თანამედროვე სამყარო ორიენტირებულია ისეთი ტექნოლოგიებისა თუ პროდუქციის შექმნაზე, რომელიც გარემოს ნაკლებად დააზიანებს, იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მზის ელექტრო სადგურები ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი ეკომეგობრული დანადგარია. ის ბუნებრივ ენერგიას მოიხმარს, რომელიც ტრადიციული რესურსებისგან განსხვავებით, ამოუწურავია და მოსაპოვებლად განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. რაც მთავარია, მისი გამოყენებით არ ზიანდება გარემო და მავნე ნარჩენები არ წარმოიქმნება. პანელები, მზის სხივებს ელექტროენერგიად გარდაქმნის, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, გახდნენ ენერგო-დამოუკიდებლები და თავად გამოიმუშაონ ელექტროენერგიაა.
სწორედ აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასთან ერთად, მზის ელექტროენერგია ბევრად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის ცხოვრებას და ქმნის მომავლის ინვესტიციას, რომლის დახმარებითაც თავდაპირველი დანახარჯის შემდგომ, დროთა განმავლობაში, ელექტროენერგიის გამომუშავების ფასი საგრძნობლად მცირდება. დღეს სწორედ ერთ-ერთ აქტუალურ და მოთხოვნად თემას ვეხებით და გიყვებით მზის პანელების მუშაობის პრინციპსა და მის უპირატესობებზე.
როგორ მუშაობს და რა მახასიათებლები აქვს მზის პანელებს?
მზის პანელები აგროვებენ მზის სუფთა განახლებად ენერგიას და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. ისინი რამდენიმე ინდივიდუალური მზის ელემენტისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ სილიციუმს, ფოსფორსა და ბორის ფენებს. სწორედ მათი წყალობით პანელი შთანთქავს ფოტონს (სინათლის ნაწილაკი), რისი მეშვეობითაც დენი წარმოიქმნება. არსებობს მზის პანელის ორი სახე: მონოკრისტალური და პოლიკრისტალური. ორივე მათგანი სილიციუმისგან მზადდება, თუმცა ისინი განსხვავებული შეფერილობისაა.
მონოკრისტალური მზის პანელები შავი ფერისაა და კუთხეები მომრგვალებული აქვს. ეს მოდელი მაღალი ეფექტურობით ხასიათდება, სიცოცხლისუნარიანობა კი 25-30 წელს შეადგენს. ამასთანავე, მას შედარებით ნაკლები სივრცე სჭირდება იგივე ენერგიის მისაღებად, ვიდრე პოლიკრისტალურ პანელს, თუმცა მონოკრისტალური პანელის ღირებულება 5-10%-ით ძვირი ჯდება.
რაც შეეხება პოლიკრისტალის პანელს, ის მოლურჯო ფერისაა, კუთხეები არ აქვს მომრგვალებული და შედარებით დაბალი ეფექტურობით ხასიათდება, გამოყენების ხანგრძლივობა კი დაახლოებით 20-25 წლამდე მერყეობს.
გამოიყოფა მზის ელექტროსადგურის რამდენიმე სახეობა – ქსელზე დაერთებული, ქსელისგან დამოუკიდებელი და ჰიბრიდული სისტემები. პანელი, თითოეული მათგანის შემადგენელი ნაწილია, რადგან ის გენერაციის წყაროს წარმოადგენს.
ქსელზე დაერთებული მზის ელექტროსადგური – დღის განმავლობაში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ქსელთან ერთად, ერთობლივ რეჟიმში, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას. ქსელის გათიშვის შემთხვევაში კი მზის ელექტროსადგურიც ითიშება.
ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ელექტროსადგური – მოწყობილობას კავშირი არ აქვს ცენტრალურ ქსელთან. მზის სინათლის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარებასთან ერთად, აკუმულატორში ინახება, მზის ჩასვლის შემდგომ კი ობიექტის მომარაგება აკუმულატორების სისტემიდან ხორციელდება.
ჰიბრიდული სისტემა – ამ შემთხვევაში მზის სადგური, ქსელთან ერთად, ერთობლივ რეჟიმში აწვდის ელექტროენერგიას ობიექტს. ქსელის გათიშვის შემთხვევაში კი მისი მომარაგება აკუმულატორების სარეზერვო სისტემებიდან ხდება.
ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემის დამონტაჟება შედარებით რთულია, ამ დროს მნიშვნელოვანია პანელების სწორი შერჩევა, აკუმულატორისა და გარდამქმნელის სიმძლავრის გათვალისწინება. დღესდღეობით უპირატესობა ქსელურ მზის ელექტროსადგურს ენიჭება. ის არ საჭიროებს სპეციალურ აკუმულატორებს, რადგან ცენტრალური ქსელი ითავსებს მის ფუნქციას, არასაჭირო ენერგია კი თავად ქსელს მიეწოდება. ამ ტიპის სადგურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართვა. რომელიც გულისხმობს სპეციალური მრიცხველის დაყენებას, შედეგად კი ქსელისათვის მიწოდებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგია აღირიცხება. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, აღარ ხდება ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, პირიქით, ქსელის ოპერატორი უკან გიბრუნებთ ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს.
