20 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით მილანში, „Oxilia Gallery“-ში (Via Nino Oxilia, 9, 20127 Milano MI, Italy) ქართველი არქიტექტორის, ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება, სადაც ავეჯის კოლექცია — „ელემენტი“ იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, დამსწრე საზოგადოება „აგურის“ კოლექციიდანაც იხილავს ნამუშევრებს.
ხისა და ქვის განსხვავებული ფუნქციის ავეჯის კოლექცია „ელემენტი“, ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. 2017 წელს გამოცემულ წიგნზე მუშაობისას — „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“, ნანამ ყურადღება გაამახვილა გიორგი ჩახავას მიერ გამოგონილ ლეგოს ფორმის ბეტონის ელემენტზე, რომელიც ავტორმა სხვადასხვა კონსტრუქციის ასაწყობად გამოიყენა. აქედან გამომდინარე, განსხვავებული ავეჯის მისაღებად „ელემენტიც“ ასეთივე ფორმას იმეორებს. ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, კოლექცია მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას იძლევა. მოდიფიცირებული ზომები ასაწყობი ავეჯის სხვადასხვა ვარიაციას ქმნის, მისი აწყობა/დაშლა საკმაოდ მარტივია და სპეციალურ სამაგრებს არ საჭიროებს.
ავეჯი, რომელიც ტრადიციულ ხელობასა და თანამედროვე, მოქნილ ფორმებს აერთიანებს, ადგილობრივი მასალითაა დამზადებული. კოლექციის თითოეული დეტალი საგულდაგულოდაა დამუშავებული, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი ქართული ოდა სახლის საყრდენი ძელებისგანაა შექმნილი. კოლექციაში წარმოდგენილი მოდელები – მაგიდები, სკამები, თაროები, კონსოლები და სხვა განკუთვნილია როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეებისთვის.
გამოფენის ნახვა სტუმრებს 26 ოქტომბრამდე შეეძლებათ.