სამზარეულო სახლში ყველაზე ფუნქციონალური სივრცეა, ამიტომ ის თანამედროვე და მარტივად გამოსაყენებელი უნდა იყოს. დღეს კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო 2023 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.
კურსი მდგრადობისკენ
მდგრადობისკენ მიმართული ტენდენცია (მდგრადი განვითარების ეკო კონცეფცია) თანამედროვე დიზაინის განუყოფელ ნაწილად იქცა. 2023 წლის ინტერიერი კვლავ იქნება კონცენტრირებული ბუნებრივ და ადვილად განახლებად მასალებზე, რომლებმაც, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაძლოს.
სამზარეულოს შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ხისა და ქვის მასალებს — ისინი გამძლეა, ეკოლოგიურად სუფთაა და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს აქტუალობას. ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს ზედაპირის მასალას: ნატურალური ქვისგან დამზადებული ზედაპირი ან კუნძული სამზარეულოს მყისიერად სძენს მდიდრულ იერს.
ეკოლოგია და ტექნოლოგიები
ცნობიერი მოხმარებისკენ ყველაზე მარტივი ნაბიჯი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის რაოდენობის შემცირება. პირველ რიგში, თავი უნდა აარიდოთ პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყლის გამოყენებას. ონკანის წყლის ფილტრაციის თანამედროვე გადაწყვეტას ნიჟარის ქვეშ დამონტაჟებული სისტემა წარმოადგენს. სისტემას შეუძლია წყალი დაბალი ან მაღალი გაზირებით უზრუნველყოს, ასევე ის საშუალებას გაძლევთ, ტემპერატურა ოჯახის წევრების გემოვნების მიხედვით დაარეგულიროთ.
კიდევ ერთი ნაბიჯი ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნისკენ არის საკვების ნარჩენების გადამამუშავებლის შეძენა, რომელიც სამზარეულოს ნიჟარაში მონტაჟდება.
ხშირად ყურადღებას მხოლოდ თვალსაჩინო მასალებისა და ავეჯის არჩევანს ვაქცევთ და სამზარეულოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე არ ვფიქრობთ. თუმცა, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თვალსაზრისით, ტექნოლოგია უმთავრეს როლს ასრულებს.
სივრცის გაერთიანება
ბევრ სახლში, სამზარეულო საცხოვრებელი ფართის ნაწილი ხდება. მთავარი ტენდენცია ფასადებზე მინიმალური დეტალები და ზედა კარადების არარსებობაა. თუ ამ უკანასკნელის ნაცვლად უჯრებზე კონცენტრირდებით, სამზარეულოს კომპლექტის ფუნქციონალური სივრცე 50%-ით გაიზრდება. ხოლო ზედა სივრცეში, შეგიძლიათ დატოვოთ ადგილი ხელოვნების ნიმუშებისა და ლამაზი ჭურჭლისთვის.
ერთიანი სამუშაო ზედაპირი
ინტერიერის დიზაინერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ გადაწყვეტას, სამზარეულოს ზედაპირი და მასთან არსებული კედლის ნაწილი (ე.წ. სამზარეულოს წინსაფარი) ერთი მასალის საშუალებით გააერთიანონ. ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევთ, ინტერიერის აღქმა უფრო გაამყაროთ.
აქტიური კარადა
ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვინც კერძებს ხშირად ამზადებს. სამზარეულოს ზედაპირის ზემოთ არსებული კედლის ნაწილი ყველაზე მოსახერხებელი ადგილია მცირე ზომის ჭურჭლისა და სანელებლების შესანახად. „აქტიური“ კარადა არ არის ღრმა და ის დაფარულია გასაგორებელი პანელით, რომელიც ხელით ან ღილაკზე თითის დაჭერით იხსნება. პანელი შეიძლება დამზადდეს გაუმჭვირვალე მინისგან, უჟანგავი ფოლადისგან, კერამიკისგან ან ხისგან.
სრულიად თეთრი
ეს ტენდენცია ახალი არ არის და ის ახლა პიკშია. აქ იგულისხმება თეთრის ყველა ელფერი: სპილოსძვლისფერი, რძისფერი, სადაფისფერი, კვერცხის ნაჭუჭის ფერი. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი „მონოქრომული“ ინტერიერი ნიუანსებს ეფუძნება. მას მრავალფეროვნებას სხვადასხვა ტექსტურების კომბინაცია სძენს.
ფერები და გლუვი ზედაპირები
თეთრი და მისი ყველა ელფერი კვლავ პოპულარულია, მაგრამ დიზაინერები სხვა ფერებსაც მიმართავენ, რათა სამზარეულო უფრო პერსონალიზებული გახადონ. 2023 წლის მოდური ფერები მოიცავს მონაცრისფრო-მწვანეს და ცისფერს, სხვადასხვა მცენარეულ ელფერებს, რომლებიც სალბს, როზმარინს, ზაფრანას და რეჰანს მოგაგონებთ; ასევე რბილი ტერაკოტას და ყავისფერს. როდესაც ფერს გლუვი მოპირკეთება ემატება, მთელი სამზარეულო საიუველირო ყუთის იერს იძენს.
ლითონთა ნაზავი
2023 წელს სამზარეულოში განსხვავებული ლითონები გამოჩნდება — იქნება ეს ცალკე, თუ ნაზავი (უჟანგავი ფოლადი, ნიკელი, სპილენძი, ბრინჯაო და ა.შ.). ეს ვარიაციები საშუალებას გაძლევთ, სამზარეულო უფრო საინტერესო და ვიზუალურად მდიდარი გახადოთ.
აქტიური ტექსტურები
ინტერესი იზრდება ასევე უხეში, თითქოსდა დაუმთავრებელი ზედაპირების, დეკორატიული თაბაშირის, ტექსტურირებული ფილების, ერთ სივრცეში ქვისა და ხის შერწყმის მიმართ. ამ მასალების შერჩევა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ტაქტილური სივრცეები, გააცოცხლოთ სამზარეულოს ინტერიერი.
მომრგვალებული ფორმები
სამზარეულოს დიზაინს მომრგვალებული ელემენტები დაუბრუნდა — ეს ეხება როგორც ავეჯს, ასევე სივრცის არქიტექტურას. სამზარეულოს მაგიდა ან სკამები რბილი, გამარტივებული ფორმებით, ერგონომიული თვალსაზრისითაც უფრო კომფორტულია.
ვინტაჟი და ანტიკვარიატი
ვინტაჟისა და ანტიკვარული ნივთების ტენდენციამ ხელი შეუწყო კონკრეტულ ინდივიდზე მორგებული დიზაინის შექმნას. ახლა ყველაზე ტრენდულ სივრცეებში ნოსტალგიის ეფექტი იგრძნობა. ეს ეხება არა მხოლოდ სამზარეულოს ვიზუალურ გაფორმებას, არამედ ავეჯის არჩევანს. ახლა, რემონტის დროს, არ არის საჭირო ძველი ნივთებისგან თავის დაღწევა — ბევრი მათგანი ახალ სიცოცხლეს იძენს.
კუთხის ავეჯი
დიზაინერები სულ უფრო ხშირად იყენებენ კუთხის ავეჯს, მაგრამ მნიშვნელოვანი დამატებით — ფორმები გახდა უფრო ლაკონური და ფაქიზი, ხოლო სავარძლის გადასაკრავი — უფრო საინტერესო და ელეგანტური.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი