ბინა, რომელიც “თბილისი გარდენსის” კომპლექსში მდებარეობს დიზაინ სტუდია Tinatin-ის ნამუშევარს წარმოადგენს.
პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომლის თანახმად ინტერიერი უნდა ყოფილიყო მონოქრომატული, მშვიდი და მყუდრო. ამ ეფექტის მისღწევად ხის იატაკი, მისაღები ოთახის ავეჯი, კარადები და საძინებლების დეტალები შესრულებულია ერთი ტონალობის ხის მასალისგან. კედლები დამუშვებულია დეკორატიული ღებვით, რომელიც საინტერესო შუქჩრდილებს ქმნის და სივრცეს კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის.
მისაღები ოთახის მთავარი აქცენტი ქვის ზედაპირის მქონე მაგიდა და იტალიური ბრენდი NEMO-ს მეტალის სანათია, რომელიც ინტერიერში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისაღებსა და საერთო სივრცეებს შორის არსებული გამყოფი ტიხარი. ეს არის დეკორატიული მინისგან დამზადებული ელემენტი, რომელშიც მოთავსებულია მეტალის სპილენძისფერი ბადე.
ინტერიერის დიზაინის კანონების თანახმად, მონოქრომატული დიზაინის სრულფასოვნებისთვის საჭიროა ერთი აქცენტ ფერის შერჩევა. ამ შემთხვევაში სტუდია Tinatin-მა არჩევანი მწვანე ფერზე შეაჩერა. შერჩეული სავარძლები სასიამოვნო კონტრასტს ქმნის ჩალისფერ ავეჯთან მიმართებაში და გარემოს მკვეთრი ჩარევის გარეშე მატებს ფერს.
ავეჯისა და სამზარეულოს ფორმები სწორკუთხოვანია, რაც ერთგვარი წესრიგისა და სიმარტივის შეგრძნებას აჩენს.
საძინებლების ფერები ნათელი და მშვიდია. ძირითადი აქცენტები ამ შემთხვევაშიც დეკორატიული სანათებით არის მიღებული.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი