თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა ეკოლოგიაზე ზრუნვასა და გამწვანების ხელშეწყობას, რაც თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, განსაკუთრებით კი არქიტექტურასა და დიზაინს. მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მქონე დეველოპერული კომპანიები არა მარტო ეზოს მოწესრიგებასა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობაზე ზრუნავენ, არამედ უახლეს მიდგომას ე.წ “მწვანე გადახურვის” მეთოდს იყენებენ, რომელშიც ყველა ის გამწვანებული სივრცე იგულისხმება, რაც უშუალოდ ბუნებრივ ნიადაგს არ ეხება, ეს კი შესაძლოა იყოს — სახურავი, აივანი, ტერასა თუ ავტოფარეხი.
ბოლო პერიოდში მაღალი კლასის თანამედროვე შენობებისა და საცხოვრებელი კომპლექსების ინფრასტრუქტურაში აქტიურად შეინიშნება მწვანე გადახურვის ტენდენცია, რაც გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ცხოვრების ხარისხისა და სიჯანსაღის ზრდას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში სწორედ მწვანე სახურავების უპირატესობაზე ვისაუბრებთ და იმ მთავარ მახასიათებლებს გაგაცნობთ, რითაც ეს მეთოდი მსოფლიოში აღიარებულია.
ჰაერის გაუმჯობესება — დედამიწაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ეს ციფრები კი განსაკუთრებით საგანგაშო ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშია. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც თბილისია გამონაკლისი. ასეთ დროს კი ერთგვარი გამოსავალი მწვანე გადახურვაა, რომელიც მწვანე საფარის გამდიდრებაში დიდ როლს ასრულებს და ნახშირორჟანგისა თუ მტვრის შთანთქმას უწყობს ხელს, რაც ჰაერის ხარისხს მკვეთრად აუმჯობესებს.
კლიმატის ცვლილებების შემსუბუქება — დიდ ქალაქებში, სადაც უმეტესად ასფალტისა და ბეტონის საფარია, მისი გადახურება და სითბური ეფექტის წარმოქმნა საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რაც თავის მხრივ, ეკოლოგიური გარემოს დაზიანებასა და კლიმატის ცვლილებებს იწვევს. მწვანე გადახურვა კი ხელს უწყობს გამწვანებული ზონების გამრავლებას და გარემოს სითბური კოლაფსისგან იცავს.
ბუნებრივი ნალექისგან გამოწვეული საფრთხის შემცირება — სახურავზე მოწყობილი გამწვანება წყალდიდობისა და შენობების დაზიანებისგან გვიცავს. მწვანე საფარი ბუნებრივ ნალექს მაქსიმალურად შთანთქავს და სანიაღვრე სისტემებში ნაკლები წყალი ჩადის, რაც წყალდიდობის საფრთხეებსა და ქალაქში გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს მაქსიმალურად ამცირებს. ასევე, ნაგებობას წყლის დაზიანებისგან იცავს და უფრო უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.
ენერგოეფექტურობის ზრდა — მწვანე საფარი უზრუნველყოფს ბუნებრივ იზოლაციასაც, რაც ზამთარში გათბობის, ხოლო ზაფხულში გაგრილების საჭიროებას მკვეთრად ამცირებს. ეს კი ენერგიის და კომუნალური გადასახადების დაზოგვას განაპირობებს.
ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა — საცხოვრებელ კომპლექსში მოწყობილი მწვანე გადახურვა ფლორისა და ფაუნის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად, რაც ურბანულ ზონებში ველური ბუნების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს.
ესთეტიკური მიმზიდველობა — მწვანე გადახურვა საცხოვრებელ კომპლექსს განსაკუთრებულ იერსახეს, მომხიბვლელობას სძენს და ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოს ქმნის. სწორად დაგეგმარებული და მოწყობილი ექსტერიერი კი ჰარმონიულად ერწყმის არქიტექტურულ ნაგებობასა თუ დიზაინს და მთლიანობაში, ყველასგან გამორჩეულ საცხოვრებელს ქმნის.
ქართულ რეალობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მწვანე გადახურვას პრემიუმ-კლასის კომპლექსში „ნამაი ვაკეში“ ვხვდებით. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს, გარდა გამორჩეული არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურისა, ლანდშაფტის დიზაინითა და ექსტერიერის კეთილმოწყობითაც იქცვს ყურადღებას.
„ნამაი ვაკეს“ ლანდშაფტის პროექტის დაახლოებით 80% მწვანე სახურავის პრინციპითაა დაპროექტებული, დანარჩენი კი ბუნებრივ ნიადაგს მოიცავს. ლიეტუვურმა პრემიუმ-კლასის კომპანიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა დენდროლოგიურ ნაწილს დაუთმო, სადაც ბალახის, გაზონის, ხეებისა და მცენარეების არჩევასა თუ ჩარგვა-მოვლას უდიდესი ყურადღება დაეთმო. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი შემუშავდა მწვანე გადახურვისა და ნაგებობის გამწვანების ისეთი პროექტი, რომელიც საქართველოში მოწინავე ადგილს იკავებს და გარემოსა თუ მობინადრეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.