in

ადამიანთა ბედნიერებისთვის შექმნილი ინტერიერები – ინტერვიუ ნატალია დავითაშვილთან

ნატალია დავითაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მშობლიურმა ქალაქმა და იმ გარემომ, რომელშიც გაიზარდა. დღეს უკვე შემდგარი ინტერიერის დიზაინერი ცდილობს, ადამიანებს ბედნიერება მიანიჭოს და მათი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. თავისი პროფესიის საინტერესო მხარეების შესახებ ნატალია დღეს ჩვენს მკითხველს ესაუბრება.

ნატალია, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

მთელი ჩემი ბავშვობა ქალაქ თელავს უკავშირდება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მგონია, რომ ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებაში გარემო დიდ როლს ასრულებს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. თელავი დღემდე რჩება ადგილად, სადაც შენობები არ „გახრჩობს“, გარემო არ გსტრესავს და თავისუფლად სუნთქვა შეგიძლია.

ჩემს ცხოვრებაში, სწავლასთან ერთად, დიდი ადგილი ეკავა კლასიკურ მუსიკას, კონცერტებს, ხატვასა და სხვადასხვა ტიპის ხელსაქმეს. დედა განსაკუთრებულად მიჭერდა მხარს, მუდმივად ცდილობდა, გამოფენებზე ვეტარებინე, რათა ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვედრილიყავი, რომლებიც შემოქმედებისკენ მიბიძგებდნენ. რამე თუ არ გამომივიდოდა, მეხმარებოდა, მგულშემატკივრობდა და მამხნევებდა.

გამორჩეულად მიყვარდა ზაფხული და პაპასთან დროის გატარება. ყოველ წელს ეზოში ახალ-ახალ ქოხებს ვაშენებდით და ჩემს ლამაზ „სამფლობელოში“ ბავშვებს სიხარულით ვმასპინძლობდით. საყვარელი სათამაშოებიც კი გეგმარებასა და მშენებლობას უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მუსიკა გატაცებადვე დარჩა, პროფესიად კი ინტერიერის დიზაინი ავირჩიე.

ვილა კოჯორში

სად მიიღეთ პროფესიული განათლება? 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე. ალბათ, ყველასთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვითარდებოდეს და არასოდეს შეწყვიტოს შემეცნება. ვფიქრობ, საკუთარ თავზე მუშაობა და დისციპლინის გამომუშავება უმთავრესია. სწავლის პერიოდში ვესწრებოდი იტალიურ და გერმანულ ვორქშოპებს, რომლებმაც საინტერესო გამოცდილება მომცა. ახლაც ხშირად ვინტერესდები სხვადასხვა კურსით. ბოლოს მებაღეობის შემსწავლელი კურსი გავიარე. ლანდშაფტის დიზაინი მჭიდროდ უკავშირდება არქიტექტურასა და ინტერიერს, ამიტომ ამ სფეროში დახელოვნებულ ადამიანებთან ურთიერთობა ცოდნის გაღრმავებაში ძალიან მეხმარება.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერა? 

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, წარმოდგენა არ მქონდა, საიდან დამეწყო. როცა გამოუცდელი ხარ, თავად გიწევს სწორი ნაბიჯების გადადგმა შენი მიზნებისა და ოცნებების ასასრულებლად, რისთვისაც უდიდესი შრომაა საჭირო.

სადიპლომო ნაშრომის წარმატებით დაცვისთანავე შემოთავაზება მივიღე და არქიტექტურული დიზაინის კონცეფციის დამუშავებაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ტელევიზიაში ვმუშაობდი საინტერესო პროექტებზე, რომლებიც ანიმაციური ფილმებისათვის ადგილმდებარეობის, შენობისა და ინტერიერის შექმნას გულისხმობდა. პარალელურად კერძო პროექტებზე დავიწყე მუშაობა. ბოლო სამსახურში, „დრიმლენდ ოაზისში“, ყოველდღიურად ვიყავი ჩართული მშენებლობის პროცესში, ვქმნიდი ესკიზებს, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტე, თავისუფალი გრაფიკით, მხოლოდ საავტორო პროექტებზე მემუშავა. დღეს ჩემს პარტნიორთან ერთად, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე, არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის არაერთ პროექტზე ვმუშაობ.

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეს? 

არ მინდა, ზედმეტად კრიტიკული ვიყო. ზოგადად, ჩვენს სფეროს დიდი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, რაც განსაკუთრებით მძაფრად ჩანს თბილისის მაგალითზე. არქიტექტორის მთავარი მოვალეობაა, დამკვეთს სწორი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარი პროფესიის შესახებ. მხოლოდ სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება არქიტექტურულ პროექტს არ ნიშნავს. არქიტექტურაში შედეგი გვიან ჩნდება. მას მთელი ცხოვრება ვიმკით.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ხშირად მხვდება პროექტები, რომლებიც მასალების გამოფენას უფრო მაგონებს. მიუხედავად ამისა, არაერთი პროფესიონალი გვყავს, რომელთა ნამუშევრები უცხოელი ხელოვანებისთვისაც კი გამხდარა შთაგონების წყარო.

ბინა ჯიქიაზე

რას გვეტყოდით დამკვეთთან ურთიერთობაზე? 

