in

სხვადასხვა სტილის სინთეზით შექმნილი სახლი საგურამოში – ნანიკო ჯორბენაძის ინტერიერი

დღეს ნანიკო ჯორბენაძის სახლზე გიამბობთ, რომელიც საგურამოს მახლობლად, სოფელ არაშენდაში მდებარეობს. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობო 1000 მ2-ია, სახლის ფართობი კი – 240 მ2 (შიდა ფართობი 150 მ2-ს შეადგენს, ტერასისა და ვერანდის – 90 მ2-ს).

ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ბიოლოგია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხუთი წელი სამედიცინო სფეროში მუშაობდა, მოგვიანებით კი მარკეტინგით დაინტერესდა და ამ მიმართულებით განაგრძო სწავლა. ამას მოჰყვა ამ სექტორში ოცწლიანი საქმიანობა. უმუშავია ტელევიზიაში, ადგილობრივ და საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებში, სადაც 12 წელი გაატარა. ნანიკოს არაერთ მსხვილ პროექტთაგან გამორჩეულია  ერთ-ერთი ცნობილი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის სამი შოურუმის გახსნა თბილისში, რუსთავსა და თელავში, სადაც დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ყველა სამსახურმა დიდი გამოცდილება შესძინა.

ნანიკომ პანდემიის დაწყებამდე გადაწყვიტა, ცოტა ხნით შეესვენა. პანდემიის დროს სახლში ყოფნა მოუწია. მისი რამდენიმე მეგობარი ამ პერიოდში აგარაკზე გადასახლდა, რამაც უბიძგა, ბუნებასთან სიახლოვეზე ეფიქრა. როგორც თავად გვიყვება, ამ ადგილით, რომელიც ქალაქგარეთ სეირნობისას შენიშნა, პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა.

„ერთ საღამოს, ქალაქგარეთ სეირნობისას, საგურამოს მახლობლად ეს ადგილი აღმოვაჩინეთ. აქ სულ რამდენიმე სახლი იდგა. დავინახე თუ არა ეს საოცარი ხედები და მზის ჩასვლა, მივხვდი, რომ სწორედ აქ მინდოდა ცხოვრება, რომ აქ ვიქნებოდი ბედნიერი. ასე გაჩნდა ნაკვეთის ყიდვის იდეა. ცარიელი მინდორი შევიძინეთ, კომუნიკაციებიც კი არ იყო გაყვანილი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. წყლის ჭაბურღილიც ჩვენ გავაკეთეთ. სახლის პროექტირება პროფესიონალ არქიტექტორს მივანდეთ, რომელსაც ზუსტად განვუსაზღვრეთ, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო სახლის საერთო ფართობი, ტერასა, ვერანდა, ოთახების რაოდენობა. მოგვიწია, შეზღუდულ ფინანსურ რესურსს მოვრგებოდით და ამის მიხედვით დაგვეგეგმა პროექტი“, – გვიამბობს ნანიკო.

ფინანსების დაზოგვის მიზნით, მშენებლობას ნანიკოს მეუღლე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. სახლი ხარისხიანი, მდგრადი მასალისგან აშენდა. პანდემიის რეჟიმის გამო, საშუალება მიეცათ, ბოლომდე ჩართულიყვნენ სამშენებლო პროცესში, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ახალ სახლში უკვე საცხოვრებლად გადავიდნენ.

სახლი ორი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე განთავსდა გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები, კაბინეტი, სველი წერტილი, სამრეცხაო, სათავსო და ოთახი გათბობის წყლის სისტემით. მეორე სართულზე  სამი საძინებელი და ერთი სველი წერტილია.

ინტერიერის დიზაინზე ნანიკომ, პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად იზრუნა. ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას.

