საუკუნეების წინ მდინარე ბაბაიო, რომელიც ეკვადორში მდებარეობს, გახდა მთავარი თავშეყრის ადგილი ვაჭრებისა და ფერმერებისთვის, რის გამოც შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ შენობა მდინარეზე აშენდეს და წყალში იტივტივოს.
მოტივტივე სახლები ეკვადორის არამატერიალურ მემკვიდრეობადაა აღიარებული, თუმცა იმის გამო, რომ მდინარე კომერციულ ცენტრად აღარ ითვლება, მცურავი სახლების რაოდენობა 200-დან დაახლოებით 25-მდე შემცირდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივმა მთავრობამ მდინარის ნაპირები რისკის შემცველ ზონებად გამოაცხადა და სახლების აშენება და თევზაობა აკრძალა იმ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ნაბიჯი ეკვადორში ვაჭრობის დონეს შეამცირებდა.
დარჩენილი 25 სახლის მაცხოვრებლები გრძნობენ აუცილებლობას, რომ მჭიდრო კავშირი შეინარჩუნონ მდინარის ნაპირებთან და ეკვადორის ტერიტორიასთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მათი საცხოვრებლების დანგრევაც მოითხოვონ.
ეს სახლი ახალგაზრდა წყვილს და მათ შვილს ეკუთვნის, რომლებიც თავს ნავების გარემონტებითა და ტრადიციული საკვების მომზადებით ირჩენენ. სახლი 2023 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 70 კვადრატული მეტრია.
კონსტრუქცია ადგილობრივი ხის მასალითაა აგებული. ცენტრში არის მისაღები ოთახი, სამზარეულო და საძინებლები, ხოლო კიდეებს ორი სივრცე აქვს დატოვებული, ერთი მათგანი თევზის დასაჭერად და შესანახადაა განკუთვნილი, მეორეს კი სათავსოს სახით იყენებენ.
პროექტს აქვს პატარა აივანიც, საიდანაც ქალაქის ხედი ჩანს. მდინარის ნაპირას, ძირითადად, ძველი კონსტრუქციები და დანგრევის საშიშროების წინაშე მდგარი შენობებია განლაგებული.
ამჟამად არქიტექტორები ცდილობენ, შეისწავლონ მდინარე და იპოვონ მაქსიმალურად რაციონალური გზები იმისთვის, რომ ეკვადორში მცურავი სახლების დაპროექტება გაგრძელდეს, რათა ამ ადგილმა არ დაკარგოს თავისი ტრადიციული სახე და ხასიათი.
არქიტექტურული სტუდია: Juan Carlos Bamba, Natura Futura Arquitectura
ფოტოები: Francesco Russo
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”