in

ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა — „Element“-ი მილანში, „Oxilia Gallery“-ში წარმატებით გაიხსნა

20 სექტემბერს მილანში, „Oxilia Gallery“-ში, ქართველი არქიტექტორის, ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ავეჯის კოლექცია — „ელემენტისა“ და „აგურის“ ნამუშევრები.

„ელემენტი“ ხისა და ქვის განსხვავებული ფუნქციის მქონე ავეჯია, რომელიც ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამოყენებით, კოლექციას მუდმივად განახლებადი სახე აქვს. ავეჯის მოდიფიცირებული ზომების აწყობა თუ დაშლა სპეციალური სამაგრებს გარეშე, საკმაოდ მარტივია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას იძლევა.

კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები ადგილობრივი მასალითაა დამზადებული, მათ შორის ზოგიერთი მოდელი ქართული ოდა სახლის საყრდენის ძელებისგან შეიქმნა. „ელემენტი“ სხვადასხვა სახეობის ავეჯს აერთიანებს — მაგიდებს, სკამებს, თაროებს, კონსოლებს,  რომლებიც განკუთვნილია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებისთვის.

 

ნანა ზაალიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „Oxilia Gallery“-ში ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. თუმცა „ელემენტი“ წარმოდგენილი იყო სიცილიაშიც, ხოლო 2023 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე ნანამ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც პროექტის ავტორი ამბობს, გამოფენა საკმაოდ წარმატებით გაიხსნა და ნამუშევრებს საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა: „გამოფენის გახსნამ კარგად ჩაიარა. ეს თარიღი მილანის მოდის კვირეულს დაემთხვა, ამიტომ სახელოვნებო სფეროებიდან ბევრი საინტერესო ადამიანი დაესწრო. ვფიქრობ, კარგი გამოხმაურება ექნება პრესაშიც. ძალიან პოზიტიური და დადებითი ემოციებით დავბრუნდი. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია უშუალოდ ნივთებმა, მათმა ისტორიამ და საქართველომ, ადგილმა, სადაც ეს ნამუშევრები დამზადდა. ვფიქრობ, საინტერესოა ევროპის ქვეყნებში მოღვაწე სხვა არტისტებთან თუ მყიდველებთან კომუნიკაცია, რადგან მათთვის ქართული დიზაინი ახალია და კულტურული იდეებისა და ისტორიის გაცვლა ყოველთვის კარგად მთავრდება“.

აღსანიშნავია, რომ ნანა ზაალიშვილი და  „Idaaf Architects“-ის გუნდი აქტიურად ემზადებიან სხვა საინტერესო გამოფენებისთვის და საკუთარი ნამუშევრებით ქართული დიზაინის ხაზგასმას განაგრძობენ — „საკმაოდ რთული პროცესია კულტურული განსხვავებების სწორი გზებით დაკავშირება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა მიმდინარე და მომდევნო გამოფენების მეშვეობით „Idaaf Architects“-ი საერთაშორისო სტუდიად იქცეს. ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობთ ნამუშევრების  დიზაინში, მასალასა თუ კონცეფციაში ადგილი და წარმომავლობა გამოვხატოთ და ამას ხაზი გავუსვათ“, — აღნიშნავს ნანა ზაალიშვილი.

ფოტოები: “Oxilia Gallery”

ავტორი: მეკო მეტრეველი

სახლი პარიზში, რომელიც ფრანგულ ხასიათს აცოცხლებს

10 ადგილი თბილისში, სადაც დახვეწილი დიზაინის სკამს შეიძენთ