თანამედროვე არქიტექტურა მუდმივად ისწრაფვის სიმაღლის ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ. მსოფლიოს უდიდესი ქალაქები ცდილობენ, შექმნან უფრო და უფრო მაღალი და თვალშისაცემი ცათამბჯენები, რაც არა მხოლოდ ინჟინერულ მიღწევებზე მეტყველებს, არამედ ეკონომიკური ძალაუფლებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოს წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში მსოფლიოს სამ ყველაზე მაღალ შენობას გაგაცნობთ, რომლებიც განსაკუთრებული დიზაინითა და ინოვაციური კონსტრუქციით გამოირჩევა.
1. ბურჯ ხალიფა (Burj Khalifa) – 828 მ
ადგილმდებარეობა: დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დასრულების წელი: 2010
არქიტექტურული ფირმა: Skidmore, Owings & Merrill (SOM)
არქიტექტორი: ადრიან სმიტი
შენობის დიზაინი შთაგონებულია ისლამური არქიტექტურისა და ბუნებაში არსებული ორგანული ფორმებით. კონსტრუქცია წარმოადგენს სამგანშტოებულ სტრუქტურას, რაც ზრდის სტაბილურობას და ამცირებს ქარის ზემოქმედებას. ბურჯ ხალიფას ფორმა უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს და საშუალებას აძლევს, მოერგოს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს. ფასადის მასალად გამოყენებულია მაღალტექნოლოგიური მინა, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და შენობის გაგრილებას უწყობს ხელს.
2. მერდეკა 118 (Merdeka 118) – 678.9 მ
ადგილმდებარეობა: კუალა-ლუმპური, მალაიზია
დასრულების წელი: 2023
არქიტექტურული ფირმა: Fender Katsalidis Architects
არქიტექტორი: კარლ ფენდერი
შენობის დიზაინი შთაგონებულია მალაიზიის კულტურითა და ტრადიციული არქიტექტურული მოტივებით. მისი სტრუქტურა შეიქმნა ფრაგმენტირებული ბრილიანტის მსგავსი ფორმით, რაც სინათლის არეკვლისას ნაგებობას უნიკალურ ეფექტს აძლევს. შენობა შეიქმნა მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით და პირველი ცათამბჯენია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელმაც მიიღო Triple Platinum Green Building სერტიფიკატი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ცათამბჯენად აქცევს.
3. შანხაის კოშკი (Shanghai Tower) – 632 მ
ადგილმდებარეობა: შანხაი, ჩინეთი
დასრულების წელი: 2015
არქიტექტურული ფირმა: Gensler
არქიტექტორი: მარშალ სტრაბალა
შენობას გრეხილი ფორმა აქვს, რაც ქარის ძალის შესამცირებლად და ენერგოეფექტურობის გასაზრდელად შემუშავდა. ფასადი შედგება ორმაგი მინის ფენებისგან, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი ვენტილაციის ოპტიმიზაციას და ენერგიის ხარჯის შემცირებას. შანხაის კოშკს მინიჭბული აქვს LEED Platinum სერტიფიკატი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ცათამბჯენად აქცევს. შენობის ინოვაციური ლიფტები სიჩქარით 20.5 მ/წმ გადაადგილდებიან და მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ლიფტებად მიიჩნევა.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”