ეს პროექტში ბათუმში მდებარე ისტორიულ შენობაში მდებარეობს და მასზე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა ინტერიერის დიზაინერმა, ელენე სხვიტარიძემ იმუშავა. აღნიშნული სივრცის დიზაინი გერმანული პროექტის, ფრაგმენტული სასტუმროს ფარგლებში შეიქმნა.
“ფრაგმენტული სასტუმროს კონცეფცია” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე განსხვავებული ლოკაციების თემატიკის მიხედვით შექმნილ დიზაინს გულისხმობს. წარმოდგენილი დიზაინ პროექტის თემატიკა კი “მოხუცი პროფესორის სახლი” მიხედვით შეიქმნა.
“შერჩეული ობიექტის ექსტერიერი 100%-ით ეხმიანებოდა მოცემულობას, რაც პირდაპირ გვკარნახობდა ინტერიერის შესაბამისობაში მოყვანას,” – ელენე სხვიტარიძე
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, პირველ რიგში, მან მიზნად დაისახა, აღედგინა ყველა ინტერიერის თუ ექსტერიერის დეტალი, რაც შემორჩენილი ან დამალული იყო წინა მფლობელის რემონტის შედეგად. ასევე ელენეს ამოცანა იყო, რომ თანამედროვე დეტალების შემოტანით, უკეთ წარმოეჩინა ის ისტორიული სახე, რაც სტუმარს სახლის ისტორიას გადაუშლიდა წინ.
შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მთავარი აქცენტები სწორედ ისტორიულ დეტალებზე გაკეთდა. შედეგად, აღდგენილ იქნა ძველი ხის კარ-ფანჯარა, დარაბები, კედლის კარნიზები და რაც მთავარია, ძველი ისტორიული ბუხარი. ამას გარდა, განახლდა სველი წერტილები და სამზარეულო, რომელიც კონტრასტულად თანამედროვე მასალით, უჟანგავი მეტალით არის დამზადებული.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ეზოს მხარეს არსებული აივნის აღდგენა, რომელსაც ელენემ იტალიური ეზოსთვის დამახასიათებელი ვიტრაჟი მოარგო.
“ვიტრაჟი, საბოლოო ჯამში, მინაც ნაწილობრივ დაბურული შევარჩიე, რათა დამჯდარ მდგომარეობაში, შიდა ეზოში არსებული “მრავალფეროვნება” ნაკლებად თვალსაჩინო ყოფილიყო, ხედვა კი ცისკენ მივმართეთ,” – გვიამბობს ელენე
“მოხუცი პროფესორის სახლის” განუყოფელი ნაწილი კაბინეტია, რომელსაც აქ ერთი ოთახი ეთმობა. ავეჯი ამ შემთხვევაშიც შერეულად, თანამედროვე და ისტორიული დეტალებით არის დაკომპლექტებული. ყურადღებას იქცევს ძველი საწერი მაგიდა, რომელიც პროექტის ავტორებმა მეორადი ავეჯის მაღაზიაში აღმოაჩინეს.
“ამ ტიპის პროექტის შესრულებისას უკიდურესად მნიშვნელოვანია, დაიჭირო ბალანსი ძველსა და ახალს შორის. ძველი ნივთებით გადატვირთვამ, შესაძლოა, წაშალოს ისტორიული კვალი ისევე, როგორც ზედმეტმა თანამედროვე შტრიხებმა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სივრცეში აღწერის გარეშე იკითხებოდეს, თუ რა შემოგვინახა ისტორიამ და რა კვალს ვუტოვებთ ჩვენ მომავალს. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია დამკვეთის მიდგომა და შემსრულებლების სიყოჩაღე, რაშიც თვლი, რომ ძალიან გამიმართლა,”- ელენე სხვიტარიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე