ფრანგი მხატვარი, ნატალი ლეტე, კარანტინში უსაქმურად სულაც არ ყოფილა – მან თავისი ქალაქგარე სახლი ნამდვილ ედემის ბაღად გარდაქმნა. სახლში ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ახალ-ახალ ყვავილებს შეამჩნევთ. კარებზე, კედლებზე, კიბეებსა და ავეჯზეც კი ხელით მოხატულ, განსხვავებულ ყვავილებს ვხვდებით და თავი ზღაპრულ კოტეჯში გვგონია.
მხატვარმა ეს სახლი სამი წლის წინ შეიძინა. როგორც ის იხსენებს, ბავშვობიდან ერთი ოცნება ჰქონდა – სურდა, რომ თავისი სახლი თავისივე ხელოვნებით გაევსო. სახლის ყიდვიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნატალი საკუთარ ნამუშევრებს სახლის სტუდიაში ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კარანტინი დაიწყო, ქმარმა წაახალისა ფუნჯი ხელში აეღო და დანაჩენი სახლიც მოეხატა.
სახლის სხვადასხვა კუთხის მოხატვის შემდეგ ნატალიმ ავეჯის განახლებაც დაიწყო და მათ ახალი, ბოტანიკური სუნთქვა შთაბერა. „განსაკუთრებით მიზიდავს ჩემი სამყაროს, ჩემი ბუდის შექმნის იდეა, რომელიც ჩემი საკუთარი შემოქმედებით იქნება სავსე. კედლის ნახატები თუ ხალიჩები, ქსოვილები, სანათები თუ ყოველდღიური ჭურჭელი – მთავარია, რომ უბრალო ნივთი რაიმე განსაკუთრებულად ვაქციო,“ – ამბობს ლეტე.