in

მოქნილი ინტერიერის 5 თვისება

ოჯახის სიდიდისა და მეპატრონეების ასაკის მიუხედავად, მოქნილ სივრცეს თანამედროვე სამყაროში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. 2020 წელმა ჩვენი სახლების ინტერიერის მნიშვნელობა წარმოაჩინა, რომლებიც თვითიზოლაციის პირობებში “ოფისებად”, “სპორტულ დარბაზებად” და “რესტორნებად” გადაიქცა. დღევანდელი ცხოვრების წესის პირობებში მრავალფუნქციური ინტერიერი აქტუალური ხდება, განსაკუთრებით პატარა ბინებისთვის.

1. მოქნილი საძინებელი ადგილი

მრავალფუნქციური ინტერიერის ერთ-ერთი პოპულარული კომბინაცია სასტუმრო ოთახში გასაშლელი დივნის მოთავსებაა, რომელიც ამავდროულად საძინებლის როლსაც ასრულებს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ეფექტურია იმ პირობებში, როცა ოჯახი გაიზარდა ან ვინმეს ძილისთვის დამატებითი ადგილი დასჭირდა. ამავდროულად თანამედროვე გასაშლელი დივანი უკვე ალტერნატივას კი არა, არამედ სრულყოფილი საძინებელი ადგილის როლს ასრულებს, რადგან დღეს მწარმოებლებს გასაშლელ სისტემაში მაღალი ხარისხის ზამბარიანი მატრასის ინტეგრირება შეუძლიათ.

კიდევ ერთი ვარიანტი გადმოსაშლელი საწოლია, რომელიც დღის განმავლობაში სათავსო სისტემის ფასადს ჰგავს, საღამოს კი საძილე ადგილად გადაიქცევა. როცა მრავალფუნქციურ ინტერიერზე ვსაუბრობთ, წინ ყოველთვის ტრანსფორმერი ნივთები იწევს. ჟურნალის მაგიდა, რომელშიც პატარა მაგიდებია მოთავსებული, სამზარეულოს კუნძული, რომელიც სათავსოს, საჭმლის მომზადებისა და ჭამის ადგილის ფუნქციას ითავსებს და ა.შ.

2. თავისუფალი სივრცე

უმთავრესი, რაც მოქნილ ინტერიერს ესაჭიროება – თავისუფალი სივრცეა. მაგალითად, ავეჯისგან გადაუტვირთავი სასტუმრო მთელი ოჯახის დასვენების, ბავშვების აქტიური თამაშისა და ძილისთვის საუკეთესო ადგილია. უბერებელი ტრენდია სივრცის ღია გეგმარება მოძრავი ტიხრების მეშვეობით, რომლებსაც ოთახის ზონირება საჭიროებისამებრ შეუძლია. სივრცის ზონირება პატარა ავეჯის, ტექსტილისა და ხალიჩების აქცენტების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. თუ თქვენ ყოველი საჭიროების შემთხვევაში რაღაცის გადაადგილების სურვილი არ გაქვთ, მაშინ სივრცის ყოველ კუთხეს კონკრეტული ერთი ფუნქცია უნდა მიანიჭოთ.

3. შენახვის ინტელექტუალური სისტემები

თუ თქვენ აუცილებლობის შემთხვევაში ავეჯის გადაადგილება გსურთ, ყველა საყოფაცხოვრებო წვრილმანი თავის ადგილზე უნდა ინახებოდეს. სივრცის მინიმალისტურ იერს და წესრიგის განცდას ლაკონიური ფასადის მქონე სათავსო სისტემები უზრუნველყოფს. მაგალითად, კედლის ფერებში შეღებილი მასშტაბური კარადები სივრცეს ერწყმის და არ ამძიმებს მას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საწოლის ქვეშ არსებული სივრცე გამოსაგორებელი უჯრებით ან ასაწევი მექანიზმებით.

4. გონივრული განათება

განათების დეტალურად გათვლილი სცენარი ინტერიერის შესაძლებლობების პირდაპირპროპორციულია და  ატმოსფეროს შეცვლა მყისიერად შეუძლია. ზუსტი დეკორატიული განათების წყალობით, ასევე დიმერების მეშვეობით, წამებშია შესაძლებელი სასტუმრო ოთახის აქტიური სივრციდან მედიტაციის მყუდრო ზონად გადაქცევა.

5. ნეიტრალურ ფერთა პალიტრა

მრავალფუნქციური სივრცის შექმნა შეუძლებელია, თუ ის მკვეთრად გამოხატული და კაშკაშაა. მაგალითად, შეუძლებელია  ტროპიკული პრინტის მქონე შპალერის წინ მშვიდად მუშაობა. სამაგიეროდ, კრემისფერი, ბეჟი, თეთრი და რუხი ელფერები, თავის მხრივ, ინტერიერის სუფთა ფურცლიდან აწყობის საშუალებას იძლევა.

Gallotti & Radice – დიდი ენთუზიაზმით შექმნილი იტალიური ავეჯის ბრენდი

House 2 – სინათლითა და მინიმალიზმით სავსე სახლი პორტუგალიაში