2020 წლიდან უკვე მოქმედებს ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სისტემაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სადგური დააყენოს ერთ ადგილას, სადგურის გენერაცია კი სრულიად სხვაგან მოხდეს. მისი გამოყენებით მზის ენერგიის მოხმარების შესაძლებლობები იზრდება. მათ ვისაც არ აქვთ შესაბამისი პირობები (სახურავი, ფართი) შეეძლებათ მზის სადგურები დაამონტაჟონ დისტანცირებულ ადგილას და თავიანთი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე დენის წყაროთი მოამარაგონ. ამავდროულად შესაძლებელია გამომუშავებული ენერგიის რამდენიმე აბონენტზე გადანაწილებაც.
რა ჯდება და როგორ განისაზღვრება მზის ელექტროსადგურების ხარჯი?
იმის დასადგენად, რომ გაგვერკვია, თუ რა ჯდება და როგორ შეიძლება მზის სადგურის დაახლოებითი ხარჯების გამოთვლა, ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ კომპანიას, Helios Energy Georgia-ს მივმართეთ. მისი წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მზის ელექტროსადგურის ღირებულება სადგურის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია სადგური, მით უფრო მცირეა ფასი. იმის დასადგენად თუ რა სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟებაა საჭირო, პირველ რიგში, აუცილებელია წლიური დანახარჯის გამოთვლა. ელექტროსადგურის სიმძლავრის დადგენა კვადრატულობით არ ხდება და იგი ელექტროენერგიის მოხმარების საჭიროებით განისაზღვრება. სანათები, აპარატურა, ტექნიკა და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც მუშაობისთვის დენს საჭიროებს წლიურ დანახარჯს განაპირობებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ენერგიის გამომუშავება მზის დასხივებაზეა დამოკიდებული – ღრუბლიანი ამინდის დროს გამომუშავება იკლებს, შესაბამისად, სეზონები გავლენას ახდენს მის მუშაობაზე. საშუალოდ (სეზონების გათვალისწინებით), 1 კილოვატი სიმძლავრე წლიურად 1300-1400 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
კომპანიაში გვირჩევენ, რომ სასურველია მზის პანელები სამხრეთის მხარეს იყოს მიმართული, რადგან ამ დროს ისინი ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ. რეკომენდებულია სამხრეთის მხარეს სახურავის მინიმუმ 15 გრადუსით დახრა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ენერგიის მიღება.
ქსელზე დაერთებული სადგური შედგება პანელებისგან, სადენებისგან, სამონტაჟო კონსტრუქციისგან და სხვადასხვა მოწყობილობებისგან, ამიტომ ყველა მომხმარებლისთვის მისი მონტაჟის ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის პროდუქცია და სამონტაჟო მასალა იქნება გამოყენებული. საშუალოდ 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე 550-750 დოლარის ფარგლებში მერყეობს (რომელშიც შედის მონტაჟისა და მასალის ღირებულება). ქსელისგან დამოუკიდებელი ან ჰიბრიდული სისტემის არჩევის შემთხვევაში კი ფასი იზრდება, რადგან ამ ყოველივეს აკუმულატორების ღირებულებაც ემატება, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებისამებრ, განსხვავებული რაოდენობის შეიძლება იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე, ფასის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
რომ შევაჯამოთ, დღეს მომხმარებელთა დიდი ნაწილი მზის ელექტროსადგურებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ისინი ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებისათვის სრულიად უსაფრთხოა. მზის ელექტროსადგური წარმოადგენს ამოუწურავ რესურს, რომელიც ადამიათა ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. როგორც სპეციალისტები გვიამბობენ, ყველაზე ოპტიმალური ქსელზე დაერთებულ მზის ელექტროსადგურის გამოყენებაა, რადგან მისი დამონტაჟება შედარებით ნაკლები ჯდება და სპეციალური ნეტო აღრიცხვის მეშვეობით, ელექტროენერგიის მოხმარებასთან ერთად, არასაჭირო ენერგიის ქსელისათვის დაბრუნება ხორციელდება. დადებითი ბალანსის შემთხვევაში ის თავად გადაგიხდით მიწოდებული ენერგიის საფასურს. შემდეგ კი, თავდაპირველი ხარჯის შემდგომ, მზის პანელების მოხმარება საგრძნობლად ამცირებს გადასახადს და გარკვეული პერიოდის მერე უფასოდ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.