in

მრავალსართულიანი კორპუსის ენერგოეფექტურობა – რა ტიპის მასალებზეა საუბარი ამ შემთხვევაში?

თანამედროვე სამშენებლო სტანდარტი ენერგოეფექტურ მდგრად შენობა-ნაგებობებს გულისხმობს, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს ენერგიის მოხმარებას, გარემოზე ზემოქმედებას და მაცხოვრებლების კომუნალურ გადასახადებს ზოგავს, შედეგად კი მათი ცხოვრების ხარისხს და კომფორტს აუმჯობესებს.

2023 წლის 1 ივლისს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის #354 დადგენილება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომელიც იმ კერძო და საჯარო ნაგებობებს ეხება, რომელთა ფართობი 50 მ2-ზე მეტია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად  საჭიროა #354 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა, სადაც მითითებული  იქნება შენობის კონსტრუქციის, სახურავის, კედლებისა თუ კარ-ფანჯრის მახასიათებლები.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ენერგოეფექტურობის საკითხს შევეხებით და განვიხილავთ იმ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსში ენერგიის მოხმარების შემცირებაში გვეხმარება და ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად გარემოს განაპირობებს. ენერგოეფექტურობის დადგენილების შესახებ  გვესაუბრება დარგის წარმომადგენელი, გიორგი მუხიგულიშვილი, რომელიც იურიდიული მიმართულებით მუშაობს.

„ენერგოეფექტურობის მოთხოვნების შესახებ არსებობს ტექნიკური დანართი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მოთხოვნებს შენობის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით — როგორი უნდა იყოს თბოგადაცემის კოეფიციენტი, კონსტრუქციის სხვადასხვა ელემენტი და ტექნიკური მახასიათებლები, რათა ობიექტმა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტი დააკმაყოფილოს. აღნიშნული დანართი ძალაშია 2023 წლის 1 ივლისიდან და სავალდებულოა ახალი შენობებისთვის“, — აღნიშნავს  გიორგი მუხიგულიშვილი, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების საკითხების მკვლევარი.

დარგის ექსპერტი, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი – გიორგი აბულაშვილი კი იმ მასალებსა და მოსაპირკეთებელ საშუალებებზე გვიამბობს, რომელთა დახმარებითაც სახლში ენერგოეფექტური გარემოს მიღებაა შესაძლებელი.

საიზოლაციო მასალები

უპირველესად, ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შესამცირებლად მთავარ ფუნქციას საიზოლაციო მასალები ასრულებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია თბოდანაკარგის შემცირება, რაც პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებზე. გიორგი გვიხსნის, რომ იმის მიხედვით თუ შენობის რა კომპონენტზეა საუბარი, სხვადასხვა ტიპის საიზოლაციო მასალა გამოიყენება. თუმცა, ქართულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის მოთხოვნების შესაბამისად, უპირატესობა ქვაბამბას და პოლისტიროლის მასალას ენიჭება.

„სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია მათი სისქის გათვალისწინება. რაც უფრო თბოგამტარი მასალაა, მას სჭირდება მეტი სისქე, ხოლო ნაკლებ გამტარიანი მასალა ნაკლებ სისქეს საჭიროებს. მრავალსართულიან კომპლექსებში, მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან და შენობის კარკასული ტიპიდან გამომდინარე, სასურველია, ობიექტს თხელი კედლები ჰქონდეს, ხოლო თბოსაიზოლაციო მასალად ქვაბამბა იქნას გამოყენებული, რადგან ხანძარუსაფრთხოების მოთხოვნებს ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული პროდუქტი აკმაყოფილებს. ჰორიზონტალური გადახურვის დროს კი რეკომენდებულია პოლისტიროლის მასალის გამოყენება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც საიზოლაციო მასალებზე ვსაუბრობთ, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, უმჯობესია,  მათი მონტაჟი შენობის ფასადზე მოხდეს და არა ინტერიერში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისტორიულ, კულტურულ ძეგლს ვეხებით ან საიზოლაციო პროდუქტების მოხმარება ფასადის ცვლილებებს გამოიწვევს და ტექნიკური შეზღუდვების გამო, მათი ინსტალაცია შენობის გარე კედლებსა თუ სახურავზე ვერ ხერხდება“, — ამბობს გიორგი აბულაშვილი.

კარ-ფანჯარა

ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს კარ-ფანჯრის მასალაზეც, რადგან შემინული ზედაპირების რაოდენობა და მათი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს თბოდანაკარგის რაოდენობაზე და ენერგოეფექტურობის ხარისხზე. ამ შემთხვევაში დიდი უპირატესობა ენიჭება დაბალემისიურ მინას, რომელიც მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება. სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს ამცირებს, შიდა სივრცეში არსებულ ტემპერატურას ინარჩუნებს და ოთახში შემომავალ სინათლეს არ აფერხებს.

„დღევანდელი ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულოა სამშრიანი შემინული ზედაპირი. სამშრიან შემინულ ზედაპირებთან ერთად, ვიტრაჟებზე ასევე გამოიყენება ე.წ. დაბალემისიური მინა, რომელსაც ნაკლები ენერგიის გამტარობა აქვს და სპეციალური ფენით არის დაფარული, რაც მის ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს“, — გიორგი აბულაშვილი.

სავენტილაციო სისტემა

თანამედროვე შენობებზე არსებული შემინული ზედაპირები მათ ჰერმეტიზაციას ახდენს, ამიტომ ჩვენი რესპონდენტის თქმით, აუცილებელია სავენტილაციო სისტემების მონტაჟი. ენერგოეფექტურობის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სავენტილაციო მასალის  სწორად შერჩევას. მათ შორის ყველაზე კარგი საშუალება ე.წ. რეკუპერატორია, რომელიც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯებს ამცირებს და დაბინძურებული ჰაერის განდევნისა და სუფთა ჰაერის მიწოდების ფუნქციას უზრუნველყოფს, რა დროსაც გამავალი თბილი ჰაერის ნაკადი ნაწილობრივ შემომავალ ნაკადს ათბობს.

 „ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, საუკეთესო გადაწყვეტილება ე.წ. რეკუპერატორია, რომელიც ტემპერატურის აღდგენის უნარის მქონე სავენტილაციო სისტემაა. რეკუპერატორი გამავალი ჰაერის ნაკადს ართმევს ტემპერატურას და მას შემომავალი ჰაერის ნაკადს გადასცემს, შესაბამისად, ჰაერის გასათბობად ან გასაგრილებლად ნაკლები ენერგია მოიხმარება, რაც მის დანახარჯს ამცირებს“, — აღნიშნავს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი.

დაბოლოს, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ფინანსური ხარჯი და ენერგოეფექტურობა თავად შენობის ტიპზე, კედლების სისქეზე, ფართობზე, თბოდანაკარგის მაჩვენებელზე და ვიტრაჟების რაოდენობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ შენობა სტანდარტულად თბება, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით, შესაძლებელია ენერგიის 40-60%-მდე დაზოგვა და შესაბამისად, კომუნალური გადასახადების შემცირება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ნივთი amazon-დან, რომლებიც როუტერის დამალვაში დაგეხმარებათ

ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია — ელენე სხვიტარიძის ხედვა