in

ნათელი ბინა დახვეწილი დიზაინით მისურის შტატში

Banner M2
Banner M2

მისურის შტატში მდებარე ბინა განკუთვნილია წყვილისთვის, რომელსაც კომფორტული, ნათელი და სასიამოვნო სივრცის მოწყობა სურდა, როგორც საცხოვრებლად, ასევე დიდი ოჯახური შეკრებებისთვის.

ბინა ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და ვიტრაჟების სიმრავლით ხასიათდება, რაც ინტერიერს ბუნებრივი სინათლით ავსებს და სივრცეში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. კედლები სადა, თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მათ ღია ხისფერი იატაკი ეხამება, მთავარი აქცენტი კი ავეჯის დიზაინზე, გამწვანებასა და სანათებზე კეთდება.

საცხოვრებლის მთავარი ოთახი ღია გეგმარებისაა, სადაც მისაღები, სასადილო და სამზარეულო კუთხე ერთიანდება. ზონირება კი ავეჯის მეშვეობით ხდება.

მოსასვენებელ კუთხეში ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება თანამედროვე და ვინტაჟური ავეჯი, რომლებიც პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. აქცენტი კეთდება მრგვალ ფორმებზე და შედარებით მუქი ფერის ტექსტილზე, რაც კონტრასტულ შტრიხებს სძენს სივრცეს.

ვიტრაჟებთან მოწყობილია მეორე მოსასვენებელი კუთხეც, ხის მცირე ზომის მაგიდით, ღია ფერის რბილი, კომფორტული ავეჯით და ვინტაჟური ხის ვიტრინით, რომელიც ბინას სიმყუდროვეს მატებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მცირე ზომის ვიტრაჟები, რომლებიც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, არ არის ფარდით დაფარული, რის გამოც ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ახლო კავშირი მყარდება.

მთავარი ოთახის დომინანტური ფუნქციური და ესთეტიკური ელემენტია დიდი ზომის თეთრი კუნძული, რომელიც სასადილო მაგიდის როლსაც ასრულებს. მის ერთ მხარეს საკვების მოსამზადებელი და სათავსო ზონაა მოწყობილი, მეორე მხარე კი სასადილო კუთხეს ეთმობა, რომელიც კონტრასტული შავი ხის სკამებით არის გაფორმებული.

სამზარეულო გამორჩეული ადგილია ბინაში, ვიტრაჟებთან მოწყობილ სივრცეს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და მთლიანად თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი. მნიშვნელოვანი დეტალია ოქროსფერი შემრევები და სახელურები, რომლებიც სამზარეულოს ავეჯს დახვეწილობას და ელეგანტურობას სძენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელ კედელზე კარადები და ღია თაროებია მოწყობილი, სამზარეულო გადატვირთული არ არის და სიმსუბუქეს ინარჩუნებს.

ბინაში ზომიერადაა წარმოდგენილი ბუნებრივი გამწვანებაც, რაც სიცოცხლესა და სიხალისეს მატებს სახლს, ხოლო დეკორატიული განათება კონკრეტული წერტილების ხაზგასასმელად და სივრცის გასალამაზებლად გამოიყენება.

სააბაზანოში დახვეწილი, მდიდრული ესთეტიკა იგრძნობა. ამ ზონაში დანარჩენი ოთახებისგან განსხვავებით, მუქი ფერები ჭარბობს.  თუმცა ჰარმონია და სისადავე აქაც შენარჩუნებულია. ყურადღება მახვილდება ორიგინალურად დამუშავებულ კედლებზე, რაც საინტერესო დეკორაციას ქმნის. ასევე დომინანტურ როლს ასრულებს შავი ხელსაბანიც, რომელიც ოქროსფერი შემრევებით არის გაფორმებული.

ბინა ნათელი, ღია ფერებით გამოირჩევა და ისეთი დიზაინით ხასიათდება, რომელიც წლების განმავლობაშიც არ კარგავს აქტუალობას. სივრცეში სიმყუდროვე იგრძნობა, რაც ბუნებრივი განათების სიუხვით, სწორად შერჩეული ავეჯით, დეკორაციით და სანათებით მიიღწევა. საცხოვრებელი მორგებულია მაცხოვრებლების ინტერესებს  დიდი ოჯახური შეკრებებისა თუ განმარტოებისთვის და იდეალურ პირობებს უზრუნველყოფს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„ძველი სახლის ახალი სიცოცხლე“ – მოხატული ჭერით გამოცოცხლებული ისტორია ვერის ძველ ბინაში – „Wohnung architects“-ის ნამუშევარი

რემონტის გამოცდილება: ანა ციციშვილი და თენგო ალავერდაშვილი