in

Moon Rabbit Store – სხვადასხვა მასალითა და ექსპერიმენტებით დამზადებული ინტერიერის ობიექტები

Moon Rabbit ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია დიზაინის მრავალფეროვან ბაზარზე. მის გამორჩეულობას კი მისივე პროდუქცია ამტკიცებს – აქ თითქმის ყველაფერს ნახავთ თქვენი ინტერიერისთვის და თანაც, ძალიან ორიგინალური ფორმითა და მასალით შექმნილს.

Moon Rabbit-ის დაფუძნების იდეა 1 წლის წინ ორ მეგობარს, ნატო ბაგრატიონსა და სოფო კობიძეს დაებადათ – “გვსურდა, შეგვექმნა მაღაზია, სადაც ჩვენ მიერ გამოგონილ და შექმნილ ნივთებს გავყიდდით.. ეს  ნივთები შეიძლება ყოფილიყო ექსპერიმენტალური და, ამავდროულად, გამოყენებადი ან მხოლოდ ხელოვნების ობიექტები.”

როგორც თავად ამბობენ, მეგობრები სხვადასხვა მედიუმებში მუშაობენ და ამიტომაც მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა, ჰქონდეთ მაღაზია, სადაც თავიანთ შექმნილ ნივთებს შესთავაზებენ მომხმარებლებს

“გვიხარია, როდესაც ახალ ნივთზე ვმუშაობთ და ვატარებთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალაში. ამასთანავე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელოვანთან თუ დიზაინერთან, რაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის ჩვენს საქმიანობას.”

Moon Rabbit-ზე მეგობრები ეტაპობრივად ამატებენ სხვადასხვა ნივთს. როგორც თავად გვიამბობენ, ისინი არ არიან შეზღუდულები ამ კუთხით – “რაც მოგვინდება და რა იდეაც გაგვიჩნდება, ვქმნით და ვანთავსებთ მაღაზიაში”. გოგონები, ძირითადად, ინტერიერის ობიექტებს ამზადებენ, თუმცა, აქვე ნახავთ სამკაულსა და ტანსაცმელსაც. სოფო და ნატო სამომავლოდ მათ მიერ გამოგონილი საკვები პროდუქტების განთავსებასაც კი გეგმავენ მაღაზიაში.

“ინტერიერის მიმართულებით მომხმარებელს ვთავაზობთ: სხვადასხვა ტიპის განათებას (ჭაღებს, ბრებს, ტორშერებს, მაგიდის განათებებს, lightbox-ებს); კვერცხის ჩასადებებს, სასაპნეებს, დეკორატიულ ცხოველებს, შანდლებს, საყვავილეებს, სკამებს, ფანქრების ჩასადებს, ზარდახშებს, სარკეს, ხის დეკორატიულ სათამაშოებს, თაროებს.”

როგორც უკვე ვახსენეთ, მეგობრები სხვადასხვა მედიუმში მუშაობენ და ყველაზე ხშირად ისინი ნივთების შესაქმნელად შემდეგ მასალებს იყენებენ: ხე, ქაღალდი, თაბაშირი, ეპოქსიდი და ლითონი.

ამ ორიგინალური ნივთების მიღმა კი, რასაკვირველია, იმალება მათი შთაგონებაც, რომელიც მათივე თქმით, ყველა მხრიდან შეიძლება მოვიდეს. ეს შეიძლება იყოს თუნდაც – ფილმი, ნახატი, ძველმანების ბაზრობა, ქუჩაში აღმოჩენილი ობიექტი თუ ბუნება.

სოფოსა და ნატოს თქმით, პროდუქტზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება და სწორედ ამიტომ, ისინი სულ მალე Moon Rabbit-ის შოურუმის გახსნას გეგმავენ წინამძღვრიშვილის 46 ნომერში, სადაც ბევრი ახალი და საინტერესო ახალი ნივთი დახვდება მომხმარებელს.

ხუთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს კარადების ფერების შერჩევისას

“ახალი წელი მოსულა” – კომფორტერი ჯადოსნურ საახალწლო დღესასწაულს გვპირდება