სტოკჰოლმში მდებარე ბინა, რომელსაც ხეებით გარშემორტყმული ადგილმდებარეობა აქვს, შესანიშნავი ადგილია სიმშვიდის საძიებლად. ინტერიერი კოტეჯის სტილშია მოწყობილი, მისი საერთო ფართობი 58 კვადრატული მეტრია. პროექტი არის მოკრძალებული ზომის, თუმცა აერთიანებს რამდენიმე ოთახს, მათ შორის მისაღებს პატარა საოფისე სივრცით, საძინებელსა და მყუდრო სამზარეულოს.
როგორც სკანდინავიური სტილის სახლების უმეტესობაში, მეპატრონემ არჩევანი ამ შემთხვევაშიც სადა და ღია ფერებზე გააკეთა. ფერთა პალიტრა შერწყმულია ხის დახვეწილ იატაკთან და შენარჩუნებული აქვს ოციანი წლების ორიგინალური დეტალები, როგორებიცაა კარები, ფანჯრები, საკუჭნაო და სხვა.
მისაღებ ოთახს აქვს ორი დიდი ფანჯარა, საიდანაც ეზოს ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. სახლის ამ ნაწილს საკმაოდ დიდი ადგილი აქვს კომფორტული დივნისა და საოფისე ინვენტარის მოსათავსებლად.
საძინებელი მისაღები ოთახის გვერდით მდებარეობს. აქ საკმარისი ადგილია საწოლისა და პატარა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. ოთახს აქვს მშვიდი ატმოსფერო, რომელსაც კედლებზე არსებული მომწვანო ფერის აქცენტები ქმნის. საწოლის თავზე არსებული თარო კი მოსახერხებელ სათავსოს ქმნის.
სამზარეულო დაახლოებით სამი წლის წინ გარემონტდა და აღჭურვილია ნაცრისფერი კარადებითა და ღია ფერის ქვის სამუშაო ზედაპირებით. იგი ასევე მოიცავს ფართო საკუჭნაო სივრცესაც. კედლებზე, საძინებლის მსგავსად, მომწვანო ფერის საღებავია გამოყენებული. ეს ფერი სახლის მფლობელმა საგულდაგულოდ შეარჩია, რათა სახლში სინათლის ეფექტები შემოეტანა. ამას გარდა, სამზარეულოს ერთ ნაწილში კედლები თეთრი ფერის ფილებით არის მოპირკეთებული, რაც მას კლასიკურ და დახვეწილ იერს ანიჭებს.
საბოლოო ჯამში, ბინა სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობით, მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, რაც იდეალურია როგორც დასასვენებლად და სამუშაოდ, ასევე ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლადაც.