მისაღები ოთახი სახლის ის ნაწილია, სადაც ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ,რომ ის რაც შეიძლება დიდი ზომის იყოს. თუმცა, ხანდახან ხდება ისე, რომ აქ განთავსებული ავეჯი, შერჩეული ფერები ან სხვა დეკორაციები სივრცეს ვიზუალურად ამცირებს. ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უფრო დიდი, ღია და მიმზიდველი ოთახი.
შეცდომის დაშვება უამრავ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, იატაკიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რაც შეიძლება თქვენი მისაღების ვიზუალურად შემცირებას იწვევდეს და მოგიყვებით მათი გამოსწორების გზების შესახებაც.
1. ძალიან პატარა ხალიჩა
არაფერი ანიჭებს ოთახს კომფორტს ისე, როგორც დახვეწილი და ელეგანტური ხალიჩა, მაგრამ მისი ზომების შერჩევა ხშირად საკმაოდ რთულია. პატარა ხალიჩა მისაღებ ოთახს უფრო პატარას ხდის. როგორც წესი, ხალიჩები კედელთან ახლოს უნდა იყოს განთავსებული და თვალისთვის მარტივად შესამჩნევი. ამას გარდა, დიზაინერები გვირჩევენ ტექსტურირებული ხალიჩების გამოყენებას.
ხალიჩას არა მხოლოდ გარკვეული ტონები და ხასიათები შემოაქვს, არამედ მყისიერად ხდის სივრცეს უფრო დიდს, თბილსა და მყუდროს. აქედან გამომდინარე, მისაღები ოთახისთვის ხალიჩის შეძენისას აქცენტი მის ზომასა და ფერებზე გააკეთეთ და არჩევანი იმ მოდელზე შეაჩერეთ, რომელიც ყველაზე კარგად მოერგება თქვენს ავეჯსა და ინტერიერს.
2. ბალანსის ნაკლებობა
საცხოვრებელ სივრცეში მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული მთელი ოთახი და ქმნიდეს ჰარმონიას. დამატებითი ვიზუალური სივრცის შესაქმნელად ყველა ნივთი უნდა დააბალანსოთ. მაგალითად, შეგიძლიათ სიმაღლის შესაქმნელად გრძელი ფარდები გამოიყენოთ, რომლებიც მთელს კედელზე იქნება გადანაწილებული.
ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად კარგია ბუნებრივი მასალით შექმნილი ავეჯის გამოყენებაც. ამას გარდა, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ მისაღებ ოთახში შემოსული სინათლე. შეარჩიეთ დამამშვიდებელი და თბილი ტონები, ფერები შეუხამეთ როგორც ავეჯის, ასევე იატაკისა და კედლების დიზაინს.
3. არასწორად შერჩეული იატაკის საფარი
მისაღებ ოთახში სწორად შერჩეული იატაკის საფარი მას სიმსუბუქის შეგრძნებებს ანიჭებს და უზრუნველყოფს სინათლის სწორად განაწილებასაც. იატაკისთვის შესაბამისი მასალის შერჩევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად, კედლის ფერების. ის პირდაპირ გავლენას ახდენს სივრცის აღქმაზე.
შედარებით მცირე ზომის მისაღებში დიზაინერები გვირჩევენ ნათელი და თეთრი ფერების გამოყენებას. ასეთი იატაკი ოთახში ერთიანობისა და მთლიანობის შეგრძნებებს აღძრავს, რაც სივრცის ვიზუალურად გაზრდას იწვევს.
4. ზედმეტად გადატვირთული ოთახი
მისაღებისთვის ავეჯის შერჩევა ადვილი არ არის. ის, რაც შეიძლება სხვა პროექტებში ნახოთ, შესაძლოა კონკრეტულად თქვენს ინტერიერს არ მოუხდეს. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ავეჯის სწორად და გონივრულად შერჩევაა.
ინტერიერში თითოეულ ნივთს უნდა ჰქონდეს საკუთარი დანიშნულება. ქაოსურად განთავსებული ავეჯი გამოიწვევს სივრცის კიდევ უფრო მეტად შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი შტრიხები და დეკორატიული ნივთები სახლს ინდივიდუალიზმს ანიჭებს, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ოთახის მოწყობისას მინიმალისტური მიდგომა გამოვიყენოთ და აქცენტი რეალურად საჭირო, ფუნქციურ ნივთებზე გავაკეთოთ.
5.ავეჯისთვის არასაკმარისი ადგილი
სივრცე მხოლოდ ადამიანებს არ სჭირდებათ, ის ავეჯისთვისაც აუცილებელია. ყველაზე ლამაზი ავეჯიც კი შეიძლება შეზღუდული და უინტერესო გახდეს, თუ მას საკმარისი ადგილი არ მიეცემა. ამას გარდა, თქვენ აუცილებლად გაგიცრუვდებათ იმედები, როდესაც შეამჩნევთ, რომ მჭიდროდ განთავსებული ავეჯი ძალიან ქაოსურად და ბანალურად გამოიყურება.
ზედმეტად მჭიდროდ განლაგებულმა ავეჯმა შეიძლება პატარა მისაღები ოთახი კიდევ უფრო მეტად შეამციროს. ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ წინასწარი განლაგების გეგმა შეარჩიოთ, გაზომოთ თქვენი ფართი და თითოეული ნივთისთვის გარკვეული ადგილი გამოყოთ, რის მიხედვითაც მომავალში სასურველ ავეჯს შეიძენთ.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი