დღევანდელი სტატიის გმირი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მიშა ბალიაშვილია. როგორც თავად ამბობს, მისი პროფესიული არჩევანი წინასწარ იყო განსაზღვრული, რაზეც, დიდწილად, მამის პროფესიამ იმოქმედა. მიშა არქიტექტურულ და გეგმარებით გამოწვევებზე გვესაუბრება და სხვა არაერთი საინტერესო საკითხის შესახებაც გვიზიარებს მოსაზრებებს.
მიშა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. რამდენად იმოქმედა ოჯახურმა გარემომ თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე?
მამაჩემი არქიტექტორია. მისმა პროფესიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პროფესიული არჩევანის განსაზღვრისას. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორ მუშაობდა. მის გვერდით მივიდგამდი ხოლმე მაგიდას და ვხატავდი. შეიძლება ითქვას, ეს პროფესია არც ამირჩევია, იმდენად თავისთავად მოხდა ყველაფერი. 1994 წელს, როდესაც უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, პირველად შემეპარა ეჭვი ჩემს გადაწყვეტილებაში. ამის მთავარი მიზეზი არეული პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტებიც დაიშალა, ბუნებრივია, არქიტექტორები აღარავის სჭირდებოდა. მამაჩემიც კი ვეღარ ახერხებდა პროფესიით მუშაობას, ამიტომ მეც ვორჭოფობდი. თუმცა, საბოლოოდ, მივხვდი, რომ სხვა არჩევანი თითქოს არც მქონდა და სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
სად მიიღეთ განათლება?
კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო ქვეყანაში 90-იან წლებში, შესაბამისად, სწავლის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. იმ დროს, როცა ხელფასი რამდენიმე ათეულ ლარს შეადგენდა, ლექტორობა ლამის გმირობის ტოლფასი იყო. სტუდენტებსაც არ გვქონდა სწავლის მოტივაცია, რადგან პროფესიონალიზმი არ ფასობდა. ამ ყველაფრის გამო მხოლოდ მეხუთე კურსზე მივხვდი სწავლის მნიშვნელობას და სწორედ ამ პერიოდიდან დავინტერესდი ცოდნის მიღებით. სამწუხაროდ, დიდი დრო დავკარგე.
ამ პერიოდში დავიწყე პირველი სამსახური ერთ-ერთ საპროექტო კომპანიაში. ძირითადად მაკეტებზე ვმუშაობდი. ერთი თვის შემდეგ ბუღალტერმა დამიძახა და კონვერტი გადმომცა, რომელშიც, სავარაუდოდ, 100 ლარი უნდა ყოფილიყო. ჩემდა გასაკვირად, 20 ლარი აღმოჩნდა. მახსოვს, სამსახურიდან პირდაპირ ტოტალიზატორში წავედი, სადაც ეს 20 ლარი თამამად დავდე ერთ-ერთ საფეხბურთო თამაშზე. 100 ლარის მოგება მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს თანხა მეკუთვნოდა. მართლაც მოვიგე. იმ სამსახურში კი აღარ დავბრუნებულვარ.
ახალ სამსახურში მალევე დავიწყე მუშაობა. იქ, დაახლოებით, 1 წელი გავატარე. ვისწავლე კომპიუტერული პროგრამები და სადიპლომო ნამუშევარიც კომპიუტერულად დავამუშავე. იმ პერიოდში არქიტექტურული კომპიუტერული პროგრამები ახალი შემოსული იყო და ლექტორებიც მათ გამოყენებას გვიკრძალავდნენ, რადგან, მათი აზრით, კომპიუტერი „თვითონ აკეთებდა ყველაფერს“. ამის მიუხედავად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მაინც გადავწყვიტე. ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ ნაშრომი არ დაეწუნებინათ. სადიპლომოს დაცვის დღისთვის პროექტორი და ეკრანი ვიქირავე, რომელთა დახმარებითაც პროექტის ანიმაცია გავაშუქე. ამან დიდი გაკვირვება გამოიწვია. ბოლოს რამდენიმე ლექტორმა ტელეფონის ნომერიც კი გამომართვა და თანამშრომლობა შემომთავაზა.
დიპლომის აღების შემდეგ, ორ წელიწადს რამდენიმე საპროექტო კომპანიაში ვიმუშავე, რის შემდეგადაც 2003 წელს, იტალიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რომში, ქალაქგეგმარების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მანამდე ქალაქგეგმარება ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არასწორი იქნებოდა.
