რამდენად ხშირად ცვლით მტვერსასრუტის ფილტრს? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც დიასახლისები სვამენ. დროთა განმავლობაში ფილტრაციის უნარი მცირდება, რაც გავლენას ახდენს დასუფთავების ხარისხზე. მტვერი გროვდება მტვერსასრუტის შიდა ნაწილებზე და ჩნდება ობი, ბაქტერიები და უსიამოვნო სუნი. ფილტრების გაწმენდა ოთახში სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ მტვერსასრუტის ფილტრების, მათი მუშაობის პრინციპებისა და გაწმენდის სიხშირის შესახებ.
მტვერსასრუტის ფილტრის ტიპები
სხვადასხვა მოდელის მტვერსასრუტებს ძირითადად ორი სახის ფილტრი აქვს.
მრავალჯერადი გამოყენების ფილტრი – რომელიც დამონტაჟებულია ძრავის განყოფილების შესასვლელთან და იცავს მას დაბინძურებისგან. ამ სახის ფილტრაცია ხელს უშლის ძრავის ნაადრევ ცვეთას. ამ ფილტრის სტრუქტურა დამზადებულია სინთეზური მასალისგან, ქაფიანი რეზინისგან ან ორივე მათგანის კომბინაციით. ეს ფილტრი ეფექტურად უმკლავდება ნამსხვრევებს, მტვრის ნაწილაკებსა და ობს.
HEPA, იგივე მაღალეფექტური ჰაერის ფილტრი – ფილტრავს ისეთი მცირე ზომის ნაწილაკებს, როგორიცაა 0,3 მიკრონი და ხელს უშლის ჰაერის დაბინძურებას. ასეთი ფილტრი უმეტეს შემთხვევაში დაფუძნებულია ცელულოზაზე და უმკლავდება ისეთ ნაწილაკებს, რაც ძრავის წინა ფილტრისთვის რთულად აღსაქმელია.
ფილტრების გამოცვლის სიხშირე
მტვერსასრუტის შეძენისას დამატებითი ინსტრუქციების ფურცელზე, როგორც წესი, დეტალურად არის ახსნილი თუ რა სიხშირით არის საჭირო ფილტრის შეცვლა. თუმცა, არსებობს ზოგადი წესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფილტრის განახლება დაახლოებით 6 თვეში ერთხელ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში სასურველია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
გამოყენების სიხშირე: თუ მტვერსასრუტს დღეში რამდენჯერმე იყენებთ, ფილტრები უფრო სწრაფად ბინძურდება.
ოთახის ფართობი: რაც უფრო დიდია ფართი, მით უფრო მეტი მტვერი გროვდება ფილტრში.
დატვირთვა: როგორც წესი, ბინაში მტვრის და სხვა ნაწილაკების შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობა გროვდება, ვიდრე კერძო სახლებში.
ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის და რა სიხშირით შეგიძლიათ ფილტრების შეცვლა.
ადრეული ნიშნები, რომლებიც ფილტრის შეცვლის საჭიროებაზე მიუთითებენ
როგორც კი მტვერსასრუტთან სიახლოვეს უცხო ან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ფილტრის ჩანაცვლებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ. მისი ჩანაცვლების საჭიროების კიდევ ერთი ნიშანი მტვერსასრუტის სწრაფი გადახურებაა.
როდესაც ფილტრი ზედმეტად ბინძურდება, ის მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერი ხდება, ეს ერთი-ერთი ყველაზე მარტივად შესამჩნევი ნიშანია, რომელიც ფილტრის შეცვლაზე მიუთითებს.
მტვერსასრუტის ფილტრის შეცვლის პრინციპი
თუ არ იცით როგორ შეცვალოთ ფილტრი, შეამოწმეთ ინსტრუქციები ან მიმართეთ პროფესიონალებს. როგორც წესი, ინსტრუქცია ყოველთვის შეიცავს დეტალურ ინფორმაციას. ფილტრი არ არის დამაგრებული ხრახნებით ან სხვა რთულად ჩანაცვლებადი ელემენტებით, ამიტომ მისი შეცვლა სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია.
მნიშვნელოვანია უშუალოდ თქვენი მტვერსასრუტისთვის რეკომენდებული ფილტრის შეძენა, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ის მჭიდროდ არ მოთავსდეს ღარებში და წმენდის ხარისხზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს.
ფილტრის გაწმენდის შესაძლებლობა
არსებობს ისეთი ფილტრები, რომლებიც მრავალჯერადი მოხმარებისაა და მისი ჩანაცვლების ნაცვლად შეგიძლიათ მარტივად გაწმინდოთ, შემდგომში კი ხელახლა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცელულოზის ბოჭკოებზე დაფუძნებული HEPA ფილტრები არ არის განკუთვნილი სველი წმენდისთვის. სხვა ზოგიერთი მოდელი იძლევა ფილტრის რეცხვის შესაძლებლობას, თუმცა ეს აუცილებლად იქნება მითითებული ინსტრუქციებში.
გახსოვდეთ, რომ ფილტრების დროული შეცვლა და გაწმენდა მტვერსასრუტის მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ და ხარისხიანად მუშაობის მთავარი გარანტიაა.