სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დავით გიორგაძისა და მაქსიმე მაჩაიძის კოლაბორაციით შექმნილი პროექტი, მზიურის სკეიტპარკი და პარკურს მოედანი ნომინირებულია ArchDaily-ს 2022 წლის შენობის დაჯილდოების კონკურსზე.
სკეიტპარკი და პარკურის მოედანი ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული. პროექტის ავტორების თანახმად, ამ გზით ორი სხვადასხვა “ტომის” წევრებს ერთმანეთზე დაკვირვება და ახლო კომუნიკაცია შეუძლიათ.
პარკურის მოედანს წრიული ფორმა აქვს და ის მუდმივი მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს. აქ განთავსებული ობიექტები ქმნიან მომცრო ზომის შენობების იმიტაციას და საერთო ჯამში, ეს ფრაგმენტი პატარა ქალაქის ასოციაციას იწვევს.
რაც შეეხება სკეიტ პარკს, ის აქ ადრე არსებული მდინარე ვერეს არხის ფორმას იმეორებს. გარდა სკეიტ სივრცისა, პარკში გვხვდება სხვადასხვა საინტერესო ადგილი უბრალო დამკვირვებლებისთვისაც. პირველ რიგში, ეს არის ხიდი, რომელიც გამვლელებს საშუალებას აძლევს, შორიდან შეისწავლონ გარემო. აქვეა ამფითეატრი, რომელიც სკეიტ პარკის გასწვრივაა განლაგებული. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასვენება და საინტერესო სანახაობის ხილვა.
აღნიშნული პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია Archdaily-ს ვებ გვერდზე.
ფოტოები: გივი მაღრაძე, ლევან მაისურაძე