რომში სრულიად განსხვავებული საუნივერსიტეტო გარემო დამხვდა. სწავლის ხარისხიც ბევრად მაღალი იყო. სწორედ იქ გავიგე პირველად წინასაპროექტო კვლევის, გარემოს შესწავლის, კონტექსტის ანალიზის შესახებ. მიღებული ცოდნა არქიტექტურაშიც ძალიან გამომადგა.
როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?
2004 წელს, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე დავიწყე მუშაობა განათლების სამინისტროში, სადაც სხვა ქვეყნების მაგალითების გამოყენებით, დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის საპროექტო ნორმებზე ვიმუშავე. ამის შემდეგ, 2005 წელს, საკუთარი არქიტექტურული კომპანია შევქმენი და ჩემს თანამშრომელთან ერთად კერძო პროექტებზე მუშაობა დავიწყე. რამდენიმე თვეში კომპანიამ არსებობა შეწყვიტა, რადგან „თბილისის განვითარების ფონდიდან“, რომელიც სწორედ იმ პერიოდში იქმნებოდა, არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. ამ პოზიციაზე 2007 წლამდე ვიმუშავე. ამავე წელს მცირე ბიზნესი წამოვიწყე, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ვეღარ შეძლო არსებობა. ამის შემდეგ ერთ-ერთ საპროექტო კომპანიაში დავიწყე მუშაობა.
2011 წელს, სამ მეგობართან ერთად, კომპანია „არქიტექტურული ბიურო“ შევქმენი. ძირითადად, კერძო პროექტებზე ვმუშაობდით. დაარსების დღიდან საკმაოდ დაკავებულები ვიყავით და ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ვმუშაობდით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახალი იყო, პორტფოლიოს გასამდიდრებლად უარს არაფერზე ვამბობდით. 2018 წელს „არქიტექტურული ბიურო“ განვაახლეთ და სახელიც შევუცვალეთ. ასე დაარსდა „ბაუ დიზაინი“, რომელშიც დღემდე ჩემს პარტნიორ ანა ნაცვლიშვილსა და 6 თანამშრომელთან ერთად ვმუშაობ როგორც არქიტექტურულ, ასევე ქალაქგეგმარებით პროექტებზე.
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს არქიტექტორობა დღეს, XXI საუკუნეში და ზოგადად როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას?
ვფიქრობ, არქიტექტორობა ნიშნავს შემოქმედებას, ამიტომ ყველა არქიტექტორი უნდა ეცადოს, შექმნას უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება დამახასიათებელი. ამასთანავე, ეს არის მომსახურება, რომელიც დამკვეთისთვის იქმნება. ესაა მარკეტინგიც. ვფიქრობ, არქიტექტორისთვის საჭირო უნარია, დამკვეთს დაუმტკიცოს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მისი არჩევანი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ამ უნარის გარეშე რთულია, შემოქმედმა უნიკალური სტილი შექმნას, რადგან მხოლოდ იმის გაკეთება მოუწევს, რასაც დამკვეთი მოსთხოვს. დაბოლოს, რა თქმა უნდა, ეს არის საინჟინრო და ტექნიკური ცოდნა, რომელსაც იმისთვის იყენებ, რომ ესკიზი გააცოცხლო. ჩემი აზრით, ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის გაერთიანება გვაძლევს შედეგად წარმატებულ არქიტექტორს.
თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს არქიტექტურული სივრცე? როგორ შეაფასებდით მას?
ჩვენს სფეროში უამრავი გამოწვევაა. პირველი პრობლემა განათლების სისტემაა. სამწუხაროდ, განათლების დონე დღემდე ძალიან დაბალია. სტუდენტები ვერ იღებენ ადეკვატურ ცოდნას, რომლის საშუალებითაც კონკურენციას გაუწევენ განვითარებული ქვეყნების არქიტექტორებს. გარდა ამისა, ქვეყანაში ლიცენზირების, სერტიფიცირების არარსებობის გამო, ნებისმიერ არაპროფესიონალს შეუძლია საკუთარი კომპანიის შექმნა ან დამოუკიდებელ არქიტექტორად მუშაობა. როგორც წესი, დამკვეთი ცდილობს, პროექტი ისეთ ადამიანს დაუკვეთოს, რომელიც ყველაზე იაფად გაუკეთებს საქმეს. ამის შედეგია დაბალი ხარისხის პროექტები.
უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულ არქიტექტურას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, თუმცა დღეს, ისევე, როგორც თითქმის ყველა სფეროში, განვითარებულ სამყაროსთან შედარებით, რამდენიმე ათწლეულით უკან ვართ. ცხადია, ვგულისხმობ ზოგად ფონს და არა – გამონაკლისებს. აღსანიშნავია, რომ დღეს არქიტექტურა აღარაა მოქცეული კონკრეტული სტილის ჩარჩოებში, რაც მეტი შემოქმედებითი თავისუფლების შესაძლებლობას აჩენს. მიმაჩნია, რომ ყველა წარმატებულ არქიტექტორს საკუთარი ხელწერა უნდა ჰქონდეს, თუმცა ისიც ბუნებრივია, რომ შთაგონება თითოეულ ჩვენგანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
რა ძირითად პრობლემებს ხედავთ ქალაქგეგმარებითი და ურბანული განვითარების თვალსაზრისით და როგორია მათი გადაჭრის თქვენეული გზები?
ვფიქრობ, საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქალაქგეგმარებითი განვითარებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა. დღეს არაერთი ტერიტორიის განვითარება და განახლება იგეგმება. მნიშვნელოვანია, პროცესი იმ შეცდომების გათვალისწინებით წარიმართოს, რომელთა გამოსწორებაზეც დასავლური სამყარო დღემდე ზრუნავს. სწორედ ეს გამოცდილებაა საუკეთესო მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის. საუკეთესოს უნდა შევედაროთ და არა იმ დეგრადირებულ გარემოს, რომელიც ჩვენ გვერდით არსებობს.
ზოგჯერ სახელმწიფო ნაკლებად აქცევს ყურადღებას ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს, მხოლოდ კერძო ინვესტორები კი ამას ვერ შეძლებენ. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფო იღებდეს პასუხისმგებლობას ამ საქმეში.
საინტერესოა, რისგან იღებთ შთაგონებას. თქვენს რომელიმე ნამუშევარს ხომ არ გამოარჩევდით?
შთაგონების მიღება ყველაფრისგან შეიძლება, რასაც ხედავ და ეხები. შთაბეჭდილებები ილექება და კონკრეტულ მომენტში თავისით ამოტივტივდება ხოლმე, ისე, რომ შეიძლება ვერც მიხვდე, საიდან მოდის. მუშაობის პროცესში ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ნამდვილი შევქმნა. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა ვიცოდე, რატომაა ზუსტად ასეთი და არა – სხვანაირი. თითოეული გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებ, რომ სხვასაც დავაჯერო, რომ ის ისეთი უნდა იყოს და თუ ამას ვერ ვახერხებ, მაშინ აღარც მე მომწონს. ჩემი ნამუშევრებიდან იმას გამოვარჩევ ხოლმე, რომელზეც კონკრეტულ პერიოდში ვმუშაობ, რადგან დაახლოებით 1 წელში უკვე აღარ მომწონს. პროექტზე მუშაობისას ყველა ნამუშევარი შვილივით მიყვარს, რამდენიმე თვეში კი ისინი „ცუდად აღზრდილ შვილებს“ ემსგავსებიან.
მოგვიყევით თქვენს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. ესენია: ხადის ხეობის განაშენიანების გეგმა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით ხორციელდება; პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ლანდშაფტური დიზაინი, რომლის დამკვეთიც თბილისის მერიაა; მრავალფუნქციური კომპლექსის, „მოედნის“ არქიტექტურული პროექტი; კერძო კოტეჯების კომპლექსი ბაკურიანში და სასტუმროს შენობის რეკონსტრუქცია წყალტუბოში.
სამომავლო გეგმებზე საუბარი მიჭირს, რადგან კონკრეტული გეგმები არ გვაქვს. ჩვეული რეჟიმით გავაგრძელებთ საქმიანობას: მივიღებთ შემოთავაზებებს და ჩვენთვის მისაღებ პროექტებზე ვიმუშავებთ.
დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?
ახალგაზრდებს, უპირველესად, ვურჩევ, ბევრი იშრომონ და მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდნენ. ზუსტად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რას აკეთებენ. ეს დაეხმარებათ, სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.