მისაღები ოთახის მოწყობა ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა თუ ის შედარებით მცირე ზომისაა, ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტა რამდენიმე რთულ და საპასუხისმგებლო ფაქტორთან არის დაკავშირებული. მცირე სივრცეში მუშაობა ადვილი არ არის და ოთახის გაფორმება მოითხოვს ავეჯის, განათების, ფერთა პალიტრის ერთმანეთთან მაქსიმალურად სასიამოვნოდ შეხამებას. სწორედ ამიტომ, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეცდომას გაგიზიარებთ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უშვებენ და რომლებიც მცირე ზომის მისაღების მოწყობაში დაგეხმარებათ.
ოთახის გადატვირთვა
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომა, რომელიც შეიძლება მცირე ზომის მისაღებ ოთახში დაუშვათ, ზედმეტი ავეჯისა და ნივთების განთავსებაა ისე, რომ ადგილი არ დარჩეს კომფორტულად გადაადგილებისათვის. შეიძლება გქონდეთ უამრავი დეკორაცია და აქსესუარი, რომელთა გამოყენებაც გსურთ, თუმცა ეს მთლიანობაში სივრცეს ქაოსურ შეგრძნებას მიანიჭებს.
ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად სჯობს, პირველ რიგში, ისეთი ავეჯის განთავსება, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ, შემდეგ კი მეორეხარისხოვანი ნივთებისა და დეკორის განლაგება ისე, რომ თვალისთვის გამაღიზიანებელი და გადატვირთული არ იყოს.
ავეჯის არასწორად შერჩევა
მისაღები ოთახის ავეჯზე საუბრისას მხოლოდ სტრუქტურა ან მასალა საკმარისი არ არის, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია ქსოვილის, ზომის, ფერისა და ფორმის სწორად შერჩევა. პატარა ოთახი სულაც არ ნიშნავს პატარა ავეჯს და პირიქით, შეგიძლიათ საკმაოდ დიდი ზომის მაგიდის, ტახტისა თუ სავარძლების გამოყენება. ამის ნაცვლად, ეცადეთ დაძლიოთ უამრავი წვრილმანის განთავსების სურვილი და ისინი ჩაანაცვლოთ მაღალი ხარისხის, სასიამოვნო გარეგნობის მქონე ავეჯით. ქაოსური შეგრძნების შესამცირებლად კარგი და ეფექტური საშუალებაა მრგვალი ფორმის ნივთები, რადგან მრგვალი კიდეები ქმნის ვიზუალურ სიგლუვეს.
ასევე, განიხილეთ მრავალფუნქციური ავეჯი, გამოიყენეთ ისეთი სავარძლები, რომლებსაც აქვთ დამატებითი სივრცე ნივთების შესანახად, გასაშლელი მაგიდები და ასე შემდეგ. ნაკლები რაოდენობის, თუმცა სათავსოებით მდიდარი ავეჯის შერჩევა დაგეხმარებათ მშვიდი და კომფორტული ინტერიერის შექმნაში.
განათების სქემა
მცირე ზომის მისაღებ ოთახში განათების სისტემა შესაძლოა გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს, რადგან სწორედ სინათლე არის ის, რასაც აქვს სივრცის სრულად გარდაქმნის უნარი. შეარჩიეთ კარგად გააზრებული სანათები და ნათურები, რის ხარჯზეც ოთახი არა მხოლოდ უფრო დახვეწილი და ელეგანტური, არამედ უფრო ვრცელიც გამოჩნდება. იფიქრეთ ჭერის განათებაზე, მაგიდისა და იატაკის სანათებზე და ზედაპირებზე დამაგრებულ ნათურებზე. საინტერესოა თაროების განათებაც, რაც ოთახს დამატებით ხიბლს მიანიჭებს.
ხშირად ადამიანები თავს არიდებენ განათების დამატებას პატარა სივრცეში, სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე ცოტაა, კარგი განათების სისტემა მაინც აუცილებელია.
მხოლოდ ღია და ნათელი ფერების გამოყენება
ინტერიერის დიზაინერები თანხმდებიან, რომ ფერთა სისტემა მხოლოდ მეპატრონეების ინდივიდუალურ სტილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს სტერეოტიპი, რომ მცირე ზომის ოთახებში აუცილებლად ნათელი ფერები უნდა იყოს გამოყენებული. სინამდვილეში, ყველაფერი ეს მხოლოდ ფერების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული და მისაღები, ესთეტიკიდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება იყოს პატარა, მუქი და ძალიან ელეგანტური. შექმენით საინტერესო კონტრასტები, გამოიყენეთ ღია და მუქი ფერები, სცადეთ ექსპერიმენტები და შეაჩერეთ არჩევანი თქვენს საყვარელ ფერებზე.
ამასთან, სასურველია ჭერი შეღებოთ კედლებთან შედარებით უფრო ღია ტონებში, რათა ის უფრო მაღალი, ხოლო ოთახი დიდი გამოჩნდეს. ასეთი მიდგომა ოთახს ბევრად დიდსა და ჰაეროვანს გახდის.
ვერტიკალური სივრცეების უგულებელყოფა
როდესაც ჰორიზონტალური სივრცე მცირეა, იდეალური გზაა ვერტიკალური სივრცეების გამოყენება და აქ სათავსოების შექმნა. მაგალითად, კედლების სიგრძეზე ჩაშენებული კარადები და თაროების სისტემა შესანიშნავი გზაა დამატებითი სათავსოების შესაქმნელად. ამასთან, ჭერიდან იატაკამდე ჩამოფარებული ფარდები უზრუნველყოფს ოთახში სივრცისა და სიმაღლის შეგრძნების შექმნას. ამ გზით მისაღები უფრო დახვეწილი და მოწესრიგებული გახდება.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი