სახლისთვის საღებავის შერჩევა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ფერის მიზანი ინტერიერში სილამაზის შემოტანა, ფერადი აქცენტების დამატება და ინდივიდუალიზმის გაღვიძებაა, მაგრამ კონკრეტული საღებავის დანიშნულება მხოლოდ ამით არ მთავრდება. ფერთა პალიტრა ყოველთვის გარკვეულ განწყობასა და ატმოსფეროს ქმნის, რომლის ეფექტი ღრმად ფსიქოლოგიურია. ინტერიერის დიზაინერებმა შეისწავლეს „ფერების თერაპიის“ ცნება და დაადგინეს, რომ საღებავები ხშირად დეპრესიის სამკურნალოდაც კი გამოიყენება.
ფერების კარგად შესწავლამ აჩვენა, რომ წითელი ფერი ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, ყვითელი კომუნიკაბელურობისა და პოზიტიურობის ფერია და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობამ, რომლის დროსაც ფერი ასეთ ძლიერ ემოციურ მიჯაჭვულობას ქმნის, შეიძლება უკიდურესად უარყოფითი რეაქციები გამოიწვიოს მნახველში.
გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებისგან ხშირად გვესმის შეკითხვა, თუ რომელია ყველაზე “მშვიდი” და “წყნარი” ფერი. ქაოსურ სამყაროში სახლში უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ, ასე რომ მუდმივად ვეძებთ გზებს სიმშვიდის მოსაპოვებლად. დამამშვიდებელი ფერებიდან ყველაზე გავრცელებული ღია ცისფერია, რომელსაც შეუძლია შეამციროს გულისცემა. ღია ცისფერი იდეალურად მუშაობს ისეთ სივრცეებში, როგორიცაა საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ოთახი. მუქი ლურჯი გონების მუშაობას უწყობს ხელს, ასე რომ მის გამოყენებას პატარა ოთახებში, მაგალითად, კაბინეტსა და აბაზანაში გვირჩევენ.
დიზაინერების უმეტესობა თავს არიდებს ნამდვილ, კლასიკურ თეთრ ფერს და ირჩევენ ჩრდილებს მოვარდისფრო ან მოყვითალო ელფერებით. ეს ტონალობები დადასტურებულად უწყობს ხელს სიმშვიდის პოვნას და დასვენებას. მსგავსი ეფექტი აქვს ზეთისხილის მწვანესაც, რომელიც ძალიან თბილი და ბუნებრივია.
თუმცა, არ არსებობს მკაცრი და კონკრეტული წესები საღებავების არჩევისთვის. შეიძლება გქონდეთ ძალიან ცოცხალი ლურჯი, რომელიც საერთოდ ვერ გაგრძნობინებთ სიმშვიდეს, ან მუქი წითელი, რომელიც ინტერიერში მშვიდ შეგრძნებებს აღვიძებს. საერთო ჯამში, ყველა ფერი სუბიექტური სურვილებისა და ხასიათების გათვალისწინებით იქმნება. სწორედ ამიტომ, დღეს რამდენიმე საბაზისო წესს გაგიზიარებთ, რომელიც ფერის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.
თეთრი
თეთრი ფერი ინტერიერში ხელს უწყობს სიბნელის განცდის თავიდან არიდებას და ქმნის მსუბუქ, ჰაეროვან შეგრძნებას. ამ ფერის კედლები განსაკუთრებით უხდება ხის ბუნებრივ იატაკს. შედეგად ვიღებთ მყუდრო და წყნარ ატმოსფეროს, რომელიც იდეალურია დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებლად.
სრულიად თეთრი ოთახები, მაგალითად, სამზარეულო, აღვიძებს ვინტაჟურ შეგრძნებებს. ინტერიერი შედარებით მინიმალისტურია. ამ დროს ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ მარმარილოს ზედაპირების გამოყენებას.
როდესაც სინათლე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რეკომენდებულია მოვარდისფრო და მოყვითალო ჩრდილების გამოყენებაც. ეს ტონები ძალიან უხდება თეთრს, დამატებით კი ათბობს მას და უფრო რბილ შეგრძნებებს ანიჭებს.
ნაცრისფერი
ეს ფერი გვეხმარება ელეგანტური, მოწესრიგებული და ნეიტრალური ფერთა სისტემის შექმნაში. ნაცრისფერი განსაკუთრებით უხდება მინიმალისტურ სტილსა და მწვანე მცენარეებს. ასეთ ტონალობაში შეღებილ კედელს ძალიან უხდება კედლის ნახატები და სხვადასხვა ფერადი დეკორაცია.
დახვეწილი, მშვიდი ფერი ხელს უწყობს ოთახში მზის სხივებისა და ხელოვნური განათების რბილ გადანაწილებას, რაც დამატებით კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის.
ლურჯი
ლურჯი ძალიან კარგია სკანდინავიური სტილის ინტერიერის შესაქმნელად. მკვეთრი, მუქი ელფერები ქმნის ელეგანტურ და მდიდრულ განწყობას და სახლს თბილი ტონებით ავსებს. ოთახების მიხედვით, დიზაინერები გვირჩევენ ლურჯის ღია და მუქი ტონების დარეგულირებას. მაგალითად, საძინებელსა და მოსასვენებელ სივრცეებში სჯობს შედარებით უფრო ღია ტონის გამოყენება, ხოლო კაბინეტსა და სამზარეულოში მუქი ლურჯი უფრო დახვეწილ ატმოსფეროს შეგიქმნით.
ვარდისფერი
ღია ვარდისფერი ინტერიერში ბუნებრივი სიმშვიდის შექმნაზეა პასუხისმგებელი. ვარდისფერს უამრავი ტონალობა აქვს, თუმცა ცივი და მკვეთრი ფერის ნაცვლად, თბილი ატმისფრის გამოყენება მყუდრო საცხოვრებელის შექმნისთვის იდეალური არჩევანია.
ეს ფერი უხდება როგორც მომწვანო ფერებს, ასევე ტერაკოტას და ყავისფერს. დიზაინერები მის შეხამებას ბუნებრივ და “მიწიერ” ფერებთან გვირჩევენ. ნაზი ფერი ოთახს სიღრმესა და სიმშვიდეს მატებს.
აბაზანაში ვარდისფერი აქცენტებით ინდივიდუალური გემოვნებისა და ხასიათის ხაზგასმა კიდევ უფრო მარტივია. მდიდრული ფერი სახლის ამ ნაწილს ძალიან დახვეწილ ხასიათს უქმნის.
ღია ვარდისფერი ძალიან უხდება შემოსასვლელ სივრცესაც, რადგან ის მშვიდ გადასვლას ქმნის სახლის სხვა ნაწილებთან.
მწვანე
ამ კონკრეტულ პროექტში მწვანე ფერის შედარებით ღია ტონია გამოყენებული, რომელიც ზეთისხილის მწვანეს ჰგავს. ასეთი ფერი საძინებლისთვის ძალიან კარგი არჩევანია, რადგან ხელს უწყობს გონების დამშვიდებას და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი