მშვიდი და კომფორტული ძილისთვის საძინებელში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ინტერიერია. სწორედ ამიტომ, არსებობს რამდენიმე კონკრეტული ნივთი, რომელიც ადამიანებს თითქმის ყოველთვის აქვთ თავიანთ საძინებლებში და ისინი ხელს უწყობენ ღამით უფრო სასიამოვნოდ ძილის პროცესს.
თუ თქვენს საძინებელში რაიმეს დანაკლისს გრძნობთ და ფიქრობთ, რომ იდეალური ძილისთვის რაღაც კონკრეტული გაკლიათ, ინტერიერის დიზაინერები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გიზიარებენ, რომლებიც შესაძლოა ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.
შეიძინეთ მაღალი ხარისხის ქსოვილები
თეთრეულის სწორად შერჩევა საძინებლისთვის აუცილებელი ნაბიჯია მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად. მაღალი ხარისხის ქსოვილებში ინვესტიცია უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და საძინებელში კომფორტის გრძნობას. შეარჩიეთ რბილი მასალა და სასიამოვნო ტექსტურა, რაც გონებას დასვენებაში დაეხმარება.
გარდა საწოლისა, ნუ დაივიწყებთ სხვა ქსოვილების არსებობასაც, მაგალითად, ყურადღებით შეარჩიეთ ფარდები და აქცენტი გააკეთეთ რბილ, თანამედროვე დიზაინზე. გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენი საძინებელი ბევრად უფრო მყუდრო და დახვეწილი გახდება, მუქი ფერის ქსოვილი და ფარდები კი დამატებით დაგეხმარებათ გარედან შემოსული სინათლის დაბლოკვაშიც.
მიიღეთ შთაგონება ბუნებისგან
ბევრი ადამიანი ძილის დროს კომფორტს მაშინ პოულობს, როდესაც ცისა და ტყის ბუნებრივ შეგრძნებაზე ფიქრობს ან ნაზი წვიმის ხმა ესმის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ბუნებასთან ვიზუალური კავშირის შექმნა საგრძნობლად სასიამოვნო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ოთახში ბუნებრივი დეტალების შემოტანის არაერთი გზა არსებობს, მათ შორის ხის ავეჯისა და აბრეშუმის თუ სხვა მსგავსი ქსოვილის გამოყენება. ასევე გაითვალისწინეთ ფერები და ტექსტურაც, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობის გრძნობას უნდა აღვიძებდეს.
თავი აარიდეთ ქაოსურ და უწესრიგო სივრცეებს
გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ მინიმალისტური სტილის საძინებელში, რომელიც ზედმეტი ნივთებით არ არის გადატვირთული. ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ დიდი დრო დავუთმოთ ოთახის არასაჭირო აქსესუარებისგან გაწმენდას, რათა შევქმნათ მშვიდი და მოწესრიგებული სივრცე.
იპოვეთ შესაფერისი განათება
მკვეთრი და კაშკაშა შუქი დიდი ხანია, რაც აღარ არის თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში, რადგან ის ძალიან შორს არის დასვენებისა და სიმშვიდის შეგრძნებასთან. ამის ნაცვლად, სასურველია, რბილი და თბილი განათების შერჩევა, რაც ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესო და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ ისეთი განათება, რომელიც კომფორტული იქნება ოთახის დალაგებისას, ღამით კითხვისას და დღისა თუ ღამის სხვა მნიშვნელოვან მონაკვეთებში.
შექმენით მშვიდი ფერების პალიტრა
საძინებელში ფერთა პალიტრა საკმაოდ ინდივიდუალური საკითხია და ის შეიძლება უშუალოდ თქვენს სტილსა და გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული. მაქსიმალისტებს მოსწონთ ნათელი, ენერგიული ტონები, მაგრამ როგორც წესი, მშვიდი და მყუდრო საძინებლისთვის საჭიროა მსუბუქი, რბილი და თბილი ჩრდილები. ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, შეარჩიოთ მშვიდი ფერებისგან შექმნილი საერთო სქემა და გამოიყენოთ ისეთი ფერები, როგორებიცაა მაგალითად, ღია ცისფერი, ღია მწვანე ან რბილი ნაცრისფერი.