სკაგენი დანიის ყველაზე ჩრდილეთით მდებარე ქალაქია. ის გრძელ ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ორ ზღვას შორისაა მოქცეული. მარტივია იმის წარმოდგენა, თუ რა მშვენიერ პეიზაჟებს შეიძლება წავაწყდეთ ამ ქალაქში, სადაც შესაძლებელია კატეგატის საზღვაო სივრცისა და ჩრდილოეთის ზღვის ტალღების შეერთების ხილვა. პატარა ქალაქი სკანდინავიურ ხედებსა და გრძელ ისტორიას საკუთარ თავში აერთიანებს და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია.
არქიტექტორმა მატიას ბროკდორფმა (Mathias Brockdorff) სწორედ აქ გაატარა თავისი ბავშვობა და დანიურმა ხედებმა მის ცნობიერებაზე იმხელა გავლენა იქონია, რომ სწორედ ამ ქალაქში მოუნდა მას მუდმივი ბინის დადება. ბროკდორფმა სკაგენში ტრადიციები და თანამედროვეობა გააერთიანა და შექმნა სახლი, რომლის ინტერიერიც იდეალურია ოჯახისთვის. სახლის ექსტერიერი თავის მხრივ, პატივს მიაგებს სკაგენის ისტორიას – მისი მოხატული კედლები და ჩალით გადახურული სახურავი 1870-იანების სკაგენის არქიტექტურული სტილის გამოძახილია, როცა სახლები ჩაძირული გემების გადამუშავებული ხისგან იგებოდა.
მატიას ბროკდორფისთვის ხე უნიკალური მასალაა, რომლის ინტერიერსა თუ ექსტერიერში გამოყენებით ადამიანები ბუნებას უახლოვდებიან. ამასთან ერთად, ბროკდორფი უდიდეს ყურადღებას აქცევს მასალის ხარისხსა და ეკომეგობრულობას – სამშენებლო ინდუსტრია ხშირად ზიანის მომტანია დედამიწისთვის. აქედან გამომდინარე, სახლის ასაგებად გამოყენებული ხის მასალის უდიდესი ნაწილი დანიური კომპანია „Dinesen”-ის წარმოებისაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ხეს ამუშავებს საფრანგეთისა და გერმანიის ტყეებიდან.
ინტერიერი ბროკდორფმა ზონებად დაყო. სამზარეულო სახლის ცენტრში მდებარეობს და მისი ყველაზე ხალხმრავალი ნაწილია. ოჯახისთვის ერთად ჭამა არამხოლოდ მოვალეობა, არამედ საკრალური რიტუალია, ამიტომ სამზარეულოს ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მთელს სახლში.
პროექტის მთავარი ჩანაფიქრი სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების გაცოცხლება იყო. დახვეწილი ინტერიერი ოჯახის თითოეული წევრის საჭიროებებზეა მორგებული, მაგალითად, ბროკდორფის მამას ტინიტუსის სინდრომი აქვს, ამიტომ სახლს აკუსტიკური ჭერი გააჩნია, რომელიც ხმას მაქსიმალურად ახშობს. ამასთან ერთად, ბროკდორფმა პატარების ინდივიდუალიზმიც გაითვალისწინა – ის ხვდება, რომ შვილებს მთელი დღეების მშობლებთან გატარება შეიძლება არ უნდოდეთ და მათთვის საჭიროა საკუთარ თავებთან მარტო დარჩენა, ამიტომ ამ უნიკალურ სახლში მისი შვილებისთვის გამოყოფილია სათამაშო ოთახი.
თბილი დღეების განმავლობაში ოჯახური სიცოცხლე ტერასაზე ინაცვლებს. სახლიდან სანაპირო ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს, მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია კი დაცულ ნაკრძალს ეკუთვნის, რაც მარტივად წარმოგვადგენინებს იმ ბედნიერებას, რომელიც ასეთ სახლში ცხოვრებისას შეიძლება დაგვეუფლოს.
ფოტოგრაფი: Claus Troelsgaard
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”