in

“არქიტექტურული ხდომილება” — ინტერვიუ ნატალია ნებიერიძესთან

ხელოვნება აზროვნებისკენ გვიბიძგებს, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნების ფორმირებას ახდენს და შემოქმედებით გამოხატულებაში პოვებს გზას. ნატალია ნებიერიძის უაღრესად საინტერესო ინტერვიუ, შესაძლოა, ბევრისთვის სწორედ ამგვარი ფიქრის გაჩენის წინაპირობა გახდეს. დღევანდელი სტატია დააინტერესებს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავში ჩაღრმავება და დაუსრულებელი პიროვნული თუ შემოქმედებითი ძიებები ხიბლავს. ნატალია ნებიერიძე არქიტექტორი და ინტერდისციპლინარული ხელოვანია, რომელიც საკუთარი თავის და სამყაროს შესაცნობად სხვადასხვა მედიუმს მიმართავს და შინაარსს განსხვავებულ ფორმებს უკავშირებს. მისი თავისუფალი ხედვა და ფანტაზია მრავალმხრივი მიმართულებებით ვლინდება და კვლევით თუ სხვადასხვა შემოქმედებით პროცესში აისახება. გიზიარებთ უშრეტი შემოქმედებითი ენერგიის მქონე არტისტის, ნატალია ნებიერიძის თავგადასავალს…

ნატალია, როგორ გაიხსენებდით თქვენს ბავშვობას? 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, ჩემთვის ყველაზე ფერადი და ყოვლისშემძლე დრო იყო. სახლი, რომელიც ჩემი მხატვარი მშობლების სახელოსნოც იყო, ექსპერიმენტების, თავგადასავლებისა და სამყაროს შემეცნების ადგილს წარმოადგენდა. აქ შემეძლო ამეგო საოცარი კოშკები და ციხესიმაგრეები სკამების, ბალიშების, ტანსაცმლისა თუ სხვა ჩვეულებრივი ნივთების გამოყენებით. მე და ჩემი და კი ამ კოშკებში დავძვრებოდით და პრინცესებისა თუ მეკობრეების როლს ვირგებდით. შეგვეძლო ნებისმიერი ნივთისგან ახალი თამაში მოგვეფიქრებინა, თავზე თმის მაგივრად გრძელი ქვედაბოლოები დაგვემაგრებინა, ყოველ დღე ახალი სათავგადასავლო ამოცანა დაგვესახა, საღამოობით კი ბუხართან ლექსები გვეწერა და მშობლებისთვის გვეკითხა.

ჩვენს სახლ-სახელოსნოს ჭერში გაჭრილი ღიობი ჰქონდა, საიდანაც დღისით სინათლე შემოდიოდა და ღამით ვარსკვლავები ჩანდა. კარგად მახსოვს ბავშვობა და საკმაოდ ბევრი პასუხისთვის დავბრუნებულვარ მოგონებებში. ცოტა ხნის წინ საინტერესო რამ აღმოვაჩინე — რაც თავი მახსოვს, სულ მიტაცებდა გამომგონებლობა და ინიციატივები ერთი მნიშვნელოვანი ნიშნით, რომ ეს ინიციატივები, იდეები თუ გამოგონებები ყოველთვის მიემართებოდა სხვებისკენ. ვიგონებდი თამაშებს ჩემი დის, მეგობრების, ნათესავებისა თუ სხვა ეზოს ბავშვებისთვის. ათასნაირი იდეა მქონდა, როგორ გარდამექმნა ოთახი და მომეწყო სივრცეები ისე, რომ ჩვენი თამაშის პროცესი გამეხალისებინა. სხვისთვის რაიმეს გამოგნება, დაგეგმვა და მოწყობა მახალისებდა და მანთებდა. ეს დღემდე ასეა. ამგვარად, გარემომ და ადამიანებმა, რომელთა ირგვლივაც გავიზარდე — მშობლებმა, ბებია-ბაბუამ, ბიძამ, დეიდებმა და მამიდებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ისინი ერთად ქმნიდნენ დიდ, გახსნილ სამყაროს ჩვენთვის, სადაც ყველაფერი შესაძლებელი იყო…

როდის დაინტერესდით არქიტექტურით და სად მიიღეთ პროფესიული განათლება? 

განათლება თბილისში, სამხატვრო აკადემიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე. თავდაპირველად, სამხატვრო აკადემიაში სახვით ფაკულტეტზე ჩავაბარე, რაც ვფიქრობ, ინერციული გადაწყვეტილება იყო.  მალევე მივხვდი, რომ ხელოვნების თანამედროვე ფორმები მაინტერესებდა.

მეგობრებმა (ჯგუფელებმა) მოწვეულ ლექტორთან ერთად, “ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო” ჩამოვაყალიბეთ, სადაც ჩვენი მთავარი ფოკუსი ალტერნატიულ მედიუმებში მუშაობა და თავბრუსდამხვევი ძიების პროცესი იყო. ვმუშაობდით სტუდიოს პრინციპით – იდეა, დისკუსია, კვლევა, ფორმა, რაც თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულ მედიუმებში (ფოტო, ვიდეო, პერფორმანსი, ინსტალაცია, ფერწერა, სკულპტურა) მოძრაობის და საკუთარი უნიკალური ენის პოვნის საშუალებას გვაძლევდა. ამით კი ძალიან ბევრს ვსწავლობდით როგორც ერთმანეთისგან, ასევ თავად პროცესისგან.

ამ ეტაპის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ მივხვდი, რომ არქიტექტურა მაინტერესებდა და უნივერსიტეტში თავიდან ჩაბარება გადავწყვიტე. ამის წინაპირობა ჩემი მაშინდელი სამუშაო ადგილი, არქიტექტურული სტუდია „დეფანი“ გახდა, სადაც სტაჟირებას გავდიოდი. 2011 წელს სამხატვრო აკადემიაში თავიდან დავიწყე სწავლა არქიტექტურის ფაკულტეტზე და ახალი თავგადასავლების, გამოწვევების თუ აღმოჩენების პირისპირ აღმოვჩნდი.

ეს წელი ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან 24 წლის ასაკში, ერთდროულად, გავხდი დედა და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი. ამიტომ, ჩემი შვილი ყველა ნამუშევრის თანამონაწილეა. იმ პერიოდში ახალი იდეები, ინტერესები, კითხვები ერთიანად მიჩნდებოდა, ვეძებდი გადაკვეთის წერტილებს საკუთარ იდენტობასა და დედობას შორის, ხელოვნების სხვა ფორმებსა და არქიტექტურას შორის (ჩემი ხმაურიანი პერფორმანსი გუდიაშვილის მოედანზე სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა).

წითელი – ინსტალაცია მიწისქვეშა გადასასვლელში ოპერის წინ. 2012 წელი. პროექტი “Spaces”, კურატორი GeoAir.

როგორ დაახასიათებდით გზას, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საწყისი თანამედროვე ხელოვნება იყო და არა არქიტექტურა, სახვითი ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სახელოვნებო მიმართულებით ვმუშაობდი და მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენასა და პროექტში ვიღებდი. მქონდა რამდენიმე ინდივიდუალური ჩვენებაც, ინსტალაცია და პერფორმანსი. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში თბილისში ძალიან ცოტა სახელოვნებო ინსტიტუცია იყო, თითქმის არ არსებობდა გალერეები და საგამოფენო სივრცეები, მაინც საკმაოდ ცოცხალი და აქტუალური იყო სახელოვნებო სცენა. არსებობდნენ საინტერესო ხელოვანები, ჯგუფები, ორგანიზაციები, მათ შორის — „თავისუფალი სახელოსნო”, „გეოერაი”, ჯგუფი „ლოტი”, „ურბანრეაქტორი”, მიხეილ ხუნდაძე, გია ეძგვერაე, თამარა კ.ე, ზურაბ ბაქრაძე, სოფია ტაბატაძე და სხვები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ინტერესებზე, ხედვასა და მსოფლმხედველობაზე.

ამ პერიოდში დავინტერესდი საჯარო სივრცეებით, ხელოვნების საჯარო სივრცეში ფუნქციონირებით. დამაინტერესა საცხოვრებელი გარემოს კვლევამ, ტიპოლოგიამ და მისმა გავლენამ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე. მაგალითად, გამიტაცა ბინა/სახლის, კორპუსის, თბილისური ეზოს სხვადასხვა ტიპოლოგიამ. დავიწყე ფიქრი ქალაქზე, პასუხისმგებლობებზე. შევუდექი სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობას, ძიებას და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე პროექტიც განვახორციელე.

აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ დიდ საპროტესტო ტალღაში ჩავერთე, რომლის მთავარი მიზანი სწავლების პროცესის გარდაქმნა და თანამედროვე მიდგომების დანერგვა იყო. ვითხოვდით ახალ მეთოდოლოგიებს, გვაინტერესებდა გახსნილი სწავლების ფორმები, სადაც პროფესორი და სტუდენტი ერთად ეშვებიან ძიების პროცესში, ლექტორი სტუდენტს ორიენტირებაში, გარკვეული პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება. ამ წინააღმდეგობის პერიოდში გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა სივრცე — “კამპუსი”, სადაც სწავლების იმ ფორმებსა და იდეებს განვახორციელებდით, რასაც აკადემიისგან ველოდით და ამით თავისუფალ სივრცეს შევქმნიდით. ასე ჩამოყალიბდა “სტუდიო კამპუსი” და თანამედროვე ხელოვნების ბიბლიოთეკა. კამპუსის დაარსებიდან ჩემთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. „სტუდიო კამპუსი“ იყო თავისუფალი სივრცე ყველასთვის, ვისთვისაც ძიების პროცესი მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამ პროცესით სწავლა მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კამპუსის ბაზაზე მეგობრებმა ერთად დავაარსეთ ჯგუფი “Material Hunters”. ჩვენი ერთობა და მუშაობა ბევრ ძიებას მოიცავდა. ჯგუფის სახელიც ერთ-ერთი იდეიდან წამოვიდა, როდესაც სხვადასხვა მიტოვებული ადგილის „მონადირება“ და იქ შეგროვებული მასალების შენახვა დავიწყეთ. მასალა კი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი — უბრალო ხმის ჩანაწერი ან ფრაზა, რაც იმ ადგილიდან გამოგვყვა. ჩვენი ნამუშევრები მოიცავდა ინსტალაციებს, პერფორმანსებს, კვლევებსა და სხვადასხვა ტიპის პროექტებს.

Roof Up – მიწისქვეშა ბაზრობის სახურავის რეაბილიტაცია სადგურის მოედანზე (საკონსკურსო სტუდენტური პროექტი) 2016 წ. Material Hunters

„Das ღავე გამებსა” – ისნტალაცია გარიყულაში Fest I nova. „მომავლის მეხსიერება“ ჯგუფური ნამუშევარი 2016 წელი. Material Hunters

ამავე პერიოდში დავინტერესდი ქალაქგეგმარებით. ძალიან მინდოდა, ეს სფერო შემესწავლა და თანამოაზრეების ძიება დავიწყე. უფროს კოლეგებთან — ზურა ბაქრაძესთან (ქალაქმგეგმარებელი, ქართული ქალაქგეგმარების და ზოგადად ქალაქის გარშემო ფიქრის და მისი არსის გაცნობიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი) და ფრაუკე ბურგდორფთან (გერმანელი ქალაქმგეგმარებელი, ამჟამად აახენის მთავარი ქალაქმგეგმარებელი) ერთად „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია”, შემოკლებით „რეალლაბი“ ჩამოვაყალიბეთ. „რეალლაბის“ ფარგლებში ორი ძალიან საინტერესო პროექტი შეიქმნა — “ავლაბრის განვითარების კონცეფცია” და „პლეხანოვის უბნის შენარჩუნებადი განახლება“. ორივე პროექტს დიდი ენთუზიაზმით ვუდგებოდი. ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც “Realllab”-ს დღესაც აგრძელებენ.

ავლაბრის განვითარების კონცეფცია. Reallab 2016
პროექტის პრეზენტაცია-გამოფენა ავალაბრის მეტროში 2017 წელი.

„7677 ფრაგმენტი” – ინსტალაცია აბრეშუმის მუზეუმში. 2017 წელი. გამოფენა “ტრანსფორმაციის მუზეუმი”. კურატორი – თესსა კნაპ.

