Musubi House-ი ჰავაიზე მდებარეობს. ეს მონოლითური ბეტონის სახლი მთლიანად გამორთულია ელექტროქსელიდან — მისი კვების წყარო ფოტოელექტრული პანელებია, წყლის რესურსად კი სახურავის საშუალებით დაგროვებული წვიმის წყალი გამოიყენება.
ტერიტორია ხეობებს, პატარა მდინარეებსა და უინაკუს ვრცელ ველებს მოიცავს. პანორამული ხედები მრავლადაა, მაგრამ, ძლიერი უამინდობის გამო, მშენებლობისთვის საკმაოდ რთული ლანდშაფტია. აქ შეიძლება უღრუბლო, მზიანი ამინდი რამდენიმე წუთში ქარმა და წვიმამ შეცვალოს.
სახლმა სახელწოდება იაპონური ბრინჯის ბურთულების – მუსუბის – ფორმასთან მსგავსების გამო მიიღო. ნაგებობის დიაგრამა მარტივია — გარე სამკუთხედი შიდა სამკუთხედში. ეს უკანასკნელი სამი მოკლე, მომრგვალებული ფორმის კედლისგან შედგება, რომლებიც სახლის სამ ზონას გამოყოფს: საძინებელს სააბაზანოთი, სამზარეულოსა და სამუშაო-საცხოვრებელ სივრცეს. სამკუთხედის ფორმის ატრიუმი ზონებს შორის გარე ოთახს ქმნის.
დამკვეთებმა უპირატესობა ღია სივრცეებს მიანიჭეს, რამაც პროექტის ავტორებს საშუალება მისცა, კარებისა და მკაცრი საზღვრებისგან მაქსიმალურად თავისუფალი გეგმარება შეექმნათ. ერთი ზონიდან მეორეში გადასვლა დაუბრკოლებლად შეიძლება, თითოეული სივრცე კი მოძრავ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის.
არქიტექტურული ფირმა: Craig Steely Architecture
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”