in

მშრალი წმენდის ობიექტის დიზაინ პროექტი – შორენა თაყაიშვილის ნამუშევარი

დღეს გიამბობთ ახლად გახსნილი, მშრალი წმენდის ობიექტის შესახებ, რომელიც თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 110 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული სივრცის დიზაინ პროექტი ინტერიერის დიზაინერსა და არქიტექტორს, შორენა თაყაიშვილს ეკუთვნის.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, დამკვეთის მთავარი სურვილი იყო, მაქსიმალურად  გამოეყენებინა საპროექტო ტერიტორია და ეფექტურად წარმოეჩინა მშრალი წმენდის ობიექტისათვის განკუთვნილი, ლუქს კლასის მანქანა-დანადგარები.

პროექტის ავტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „პროექტზე მუშაობისას გადამწყვეტი როლი დრომ იქონია. მოკლე დროის მონაკვეთში უნდა შემუშავებულიყო კონცეფცია, მოძიებულიყო ბაზარზე არსებული მასალები, გამზადებულიყო დიზაინ პროექტი, სწრაფად გარემონტებულიყო სივრცე და საზეიმოდ გახსნილიყო“. 

კონცეფციის შემუშავებისას მნიშვნელოვან ფაქტორს საპროექტო ტერიტორიის სწორად დაგეგმარება და ქუჩის ხედის  გათვალისწინება წარმოადგენდა. თავდაპირველად ტერიტორია  სხვადასხვა დანიშნულების ფუნქციურ ზონებად იყო დაყოფილი. პროექტის ავტორისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ამ სივრცეების გაერთიანება და სამ ძირითად  ზონად წარმოდგენა აღმოჩნდა.

შუა, ცენტრალურ დარბაზში, სადაც ქუჩის მხრიდან ცენტრალური მინის კარით ვხვდებით, სტუმრებისათვის განკუთვნილი მისაღები სივრცეა. აქ განლაგებულია მაგიდა, სარეცხი, ქიმიური წმენდის მანქანები. ხოლო გვერდებზე არსებულ ზონებში განთავსებულია ორთქლის საუთოო მაგიდები, მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების კარადები, მკერავების კუთხე. მესამე ნაწილი კი ტანსაცმლის კონვეიერმა დაიკავა.

დიზაინერმა არჩევანი ინდუსტრიულ სტილზე შეაჩერა, რომელიც  გარკვეული დეკორის, დასამახსოვრებელი ელემენტების გამოყენებით გაამდიდრა. ინტერიერის ძირითად ფერად კი გამოიყენა მუქი რუხი, დაბალანსებული ღია მწვანე ფერით. დიზაინის ელემენტებში უხვად გვხვდება: მეტალი, სარკე, მინა, მიკრო ცემენტი. იატაკზე გამოყენებულია მოპრიალებული ბეტონი. გარკვეული კედლების ნაწილი კი მოპირკეთებულია, როგორც დეკორატიული ფილით, ასევე მიკრო ცემენტით. შიდა ინტერიერის უკეთ აღსაქმელად, სივრცეები ერთმანეთისგან დაყოფილია ირიბად მდგარი დეკორატიული კედლებით. ხოლო, მეორე გამყოფი ტიხარი დეკორირებულია საკიდებით, მინებით და განათებით, რაც საოცრად დასამახსოვრებელს ხდის ობიექტს.

შორენასთვის განსაკუთრებით გამორჩეული და წამყვანი დეტალი, ცენტრალურ ადგილას მდგომი, მისაღების 4-მეტრიანი მაგიდაა, რომლის დიზაინიც საგანგებოდ დამუშავდა და ფუნქციურად გაიმართა. მეტალის სხვადასხვა ფორმის, სეგმენტებად დაყოფილი შავ და ოქროსფერ ფეხზე მდგარი მაგიდა, მოპირკეთებულია ულამაზესი ესპანური „ინალკო“-ს კერამო გრანიტის დიდი ფორმატის ფილით.

ამასთანავე, ინტერიერში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სხვადასხვა ტიპის განათებას, რომელიც ფუნქციური ზონების მიხედვით არის გამოყენებული. დამატებითი ფერის აქცენტით, აგურისფერი  სავარძლების გამოყენებამ კი, სითბოსა და სიმყუდროვის ეფექტი შექმნა.

ყურადღების მიღმა არ არის დარჩენილი მთავარი შესასვლელი კარის, საგანგებოდ დამზადებული სახელური, რომელიც სარეცხი მანქანების კარის მოხაზულობას იმეორებს. ცენტრალურ ადგილას განთავსებული სხვადასხვა ტიპის მანქანებს, ჭერში შეკიდებული, მეტალის ჰორიზონტალებისგან შემდგარი კონსტრუქცია აერთიანებთ. ინტერიერში გამოყენებული ელემენტები რიტმულობით ხასიათდება, რომელიც გარკვეულ წესრიგს ქმნის.

საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორს, მიზნის წარმატებით მიღწევასა და  მცირე დროის მონაკვეთში, ფუნქციური და მიმზიდველი სივრცის შექმნაში, სარემონტო ჯგუფი დაეხმარა. „რომ არა სარემონტო ჯგუფი, რომელმაც შეასრულა სამუშაოები აკურატულად, მოქანდაკე-მეტალის ხელოსანი -დავით მაზანაშვილი, კომპანია – „ბესტი-ჯგუფი“, მაღაზია: „ახალი ნათება“, „ვენეტო დიზაინი“, „ნიუ დიზაინი“, სადაც შეირჩა ულამაზესი მასალები, ეს ობიექტი ამ იერსახით არ მოგვევლინებოდა“.

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ალდო როსი — პირველი იტალიელი არქიტექტორი, რომელმაც პრიცკერის პრემია მოიპოვა

ნაძვისებური და V ფორმის იატაკი – რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავებები მათ შორის