„ვფიქრობ, საცხოვრებლის ინტერიერის დიზაინი ძალზე ინტიმურია. ის ზუსტად უნდა ერგებოდეს მცხოვრების ხასიათს. მშენებლობის დროს უამრავ ვებგვერდს ვათვალიერებდი, სხვადასხვა შოუს ვუყურებდი. შთაგონების წყაროდ იქცა ჩემი საყვარელი ამერიკული გადაცემა – „Open Door. იდეებისთვის ხშირად ვსტუმრობდი Homeis.ge-საც. ამას გარდა, ჩემი 15 წლის ქალიშვილი, რომელსაც გამორჩეული ხედვა და გემოვნება აქვს, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უამრავ საინტერესო იდეას მთავაზობდა. შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემი ოჯახი ვიყავით პროექტის დამკვეთიც და შემსრულებელიც,” – იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

ინტერიერში გვხვდება სხვადასხვა სტილის გემოვნებიანი სინთეზი – კლასიკური სტილი ლოფტის ელემენტებით (სახლის შიდა კიბე), რომელსაც სკანდინავიური სისადავე კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

სახლში, ძირითადად, კონტრასტული, მუქი ფერთა გამაა გამოყენებული, რომელშიც ნაცრისფერი და მწვანე ფერი ჭარბობს. აბაზანა და საძინებელი ოთახი  შედარებით ღია ტონალობით ხასიათდება. ფერთა მრავალფეროვნება ინტერიერს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს ძველი ავეჯი და დიზაინ ობიექტები, რომლებსაც ახალი სიცოცხლე მიენიჭა.

„ძალიან მიყვარს ძველი ნივთების შეგროვება და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ვინტაჟური მაღაზიების დათვალიერება, სადაც უამრავ საინტერესო ნივთს აღმოვაჩენ ხოლმე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნივთია საბჭოთა ეპოქის დროინდელი მაგიდა და სკამები, რომლებსაც რესტავრაცია ჩავუტარე – გადავღებე და ქსოვილი შევუცვალე. ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცნობილი ბრენდის, „Ton“-ის სკამებს, რომელთა წარმოების ისტორიაც ასწლეულებს ითვლის. ისინი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში შევიძინე და განვაახლე. ჩემს სახლში არაერთი ასეთი ვინტაჟური ნივთი მოიძებნება. ინტერიერში ქართული წარმოების ავეჯიცაა გამოყენებული, მაგალითად, მისაღები ოთახის დივანი და სამზარეულო“, – აღნიშნავს ნანიკო.

პროექტის ავტორის თქმით, სახლი თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ კაბინეტისა და ზოგიერთი ზონის კეთილმოწყობა. პროექტი ისეა შექმნილი, რომ ოჯახის თითოეულ წევრს თავისი სივრცე ჰქონდეს. განსაკუთრებული იერსახით გამორჩეული ეს მყუდრო სახლი სტუმრებსაც ხშირად მასპინძლობს. იგი მეგობრული თავყრილობების მოსაწყობად საუკეთესო ადგილია.

ვფიქრობ, რომ ინტერიერის დიზაინზე მუშაობის დროს აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება, რათა პროექტი იდეალურად მოერგოს დამკვეთს.ამ შემთხვევაში მე ზუსტად ვიცოდი ჩემი ოჯახის ფსიქოტიპი, წესჩვეულებები და გემოვნება. შესაბამისად, საწყის ეტაპზე სწორად დავსვი ამოცანა და მოვახერხე ბიუჯეტის სწორი გადანაწილება. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა ის, რაც გამოვიდა,” – გვიამბობს ნანიკო 

აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ექსტერიერის დიზაინსაც, ეზოში სხვადასხვა მცენარეს რგავენ, რათა გარემო კიდევ უფრო მომხიბვლელი და მყუდრო გახადონ.

სამზარეულოს ავეჯი: „Paraco“

სამზარეულოს ფერი: RAL 6013

სამზარეულოს ნიჟარა: “Mysa

ტელევიზორის სადგამი: INTERIORISMO

ქართული წარმოების დივანი: Pillow 

იატაკი: ბელგიური წარმოების ნესტგამძლე ლამინატი, მაღაზია „იდეალი

აბაზანის ფილები:  „კაფელის სახლი“, „Kerama Marazzi

შემრევები: „Grohe

განათება: „ახალი ნათება“, „კარე“, „HK living“, „Mysa

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები – თინათინ ძირკვაძის რჩევები

კომპანია ,,არტიტექსს” ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს!