in ,

ქართული არქიტექტურა და დიზაინი როგორც დამოუკიდებელი ცნება – ინტერვიუ “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელთან, ნანა ზაალიშვილთან

Alliance Group
Alliance Group

„იდააფ არქიტექტორების“ ნამუშევრებს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ეს არის ორიგინალური სტილისა და დახვეწილი ხელწერის მქონე სტუდია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და სრულიად გამორჩეულ პროექტებს ქმნის. დღეს ჩვენ ის ადამიანი გვინდა გაგაცნოთ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ნანა ზაალიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, არქიტექტურის მაგისტრი – „იდააფ არქიტექტორების“ დამფუძნებელია. როგორც თავად გვიამბობს, დამოუკიდებელ პროექტებზე სტუდენტობის პერიოდიდან მუშაობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ პროფესიაში დარჩენის შესახებ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მიიღო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ნანამ სხვადასხვა ევროპული არქიტექტორული სტუდია მოინახულა და საჭირო ცოდნა დააგროვა იმ სფეროებში, რომლებშიც მანამდე მოღვაწეობდა (მუსიკალური შვიდწლედი, ლიტერატურა, ხელოვნება).

“ამ ყველაფრის გადააზრებით, არქიტექტურა აღმოჩნდა ის, რამაც ჩემი ეს ცოდნა შეაჯამა და სადაც მუდმივი სწავლისა და განვითარების პერსპექტივა დავინახე”, – ნანა ზაალიშვილი.

როდის და როგორ გაჩნდა სტუდია “იდააფ არქიტექტორების” დაარსების იდეა?

„იდააფ არქიტექტორები“ დაარსდა 2016 წელს. მანამდე უკვე გვქონდა არქიტექტურული ონლაინ გამოცემა idaaf.com, ამიტომ სტუდიის სახელის მოფიქრებაზე დიდი დრო აღარ დავხარჯეთ და მას იგივე სახელი დაერქვა.

იდააფის სახელოსნოში ვმუშაობთ არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით. სტუდიაში განვითარების უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დიზაინ საქმიანობას, არამედ ხანგრძლივ კვლევით პროცესებსაც. ვცდილობთ, სტუდიის ყოველდღიურობა სიახლეებზე ფოკუსირდეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ არქიტექტურასა და დიზაინს, როგორც დამოუკიდებელი ცნების განსაზღვრას, შეუწყობს ხელს. შეიძლება, ეს წასაკითხად ადვილი ჩანს, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც ამაზე საკმაოდ დიდ დროსა და რესურსებს ვხარჯავთ.

როგორია თქვენი დიზაინ ფილოსოფია? რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

ფილოსოფიებს სულ გავურბივარ, რადგან ერთი კონკრეტული მიმართულებით  სიარული მოსაწყენია. ეს სფერო განსაკუთრებულია იმით, რომ სხვადასხვა იდეების ერთდროულად ათვისების საშუალებას იძლევა და ინდივიდუალიზმის მრავალმხრივი გამოვლენის შესაძლებლობა აქვს. ვცდილობ, ყოველი ახალი პროექტი იყოს ჯერ კიდევ უცხო, გამოუცდელი ცოდნით და მიდგომით შესრულებული. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ სფეროს ერთი და იგივე ცოდნის გამოყენება არ ავითარებს, საჭიროა მუდმივი დისკომფორტი და წინა გამოცდილების და გადაწყვეტების ეჭვქვეშ დაყენება.

ბინა თამარაშვილზე, “იდააფ არქიტექტორების პროექტი”

ერთადერთი, რაც ამდენ წლიანი პრაქტიკის განმავლობაში აღმოვაჩინე, არის ის, რომ ლამაზი ნივთები არ ქმნიან იდეალურ ინტერიერს და შესაბამისად, არც ლამაზი შენობები ქმნიან იდეალურ ქალაქს. იდეალურია ის ადგილი, სადაც იქ შესასრულებელი მოქმედებისთვის ადგილები და მოძრაობის ტრაექტორიები სწორადაა დაგეგმილი. შენობები გარემოში და ნივთები ინტერიერში მხოლოდ აკომპანირებას უწევს ადამიანების ქცევებს, შესაბამისად, თუ სწორადაა ეს ცირკულაცია დაგეგმილი, თუ, მაგალითად, დილის საუზმისთვის ინტერიერში სწორი ადგილია მოფიქრებული ოჯახისთვის, იქ სამზარეულო შავია თუ თეთრი, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.  შენობები ისე უნდა იყოს ადამიანების ქმედებებს მორგებული, როგორც ნივთები ინტერიერს. ყველა მოქმედებას თავისი სამყოფი საგნების რაოდენობა, სივრცე და სპეციალურად გამოყოფილი შესაბამისი ზომის ადგილი უნდა ჰქონდეს. Less is mess.

ბინა პ. იაშვილის ქუჩაზე, “იდააფ არქიტექტორების” პროექტი

სახლი დიღომში, “იდააფ არქიტექტორების” პროექტი

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს? რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში? განვითარების რა ეტაპზეა ის დღეს?

ქართულ არქიტექტურულ რეალობაში ყველა არსებული პრობლემა დიდი ხნის წინაა დასმული და განხილული. რაც ამ სფეროს საქართველოში განვითარებას აფერხებს, არის ის, რომ ჩვენ ძირითადად, მხოლოდ ვსაუბრობთ ამ გამოწვევებზე. ჩვენ ყველას აღმოგვაჩნდა მათი სწორად დანახვის ნიჭი, მაგრამ აქამდე ვერ შევძელით ამ გამოწვევების დაძლევის მეთოდოლოგიის შემუშავება.

პირველ რიგში, ეს ალბათ სწრაფ მოლოდინებში და გრძელვადიანი გეგმების არარსებობაშია.  რეგრესი გვაქვს პროფესიული კავშირების განვითარების მხრივაც, რაც სფეროს გამართულ ფუნქციონირებას  მნიშვნელოვნად აფერხებს. სხვა ყველა პრობლემა, რაც ბოლო ხანებში აქტიურად გამოიკვეთა, ვფიქრობ, ისევ ჩვენი, დარგის სპეციალისტების გულგრილობისა და მიზერული აქტივიზმის შედეგია.

როგორც ცნობილია, თქვენ ასევე ქმნით ძალიან საინტერესო დიზაინ ობიექტებს. გვიამბეთ ამ პროცესზე. როგორია ამ მხრივ თქვენი სახელწერო სტილი?

ავეჯისა და ობიექტების დიზაინი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. თითოეული კოლექცია/ნივთი კარგად ნაკვლევი და გააზრებული ინფორმაციის შედეგია. როდესაც კონკრეტულ საკითხში გარკვეული ცოდნა მიგროვდება, ყოველთვის ახალი ობიექტების შექმნით ვპასუხობ. ჩემთვის საინტერესოა მხოლოდ ის მასალები, რომლებიც საქართველოში მოიპოვება. დიზაინი, რომელსაც ვქმნი, მხოლოდ ფურცელზე არ რჩება, მთელი სტუდია აქტიურადაა ჩართული მის ფიზიკურად შექმნაშიც. გვაქვს ხის მცირე სახელოსნო, სადაც თითოეული ობიექტი სათუთად მუშავდება ჩვენ მიერ საბოლოო რეალიზაციამდე.

საინტერესოა, როდესაც დიზაინისა და კეთების პროცესში ერთნაირი ჩართულობაა, ეს ნივთსაც უფრო განსაკუთრებულს ქმნის. ხის მასალის ძირითადი ნაწილი ასევე ჩვენ მიერაა მოპოვებული. ძირითადი ფილოსოფიაა ტყეში გადატეხილი ხეების ან დაშლილი სახლების გამოყენება. იმპორტულ ან მასიური წესით მოპოვებულ მასალას არ ვიყენებთ. იგივე ვრცელდება ქვისა და თიხის ობიექტებზეც.

კოლექცია “Element” “იდააფ არქიტექტორების დიზაინით”

რას გვეტყვით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკაზე. როგორია ამჟამად მოთხოვნა ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე? როგორი სტილია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ჩვენთან?

ჩვენს ყველა დამკვეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის იდეა გვაკავშირებს, რადგან განსაკუთრებულ დიზაინს შესაბამისი დრო და რესურსი სჭირდება. ბოლო რამდენიმე წელია აღარ ვმუშაობთ მოთხოვნადი ტრენდების გამოყენებითაც, რადგან აზრს ვერ ვხედავ ვიმუშაო იმ კონკრეტულ მომენტში პოპულარულ ინტერიერის დიზაინზე, რომელიც  აქტუალურობას 2 წელში დაკარგავს და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ გვაქვს ამბიცია, შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანმა მინიმუმ 10-15 წელი უნდა იცხოვროს ისე, რომ არ მოჰბეზრდეს. ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ტრენდული დიზაინი ჩვენი ინტერესის საგანი არ არის.

ბინა პ. იაშვილის ქუჩაზე, “იდააფ არქიტექტორების” პროექტი

გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

ყველა პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და სტუდია აქტიურადაა ჩართული მათ დეტალურ დამუშავებაში. 2020 წელს თბილისის მერიის დაკვეთით, ვიმუშავეთ „კოჯრის ახალგაზრდული სოფლის“ დიზაინზე და ასევე ჩვენთვის გამორჩეულად ძვირფას პროექტზე, რომელიც „მოზარდ მაყურებელთა თეატრის“  არქიტექტურულ და ინტერიერის რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენ საიტზე გამოქვეყნებულია ორივე პროექტი და მოუთმენლად ველოდებით სამშენებლო პროცესების დაწყებას.

სახელოსნოში პროცესები უინტერესო რომ არ გახდეს, ნელ-ნელა ვიწყებთ ახალ პროექტს ახალი სამშენებლო და დიზაინ მასალების ძიებისთვის. მცირე ნაბიჯებით, მაგრამ ვქმნით ჩვენს სახელოსნო/ლაბორატორიას, სადაც შევეცდებით ახალ პროდუქტებზე მუშაობას. მაგალითად, პროექტი „აგური“ 2019 წელს დავიწყეთ და მას მოჰყვება კიდევ რამდენიმე მსგავსი ვორქშოფი, რომლებიც ჩვენი სტუდიის ბაზაზე განხორციელდება. ძირითადად, გრძელვადიან პროექტებზე ვმუშაობთ, ამიტომ აქტიურად ვცდილობთ, რომ 5 წელში მაინც გვქონდეს პირველი საჩვენებელი შედეგები.

სახლი “ელია”, “იდააფ არქიტექტორების” პროექტი

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

მოდერნისტული ბინა საუცხოო ხედით ავსტრალიაში

m2-ისა და Homeis.ge-ს მიერ ორგანიზებული კონტენტის შემქმნელის კონკურსის ფინალური ტური შედგა