in

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტს ისეთი სივრცეების შესაქმნელად, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება, იცხოვრონ ან იმუშაონ კომფორტულ გარემოში და მიიღონ როგორც ვიზუალური, ასევე ფიზიკური სიამოვნება. ამ პროცესში კი უდიდეს როლს ბუნებრივი მასალები თამაშობს. ხის ავეჯი, ქვით მოპირკეთება, ცხოველთა ტყავი – ყველაფერი ეს იმისთვის გამოიყენება ინტერიერში, რომ სახლში ყოფნის დროს ბუნებასთან კავშირი არ დავკარგოთ. თუმცა, როგორც ცნობილია, ბუნების “სახლში შემოშვების” ყველაზე ეფექტური გზა ინტერიერში მცენარეების განთავსებაა.

შესაბამისად, ხარისხიანი დიზაინი ყოველთვის გულისხმობს სიმწვანეს ინტერიერში. მცენარეები ხომ არა მხოლოდ სახლის ვიზუალურად გალამაზებაში გვეხმარება, არამედ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ამცირებენ ტოქსინების რაოდენობას და ხელს უწყობენ ჰაერის გაწმენდას. ამას გარდა, მცენარეებს გააჩნიათ არომათერაპიული ფუნქცია, რაც ძალიან კარგ გავლენას ახდენს მათი მეპატრონეების მენტალურ და სულიერ მდგომარეობაზე.

მაინც რა არის ის მთავარი რეკომენდაციები, რაც სახლის მცენარეებით მორთვის დროს უნდა გავითვალისწინოთ? ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც თქვენი ინტერიერის სიმწვანით გამდიდრებაში აუცილებლად დაგეხმარებათ:

– მცენარის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ რამდენად კარგ განათებას მიიღებს ის თქვენს ოთახში. ამას გარდა, დარწმუნდით, რომ შერჩეული მცენარე საკუთარი ზომებით შეეფერება მისთვის განკუთვნილ სივრცეს. მაგალითად, მაღალი ჭერის მქონე შენობაში უპრობლემოდ შეიძლება პალმებისა და სხვა მაღალი მცენარეების განთავსება. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ ამ ტიპის გამწვანების ქონა არ არის შესაძლებელი პატარა სივრცეებში. სწორი გეგმარების შემთხვევაში “გიგანტური” მცენარე საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება მცირე ზომის ოთახშიც.

– მცენარეებით დეკორირების დროს გახსოვდეთ, რომ მწვანე არ არის ერთადერთი თქვენს ხელთ არსებული ფერი. სხვადასხვა ფერის ყვავილის მქონე მცენარეები ასევე იდეალურად შეიძლება ჩაეწეროს ინტერიერში და საკმაოდ საინტერესო ეფექტი მოგვცეს. მაგალითად, დღეს საკმაოდ ტრენდულია ორქიდეის გამოყენება ინტერიერში. საკუთარი სკულპტურული სილუეტის წყალობით, აღნიშნული მცენარე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და სივრცეს საინტერესო ხასიათს სძენს.

– ზოგიერთი მცენარის მოვლა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. იმის გათვალისწინებთ, რომ ყველა ჩვენგანი არ არის კარგი მებაღე, დასაწყისისთვის უმჯობესია შედარებით მარტივი ჯიშები შევარჩიოთ. მაგალითად, კაქტუსები და სუკულენტები. ისინი კარგად გრძნობენ თავს ყველაზე ნაკლებად სახარბიელო პირობებშიც კი, არ საჭიროებენ ხშირ მორწყვას და განათების დეფიციტი არ აშინებთ. ამას გარდა, მათ საკმაოდ ეფექტური გარეგნულ მხარე აქვთ, რაც თანამედროვე ინტერიერებში ძალიან კარგად მუშაობს.

– იმ შემთხვევაში, როდესაც ინტერიერში განსაკუთრებული სიახლის შემოტანა გვსურს, ამ დროს მოჭრილი ყვავილების გამოყენება ყველაზე გამართლებულია. სხვათა შორის, ეს ხერხი ბევრად ეკონომიურიც არის (გააჩნია, რამდენ ხანში ერთხელ გამოცვლით ყვავილებს). ლამაზი თაიგული ლარნაკში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა ინტერიერის გასახალისებლად.

– არსებობს მრავალი კრეატიული ხერხი იმისთვის, რომ ინტერიერში ისეთი მცენარეები შემოიტანოთ, რომლებიც აერთიანებენ როგორც ესთეტიკურ მხარეს, ასევე ფუნქციონალურ მიმართულებას. მაგალითად, ლავანდა, რომელიც უმშვენიერესი ვიზუალის მქონე მცენარეა, ასევე ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას. ამას გარდა, შესაძლებელია სამზარეულოში “დაკიდებული ბაღის” გაშენება, სადაც თქვენთვის საყვარელ მწვანილებს მოიყვანთ.

– და ბოლოს, ვისაც სახლის გამწვანება სურს, მაგრამ ვერ რისკავს რთულად მოსავლელი მცენარეების შეძენას, გირჩევთ გაამახვილოთ ყურადღება ისეთ ჯიშებზე, რომლებიც მოვლის მხრივ ნაკლებად პრეტენზიულები არიან. ასეთებია: ზამიოკულკასი, სცინდაპსუსი, ფიკუსი, ე.წ. “ფულის ხე” (კრასულა), ეუფობრია, სპატიფილუმი და ა.შ.

რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები

6 ისტორია მამაკაცების ჩრდილში მოქცეული ქალი დიზაინერების შესახებ

ბინა საინტერესო აქცენტებით შოტლანდიაში