დღევანდელ სტატიაში ნინო მშველიძის მორიგ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც განსაკუთრებული დიზაინითა და ორიგინალური დეტალებით გამოირჩევა. ინტერიერის მთავარი ტონალობა თეთრი, სერი და ვერცხლისფერია, კონტრასტის სახით კი შავი, ნარინჯისფერი და წითელი აქცენტები გვხვდება, რაც სივრცეს საინტერესოსა და ელეგანტურს ხდის.
სივრცის ფართობი 120 კვ.მ.-ია და ის მაქსიმალურად გახსნილი გეგმარებით ხასიათდება. ბინაში გაერთიანებული მისაღები, სამზარეულო და სასადილო გვხვდება. კომპანია “Lyon”- ის უჟანგავი ფოლადის სამზარეულო თავისივე კუნძულით და „Hay”-ის შავი ფერის სკამებით გამიჯნულია სასადილო ზონისგან, სადაც განთავსებულია “Pianca”-ს უჟანგავი ფოლადის ზედაპირით შექმნილი მაგიდა, რომელიც დაბოლოებულია ასევე უჟანგავი მრგვალი ძირით, საიდანაც იქმნება ანარეკლი ბეტონის ცენტრალურ ფეხზე და ბადებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ჰაერშია. ეს ელემენტი ზონირებასთან ერთად, სასადილო მაგიდის როლსაც ითავსებს და საკმაოდ ფუნქციურია.
ღია ფერის კედლებს კონტრასტულად ეხამება შედარებით მუქი ტონალობის იტალიური კომპანია “MARAZZI” -ის კერამოგრანიტის ფილებით შექმნილი იატაკი, რომელიც იდეალურად ესადაგება “Pianca”-ს ამავე ფერის ტილოს მსუბუქ და კომფორტულ ტახტს. თეთრი ფერის ხალიჩით აქცენტი მოსასვენებელ კუთხეზე მახვილდება, რომელზეც თანამედროვე სტილის, “Antonio Faccos” -ს დიზაინით, კომპანია “Mogg”-ისთვის შექმნილი მონოლითური ბეტონის მრგვალი ფორმის ორიგინალური ყავის მაგიდებია წარმოდგენილი. აქვე გვხვდება საინტერესო დიზაინის წითელი სკამიც, რომელსაც კონტრასტული შტრიხები და სიხალისე შემოაქვს სივრცეში. აღნიშნული მოდელი ერთგვარ კავშირს ამყარებს ამავე ტონალობის კომპანია “FOSCARINI”-ის ძალიან ცნობილ “TWIGGY”-ის დეკორატიულ სანათთან, რომელიც “Hay”-ის მწვანე ფერის სავარძელთანაა მოთავსებული და კიდევ ერთ დასასვენებელ კუთხეს ქმნის.
დომინანტურ როლს თამაშობს შავი მასიური მეტალის ტელევიზორის კედელი, სადაც ტელევიზორთან ერთად, წიგნები და აქსესუარებია მოთავსებული. გამოყოფილია სივრცე სვეტსა და კარადას შორის, სადაც ვერტიკალურად გვხვდება კომპანია “FLOS”-ის ძალიან საინტერესო “PARENTESI PENDANT LAPM”-ის სანათი, რომელიც ამ ორ თითქოს უმნიშვნელო კუთხეს აერთიანებს და სიმყუდროვეს ქმნის. მთელს ბინაში გამოყენებულია კომპანია “DELIGHT” -ის შესასმელი გრძივი და მრგვალი სანათები, რომლებიც ფონურ ნათებას უზრუნველყოფს.
ბინის გამორჩეულ ნაწილს სამზარეულო წარმოადგენს, სადაც წამყვან თეთრ ტონალობაში ვერცხლისფერი აქცენტები იჩენს თავს. “Lyon”-ის უჟანგავი ფოლადის სამზარეულოს ავეჯი, რომელიც კუნძულს, გამწოვს და “Deltalight”-ის სანათს უკავშირდება, განსაკუთრებულ ელფერს მატებს სივრცეს.
საინტერესოა ისიც, რომ სამზარეულოს კედელი კომპანია “MARAZZI”-ის “Rices”-ის კოლექციიდან წარმოდგენილი მოცულობითი ფორმის სერი ფერის ფილებითაა მოპირკეთებული, რაც ოთახის ერთიანობას უსვამს ხაზს და ინტენსიურ ვერცხლისფერს ერთგვარად აბალანსებს. “Tom Dixon”-ის ქრომირებული მრგვალი დისკოს ბურთის მქონე განათებას კი ამაღლებული და სასიამოვნო განწყობა შემოაქვს. აქცენტის შესაქმნელად დიდ როლს ასრულებს კომპანია “TRESS”-ის ძალიან ორიგინალური, კონტრასტული, ნარინჯისფერი შემრევიც.
ბინის დერეფანში კედელზე დატანილი ქართველი მხატვრების ნახატები ჩაშენებული კარადის მთელ კედელზე მოთავსებულ მრგვალ სარკეში ირეკლება, რაც სარკეში მოხვედრილ ყველა ნივთს ამრავლებს, ამიტომ სივრცის მოცულობა იზრდება და მიმზიდველი ეფექტი იქმნება.
ნინო მშველიძის ნამუშევარი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება. მონოქრომულ სივრცეში საინტერესო აქცენტებს ქმნის ფერთა გამა – ერთი დომინანტური ფერის რამდენიმე ტონი, ასევე, წითელი და ნარინჯისფერი დეტალები, რომლებიც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ინტერიერის მთავარი ხიბლი მისი ზომიერებაა. ის არ არის გადატვირთული ავეჯითა და დეკორატიული ნივთებით, რაც ნინო მშველიძის პროექტებისთვის დამახასიათებელ ჰაეროვნებასა და სისადავეს უზრუნველყოფს. აღნიშნული ბინაც, მისი წინა ნამუშევრების თითქოს ლოგიკური გაგრძელებაა და დიზაინერის ხელწერას უსვამს ხაზს.
პროექტის ავტორი: ნინო მშველიძე
გამოყენებული მასალა: “MARAZZI “; “ARCHIDEA GROUP”; “DELIGHT “; “ELECO.GE”