in

ზაფხულის დაუვიწყარი განწყობა „Mon Chou“-ში – „DODO Designs“-ის ნამუშევარი ფალიაშვილის ქუჩაზე

ყოველ სეზონზე ქალაქში განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე საბავშვო კონცეპტუალური შოურუმი „Mon Chou“ ზრუნავს, რომელიც მუდმივად განახლებულ, შთამბეჭდავ დეკორაციას გვთავაზობს და არა მხოლოდ ერთგულ მომხმარებელს უქმნის საზეიმო განწყობას, არამედ – ფალიაშვილის ქუჩის ნებისმიერ გამვლელსაც.

ზაფხულის თემატიკასთან დაკავშირებულ შიდა დეკორსა და თვალისმომჭრელ ფასადზე ერთობლივად იზრუნეს შოურუმის დამფუძნებელმა – მარიკა ვახტანგიშვილმა, მარკეტინგის გუნდთან ერთად და „DODO Designs“-მა დოდოშკა ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონია შოურუმის ექსტერიერსა თუ ინტერიერს აფორმებს და ულამაზეს დეკორაციას ქმნის.

ფოტო: სერა ძნელაძე

„დეკორაცია ზაფხულის მისასალმებლად შევქმენით. კონცეფციაც სწორედ ამის მიხედვით შევიმუშავეთ, რათა დიზაინს ზაფხულის შეგრძნებები და განწყობა აღეძრა მნახველში. ვიფიქრეთ, რომ პეპლები და მზე პირდაპირ უკავშირდება ამ სეზონს, ნაყინის გარეშე კი ცხელი დღეები წარმოუდგენელია. პეპლები ხელით არის შესრულებული. მათგან ერთ-ერთი ქსოვილისგან დამზადდა, ამიტომ შედარებით რეალისტურია და საოცარ ეფექტს ქმნის, მეორე კი, დეტალებზე აქცენტირებითა და ხალისიანი ფერების წყალობით, უფრო ჯადოსნურია და ზღაპრის ილუსტრაციას მოგვაგონებს. რადგან საბავშვო შოურუმია, განსაკუთრებით ვცდილობ, დიზაინი ბავშვების ფანტაზიას მოვარგო, რათა გარემო მათ წარმოსახვაში არსებულ სურათებს აცოცხლებდეს. მზეც ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ზღაპრებსა და მულტფილმებში ვხვდებით – გაღიმებული, ლაღი და კაშკაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ პეპლები და მზე, განათების წყალობით, საღამოობით განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება“, – გვიამბობს დოდოშკა ჩხეიძე.

ფოტო: სერა ძნელაძე
ფოტო: სერა ძნელაძე

Mon Chou“-ს ინტერიერი და ექსტერიერი ნებისმიერ მნახველს ზაფხულის დაუვიწყარ, ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს და საზეიმოდ განაწყობს.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ნინჩო ჯეირანაშვილი

1920 წელს აშენებული მშვიდი საოჯახო სახლი შვედეთში

ბუნებასთან მჭიდრო კავშირით შექმნილი სახლი იაპონიაში