრძნება შენარჩუნებული იქნებოდა, ღია და ბუნებრივი ფერები კი ბინას მაქსიმალურ სიმსუბუქეს შესძენდა და მაცხოვრებლისთვის ერთგვარი თერაპიის მომგვრელი იქნებოდა.

პროექტი სრულად

ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე

ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მასში არსებული დახვეწილი დიზაინ ელემენტები სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს და ერთი ნახვით აღფრთოვანებას იწვევს. ფერებისა და ავეჯის მინიმალური რაოდენობის წყალობით, მისაღებისა და სამზარეულოს სივრცე ვიზუალურად კიდევ უფრო ფართო ჩანს. ერთმანეთთან ჰარმონიაში მყოფი ფერები კი ოთახებს შორის ერთიან ატმოსფეროს ქმნის.

პროექტი დეტალურად

5 მთავარი შეცდომა ბინის შერჩევის პროცესში ახალაშენებულ კომპლექსში

რიკენ იამამოტო 2024 წლის „პრიცკერის პრიზის“ მფლობელი გახდა