ამის შემდეგ მოვხვდი „მუაში“ (MUA Architeture&Placemaiking), სადაც ჩემი არქიტექტურასთან გადაკვეთის ახალი თავგადასავალი დაიწყო. ფაქტობრივად, „MUA“-ში მივიღე პირველი პრაქტიკული გამოცდილება და ამ კუთხით განვითარდი. დღეს უკვე მეექვსე წელია, რაც აქ ვარ, ბოლო სამი წელია სტუდიის ასოცირებული პარტნიორიც გავხდი და ჩემს კოლეგებთან ერთად, საინტერესო პროექტებს ვუძღვები. ამ დროის განმავლობაში გაუჩერებლად ვიზრდები. გამიმართლა, რომ შესაძლებლობა მომეცა, მემუშავა როგორც კვლევით მიმართულებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაზე. ერთია, როდესაც არქიტექტურის კონცეფციასთან გაქვს შეხება და სულ სხვაა მყარ მოცემულობასთან, ტექნიკურ საკითხებთან ჭიდილი, სადაც ამოცანები თავსატეხებით სავსეა და ხშირად, გადაჭრის გზების ძიებაა მთელი პროცესი. რაღაც მომენტში, აღმოვაჩინე, რომ ეს ტექნიკური სირთულეები და გამოწვევები არანაკლებ მხიბლავს და მათთან გამკლავება ერთგვარი აზარტის მომგვრელია. „MUA“ – ში ჩემს კოლეგასთან, თათა გაჩეჩილაძესთან ერთად დავიწყე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტი — „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა”. მიმაჩნია, რომ  ძალიან გამიმართლა აქ მოხვედრით, კოლეგებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემს გვერდით არიან.

როგორ გესახებათ თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევები?

ამ კითხვაზე საპასუხოდ, ალბათ, უფრო მრავალმხრივი ცოდნა და ფართო ხედვაა საჭირო, თუმცა ვეცდები ჩემი პოზიცია სწორად აღვწერო. მაგალითისთვის, ბავშვობის მიამიტურ აღმოჩენას მოვიშველიებ, რამაც, გარკვეულწილად, ჩემი ხედვა განსაზღვრა. განსაკუთრებულად მძაფრად მახსენდება მომენტი, როდესაც გავაანალიზე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა — ქუჩა, შენობები, სივრცის იერარქია, ორიენტაცია, მიმართულება, ფაქტურები, ფერები, ელექტრო სადენები, ანტენები, კარის სახელურები, ამძვრალი საღებავი თუ ორნამენტები, ყველაფერი ადამიანის შექმნილია. ამ „აღმოჩენამ”  შოკისმომგვრელად იმოქმედა  — ქმნიდე ისეთ რამეს, რაც სხვა ადამიანებს ცხოვრებას უსაზღვრავს, ქმედებებისკენ უბიძგებს, უდგენს ცხოვრების ფორმებს – ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

ისტორიულადაც, არქიტექტურა ყოველთვის იყო მისი თანადროული ეპოქისა და საზოგადოებრივი მოწყობის გარკვეული სახე, ერთგვარი ხდომილებების სხეული. არქიტექტურა ქმნიდა და ქმნის ადგილებს, ფუნქციურ სივრცეებს, დანიშნულების წერტილებს, განაპირობებს განწყობებს, ურთიერთკავშირებს, მიმართებებს, ურთიერთობის ფორმებს, იერარქიებს, ორიენტაციებს, ხედვის არეალებს, ფოკუსებს და უამრავ ისეთ რამეს, რაც ჩვენზე ზემოქმედებს. თუმცა, ეს ყოველივე ასევე გავლენას ახდენს არქიტექტურაზე და  ეს ურთიერთმიმართება სახეზეა.

არქიტექტურა აფორმებს, აერთიანებს, ერთ მთლიანობად კრავს მოვლენებს და ერთგვარ სივრცით სხეულს ქმნის. ნებისმიერი ადგილი, რომელთანაც შეხება გვაქვს (სახლი, ეზო, ქუჩა, სკოლა, უნივერსიტეტი, ბაზარი, კლუბი, კაფე, თეატრი თუ სხვა), მრავალმნიშვნელოვანი და ცოცხალი სხეულია, რაც სამყაროს ჩვენეულ აღქმაზე პირდაპირ ზემოქმედებს და გარკვეულწილად, საკუთარი თავის შეცნობის გზებსაც გვისახავს.

თანამედროვე არქიტექტურას უამრავი გამოწვევა აქვს. თანამედროვეობა ხომ ისედაც რთული და კომპლექსურია. მსოფლიო რუკაზე მიმდინარე პარალელური პროცესები მუდმივად ახდენენ ერთმანეთსა და არქიტექტურაზე გავლენას – არქიტექტურული ქმნილება კი ყოველთვის მნიშვნელობებით გაჟღენთილი კულტურული და სოციალური მოვლენაა.

ბლოქსის საცხოვრებელი კომპლექსი და სატუმრო ჰემფტონი. MUA Architecture & Placemaking (photos by Yaroslav Lu)

მსოფლიო კონტექსტში არქიტექტურის განხილვასთან ერთად, საინტერესოა თქვენეული ხედვა ქართულ არქიტექტურასა და მის გამოწვევებზე

არქიტექტურის ქმნადობა პოლიტიკური და სოციალური პროცესების პირდაპირი, სხეულებრივი ილუსტრაციაა. ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი არქიტექტურაში, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობები მისი განვითარების ხაზს განაპირობებს. ქართული არქიტექტურული სივრცე, ჩემი დაკვირვებით, იმავე გზას გადის, რასაც მთლიანობაში ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. ვგულისხმობ საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, ბოლო 30 წლიან თვითგამორკვევის პერიოდს, სადაც ერთეული და იშვიათი გამოვლინებები გარკვეულწილად პოზიტიურია, თუმცა ძირითადი მიმართებები – კომპლექსური. ქართული არქიტექტურული სივრცისთვის ისეთივე გამოწვევაა საკუთარი როლის და რაობის დადგენა, როგორც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

დიდი ხნის წინ დასრულდა ის დრო, რომელიც იდეალებით ქმნიდა არქიტექტურას. მას შემდეგ დეზორიენტაციის ხანა დადგა, აირია საგნებისა და მოვლენების ჩვეული წყობა. გაუფასურდა ღირებულებები, ძველი ტრადიციები და მეთოდოლოგიები, ხოლო ახლები არ დამკვიდრებულა. ერთადერთი ღირებულება გახდა ბაზარი, ამ გაგებით კი რაც მის ლოგიკაში ჯდება, ყველაფერი მიღებულია, რაც არა — კონტექსტიდან ამოვარდნილად და არარელევანტურად მიიჩნევა.

ვარციხის კონიაკის ქარხანა – გენერალური გეგმა და განვითარების კონცეფცია. MUA Architecture & Placemaking

დღეს უკვე შეგვიძლია ამ მიმართებას კრიტიკული კითხვები დავუსვათ და ბოლო სამი ათწლეულის გაანალიზება ვცადოთ, რადგან შედეგებიც სახეზეა და მომავლის პერსპექტივაც მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია. გამოსავლის ძიება შესაძლებელია ალბათ ახლო წარსულის გააზრებით და ჩვენივე შეცდომებზე სწავლით, რადგან წინა თაობების შეცდომები სრულიად სხვა კანონზომიერებას ემყარებოდა, მათი კონტექსტი და ამოცანები სხვა იყო, ჩვენ კი დღეს სრულიად განსხვავებული სურათის წინაშე ვართ.

ვისურვებდი, რომ თანამედროვე ქართული არქიტექტურა მეტად ითვალისწინებდეს ადამიანების და ადგილის საჭიროებებს. უფრო მეტად ზრუნავდეს საზოგადოებაზე, ნაკლებად ექვემდებარებოდეს მხოლოდ ბაზრის და ზოგადად, სამყაროს მიმართ მომხმარებლურ მოთხოვნებს. თუმცა, რეალობა სხვა ამოცანებს გვისახავს და ჩვენც თითქოს ვცდილობთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ახლად სუნთქვაშეკრული მოვეკიდოთ…

MUA-ს ნავსაყუდელი. ფოტები: გიორგი მამასახლისი

ამ საინტერესო მსჯელობის შემდეგ, ისევ თქვენს შემოქმედებას დავუბრუნდეთ. როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?

მუშაობის პროცესი გარკვეული ინსტრუმენტების ერთობლიობა და თანმიმდევრობაა — კონტექსტის ანალიზი, კვლევა, მოცემულობა, ადგილის შეცნობა, შესწავლა და შეყვარება, შემდეგ მასთან მუშაობა, აღმოჩენები, არსის შეცნობა, საჭიროებები, ურთიერთმიმართებები, კანონმდებლობა, მდგრადობა, შინაარსი, ესთეტიკა, ეთიკა, იერსახე, სახეხატები, ფერები, ფაქტურები.  ყოველივე ეს პროცესის ნაწილი და ერთგვარი ფაზლია, რომელიც რაღაც მომენტში შეიკრიბება და ხდება არქიტექტურა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ უფრო მეტი ელემენტი, შესაძლოა, შთაგონების წყაროდ იქცეს და მას დაეფუძნოს პროექტის კონცეფცია.

