in

8 საინტერესო გზა მკვეთრი აქცენტების დასამატებლად მისაღებ ოთახში

იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის ფერი და ნიმუში ხვდება ინტერიერში, ხშირად კონტრასტული ფერების დაბალანსება და ერთ მთლიანობაში მოყვანა საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, თამამი და ნათელი ფერების გამოყენებით ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი იქმნება. იმ შემთხვევაში, თუ სახლში სწორედ ასეთი აქცენტების დამატება გსურთ, თუმცა გეშინიათ, რომ ამან მაქსიმალიზმით შთაგონებული, კაშკაშა სივრცე არ შეგიქმნათ, ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, მოერიდოთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას, როგორიცაა, მაგალითად, ავეჯი, სანაცვლოდ კი ფერები მცირე დეტალების სახით შემოიტანოთ.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ყველა ტონი კიდევ უფრო მკვეთრი ჩანს, თუ მას თეთრ ფონზე გამოიყენებთ. ასე რომ, სჯობს ფონის სახით შედარებით ნეიტრალური ფერები გამოიყენოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მკვეთრი ტონები მარტივად დააბალანსოთ და გაანეიტრალოთ მშვიდი, მიწიერი ჩრდილების გამოყენებით. გარდა ამისა, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო მეთოდს გაგიზიარებთ, რომლებიც მისაღებ ოთახში ნათელი ფერების შემოტანასა და დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

გაანეიტრალეთ სიკაშკაშე ნეიტრალური ფერებით

ნათელი ფერები იზოლირებულად შეიძლება ძალიან ენერგიულ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ისინი ნეიტრალურ ტონებთან არის ბალანსში, ეს ენერგია საგრძნობლად მცირდება. ასეთ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ რბილი ცისფრის გამოყენებას, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ ავეჯისა და სხვადასხვა დეკორაციების ან კედლების ფერის სახით, მის ფონზე კი ისეთი მკვეთრი ფერებიც კი, როგორიცაა ოქროსფერი, სასიამოვნოდ მშვიდი და კომფორტული გახდება.

სცადეთ ნარინჯისფრის გამოყენება

ნარინჯისფერი შესანიშნავი ფერია, რომელიც დაგეხმარებათ თამამი და ძალიან ელეგანტური ინტერიერის შექმნაში. სხვა მძლავრი ფერების მსგავსად, მას აქვს ოთახში ენერგიის გამაძლიერებელი ეფექტი, რაც სივრცეს თანამედროვე შეგრძნებას ანიჭებს. იფიქრეთ მისი დივნებისა და სხვა ავეჯის სახით დამატებაზე, საერთო ფონის სახით კი არჩევანი შეაჩერეთ ისეთ თბილ ტონებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნაცრისფერი და ღია ცისფერი.

შეიძინეთ მკვეთრი ფერის აქსესუარები

თუ თქვენ ეძებთ გზას სივრცეში ენერგიის გასაღვიძებლად, მაგრამ არ გსურთ მკვეთრი ფერების კედლები ან ავეჯი, მცირე აქსესუარები საუკეთესო არჩევანია. თამამ და ფერად ხელოვნების ნიმუშებს შეუძლიათ სივრცის ამაღლება და აქ ძალიან დახვეწილი შეგრძნების აღძვრა. ეს შეიძლება იყოს მკვეთრი ფერებით მოქსოვილი ხალიჩა, ლარნაკი ან რაიმე მსგავსი დეტალი. ამ გზით ყველაზე ნეიტრალურ ან მონოქრომატულ ოთახშიც კი შეძლებთ თვალშისაცემი ფოკუსური წერტილის შექმნას.

განიხილეთ თამამი დიზაინის შპალერი

დიზაინ განაცხადის გარდა, ასეთმა შპალერმა შეიძლება უზრუნველყოს ინტიმისა და კომფორტის განცდა. სხვადასხვა ფერების ერთობლიობით შექმნილი ფონი განსაკუთრებით მოუხდება დინამიკურ ინტერიერს და ცოცხალ, კონტრასტულ ხასიათს აღძრავს. თანმიმდევრული და თანამედროვე შეგრძნებისთვის დიზაინერები გირჩევენ, მოერიდოთ თეთრ ფერს და ამის ნაცვლად შეარჩიოთ ისეთი მუქი ფერები, როგორებიცაა მწვანე, ლურჯი, მკვეთრი ვარდისფერი და სხვა.

ჭერი და კედლები ერთ ფერში შეღებეთ

თუ საღებავის სახით მკვეთრ ფერს ირჩევთ, ერთ-ერთი საუკეთესო იდეა ჭერისა და კედლების ერთ ტონალობაში შეღებვაა, რათა ამ ორს შორის თავიდან აირიდოთ ძალიან მკვეთრი კონტრასტი. ფერის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მკვეთრი ტონებიც კი, როგორებიცაა მაგალითად, ყვითელი ან კაშკაშა მწვანე. ასეთი მიდგომით მოწყობილი მისაღები ბევრად უფრო თამამი და დრამატული გახდება და ექნება ძალიან თანამედროვე ელფერი.

მიიღეთ შთაგონება ბუნებისგან

ბუნებრივ ფერთა პალიტრა ყოველთვის ძალიან ცოცხალი და მრავალფეროვანია და აღვიძებს სასიამოვნო მოგონებებს. ბუნებასთან დაკავშირებული ტონები ადამიანებს ძალიან შთააგონებს. უშუალოდ ფერების სახით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი საყვარელი მოგონებებით შთაგონებული ჩრდილები, მაგალითად ზაფხულის მზის მსგავსი ყვითელი ან მუქი მწვანე, რომელიც ტყესთან ურთიერთობის შეგრძნებას შექმნის.

გამოყავით ზონები

ამ კონკრეტულ პროექტში ინტერიერის დიზაინერმა გადაწყვიტა, ზეთისხილისფერი მწვანე კედლის ერთ ნაწილზე ცალკეული ზონის გამოსაყოფად გამოეყენებინა, რამაც ოთახში ელეგანტური იერსახე შექმნა. იატაკიდან ჭერამდე ჩაშენებული კარადა არა მხოლოდ საინტერესო დიზაინ გადაწყვეტილებაა, არამედ სივრცეში კონტრასტიც შემოაქვს, დამატებით კი ინტერიერში ბუნებრივ ხასიათს უზრუნველყოფს.

სცადეთ ექსპერიმენტები

თუ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას და გსურთ, შექმნათ ინტერიერი, რომელიც ნამდვილად გამორჩეული იქნება, შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი კონტრასტული ფერები, რომლებიც ერთმანეთს ერთი შეხედვით საერთოდ არ უხდება. შედეგად, მიიღებთ ერთი მხრივ ძალიან კონტრასტულ, მეორე მხრივ კი გაბედულ და ენერგიულ სივრცეს, რომელიც შეძლებს ხმამაღალი დიზაინ განაცხადის გაკეთებას.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Buildy ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია

როგორ შევქმნათ ამაღლებული განწყობა ავეჯისა და დეკორაციის დახმარებით – 5 საინტერესო ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