როდესაც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამ, სხვადასხვა ტიპის დამკვეთი გხვდება. ამ დროს მთავარია იცოდე, თავად როგორი დამკვეთი გინდა, რომ გყავდეს. თუ განსაზღვრული პრინციპები გაქვს, ყველა დავალებას არ და ვერ შეასრულებ, ეს კი თავისთავად მიგიყვანს შესაბამის დამკვეთამდე. ვფიქრობ, მთავარია იცოდე, რისი მიღწევა გსურს, რას გამოხატავ შენი ნამუშევრებით. ჩემთვის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, საინტერესო პროექტებს ვირჩევ, შესაბამისად, დამკვეთიც საინტერესო მხვდება და ერთმანეთს მარტივად ვუგებთ. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალური ვერ იქნება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

რაც დრო გადის, დამკვეთთან ურთიერთობაც უფრო ადვილი ხდება, რადგან უკვე შენი ნამუშევრების მიხედვით გირჩევენ. ეს ნიშნავს, რომ მოსწონთ შენი ხედვა და გენდობიან. დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა საკმაოდ მოთხოვნადი სფეროებია, რაც მახარებს.

როგორია თქვენი შემოქმედებითი ფილოსოფია

ვცდილობ, ჩემი ნამუშევრებით ადამიანებს უკეთესი ცხოვრება შევუქმნა. მინდა, თითოეულ პროექტს საინტერესო იდეა, ჩანაფიქრი ჰქონდეს, სივრცე ფუნქციურობით გამოირჩეოდეს და მომხმარებლის მოლოდინებსა და საჭიროებებს ერგებოდეს. მუშაობის პროცესში საკმაოდ რთულია, დაიცვა შუალედი ისე, რომ მომხმარებელიც დააკმაყოფილო და საკუთარ ხედვაზეც არ თქვა უარი. ამიტომ სწორი აქცენტების დასმა თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია.

სახლი დიღომში

რისგან იღებთ შთაგონებას?

დატვირთული გრაფიკი ცოტა დროს ტოვებს შთაგონების მოსაძებნად. ჩემთვის ხშირად თავად სივრცე ხდება შთაგონების წყარო, რომლის სწორი პროექტირება ყველაფერს განსაზღვრავს. შთაგონება ყველაფრისგან შემიძლია მივიღო – მუსიკისგან, ფილმებისგან, მოგზაურობისგან, სხვა შემოქმედთა ნამუშევრებისგან. ჩემს პროექტებში ხშირად თამამ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ფერების გამოყენებას არ ვერიდები, თუმცა, ბალანსსაც ვიცავ. მიყვარს ნათელი სივრცეები, დიდი ვიტრაჟებითა და ჭარბი ბუნებრივი სინათლით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ სივრცის ფორმასა და პროპორციებს, რის გამოც, მიჭირს სხვის დაგეგმარებულ პროექტზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის დემონტაჟით ვიწყებ.

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

თითოეული პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულია, თუმცა, გამოვყოფდი მყინვარწვერის ძირში არსებულ სამთო-საბანაკო დანიშნულების შენობის ინტერიერს, რომელზეც ახლა ვმუშაობ. შენობის არქიტექტორი ირაკლი შევჩენკოა. შენობის ფუნქცია და ადგილმდებარეობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ხშირად არ გვაქვს ხოლმე მსგავსი ტიპის პროექტზე მუშაობის ფუფუნება.

კერძო სახლებიდან გამოვარჩევდი კოჯრის ვილას, რომლის ინტერიერზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. თითოეული დიზაინის ელემენტი ამ სახლისათვის შეიქმნა და ამ პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული.  ასევე, ძალიან საინტერესო გამოდის ორი მიმდინარე პროექტი – „სახლი დიღომში“, რომლის არქიტექტურა ირაკლის ეკუთვნის, ინტერიერის დიზაინი კი მე და „სახლი ლისი ვერანდაზე“ – ინტერიერი. ვფიქრობ, ამ უკანასკნელის სრულად გადაგეგმარებამ გაცილებით ფუნქციური გახადა სივრცეები. აღვნიშნავდი ბარის პროექტს ჩაქვის სანაპიროზე და კახეთში მდებარე სასტუმროს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ.

ბარის პროექტი

გამოვყოფდი ბოლო პერიოდში დასრულებულ, ჯიქიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინასაც, რომელიც თამამი ფერთა გამით გამოირჩევა. ალბათ, სუბიექტური ვიქნები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ერთ-ერთი სახლის არქიტექტურული პროექტი – “ქართული სახლი”. მისი მთავარი არქიტექტორი ირაკლი შევჩენკოა, გეგმარების და ფასადის ორნამენტულ გადაწყვეტაზე კი, რომელიც კახური ბაზილიკის პროპორციაზეა აგებული, მე ვიმუშავე.

“ქართული სახლი”

ამ ეტაპზე რამდენიმე ობიექტზე ვმუშაობ, მათ შორისაა: საგანმანათლებლო დაწესებულება, სპორტული კომპლექსი, ბანკის ინტერიერი და საცხოვრებელი სახლების დიზაინ-არქიტექტურა. ამ პროექტების წარმატებით განხორციელება ჩემი მთავარი ამოცანაა.

რას ურჩევდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს?

ბევრი იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე და მცირედით არ დაკმაყოფილდნენ. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა არაფრისგან ქმნი რაღაც საინტერესოს, ადამიანების ცხოვრების შექმნაში იღებ მონაწილეობას და შედეგით ტკბები. ბედნიერი დამკვეთის შემხედვარე, ისეთ ემოციებს იღებ, რომ კიდევ მრავალი უძილო ღამისთვისაც მზად ხარ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამმეტრიან ბოძებზე აღმართული ტყის სახლი კანადაში – Forest House I

როგორ შევიძინოთ BIM პროგრამული უზრუნველყოფების ოფიციალური ლიცენზიები საქართველოში? – ინტერვიუ „BIM Solutions Georgia“-ს დირექტორთან