„1,147.142 რიტუალი” – ნატალია ნებიერიძისა და მისი შვილის საერთო პერფორმანსი და ინსტალაცია (მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშების გამოყენებით) CCA-Tbilisi. 2023 ივლისი.

გვესაუბრეთ თქვენს ნამუშევრებზე 

სხვადასხვა ნამუშევარი განსხვავებულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ბევრი მათგანია ჩემთვის მნიშვნელოვანია. რაღაცნაირად გიყვარდება ის ფორმები, რასთანაც მუშაობ, ადამიანივით ახლობელი ხდება და სულ თან დაგყვება.

გამორჩევა მიჭირს, მაგრამ ბოლოდროინდელ ნამუშევრებში „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის“ კვლევას გამოვყოფდი, რადგან ამ კვლევამ არქიტექტურა (და არა მარტო) თავიდან გადამააზრებინა და ჩემში უამრავი ახალი შეკითხვა დაბადა. დამაინტერესა უშინაარსოდ დარჩენილი შენობების, როგორც ერთგვარი ენობრივი სხეულის, მნიშვნელობამ. როდესაც ფორმას ეკარგება შინაარსი, აღარ არსებობს ნარატივები, ხედვები, გარემო-პირობები, რამაც ის შექმნა რა რჩება ასეთი არქიტექტურისგან? რა რჩება არქიტექტურისგან თუ მას კულტურულ ნიშნებს ჩამოვაცილებთ  — ცარიელი შენობა? სიცარიელე? ცარიელი ფორმა? შესაძლებელია უძრავმა სხეულმა თავისთავად შეიძინოს ახალი ნიშნები,  ისწავლოს და მიიღოს ახალი ენა? ამ შეკითხვების გენერირების პროცესი დღესაც გრძელდება და ალბათ კიდევ დიდხანს მატარებს მიტოვებულ შენობებში (ამ თემას არაერთი გამოცემა მიეძღვნა —  ჟურნალი „დანართის” მე-16 გამოცემა, „ZeGavlena“-ს გამოცემა არქიტექტურის შესახებ, ასევე „ლიტაგორას” მიერ მომზადებული დოკუმენტურ ვიდეო და სხვა…)

თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა. Photos by Angus Leadley Brown. MUA Architecture & Placemaking

ნამუშევრებზე ვსაუბრობდით, ამ კუთხით საინტერესოა რომელ ქართულ ობიექტებს გამოარჩევდით?

გამორჩეულად მიყვარს გვიანი მოდერნისტული არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პერიოდებშიც ბევრი მნიშვნელოვანი რამ კეთდებოდა, ამ დროის ქმნილებები განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებს. ალბათ ამითაც აიხსნება ჩემი ერთგვარი “შეპყრობილობა”, რასაც ინდუსტრიული ნაგებობების მიმართ განვიცდი.

“სამეზობლო” – ინსტალაცია (2023 წ. მაისი) გალერეა LC Queisser. გამოფენა “ წინამძღვრიშვილი 49 / მანიაშვილი10”. მაკეტი – udzopractice. ფოტოების ავტორი:Grigory Sokolinsky

ინტერვიუს დასასრულს, ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა

ამ მომენტისთვის „MUA“-ში რამდენიმე პროექტს ვუძღვები. გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ვორქშოფს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდუსტრიული შენობის გარშემო. ვმუშაობ კვლევაზე Genius Loci-ის შესახებ თბილისში, ჩემს კოლეგასთან და მეგობართან მაშა ჩიღვინაძესთან ერთად. ასევე, ვმუშაობ ორ ინსტალაციაზე, რაც იმედი მაქვს, განხორციელდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორი იყო 2023 წელი ქართული ინტერიერის დიზაინის სფეროსთვის? — სტუდია „Due“-ს შეჯამება

იატაკი თუ კედლები – როგორია რემონტის თანმიმდევრობა?