ლანდშაფტის დიზაინერი ნათია ირემაშვილი დღევანდელ სტატიაში ლანდშაფტის დიზაინზე გვესაუბრება და ამ სფეროს ახლო რაკურსიდან გვანახებს. როგორც თავად გვიამბობს, ლანდშაფტის დიზაინი მის ცხოვრებაში შედარებით გვიან გამოჩნდა, თუმცა პატარა ასაკიდან განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ესთეტიკისა და გარე სამყაროს მიმართ. ამ პროცესში დიდი გავლენა მისმა მშობლებმა იქონიეს, რომლებმაც შემოქმედებითი საქმისადმი მის სიყვარულსა და მისწრაფებას შეუწყვეს ხელი. ნათია ირემაშვილის მაგალითი შესაძლოა ბევრისთვის შთაგონების მიმცემი აღმოჩნდეს, რადგან მან ძველი საქმიანობა წარმატებული კარიერის ეტაპზე მიატოვა და ცხოვრება თავიდან დაიწყო – შეისწავლა ახალი პროფესია, თავის სურვილებზე უარი არ თქვა და დღეს უკვე შემდგარი პროფესიონალი, საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია.
გარემო ყოველთვის დიდ როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. საინტერესოა, თქვენ შემთხვევაში რამდენად დიდი გავლენა იქონია ბავშვობამ და იმ სივრცემ, რომელშიც გაიზარდეთ?
ჩემმა ბავშვობამ ნამდვილად დიდი გავლენა იქონია როგორც ჩემს პიროვნებაზე, ასევე პროფესიულ არჩევანზე. ისევე, როგორც საქართველოს 90-იან წლებში დაბადებული ბავშვების უმეტესობას, მეც ცოტა სევდიანი, მაგრამ წარმოსახვითი და სილაღით სავსე ბავშვობა მქონდა. მამა საოცარი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანი იყო (პროფესიით მერქნის გადამუშავების ინჟინერი). გატაცებული იყო ფერწერით და ხეზე კვეთით. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. დედამ ორივე მშობლის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო. მამას ნამუშევრების, საინტერესო მოგონებების გადმოცემით დედამ დიდი სითბო და სიყვარული ჩამინერგა შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. ვფიქრობ, გამძაფრებულად დავიწყე სწრაფვა ესთეტიკისადმი, რადგან გარემო, სადაც ვიზრდებოდი სილამაზეს მოკლებული იყო…
როდის დაინტერესდით ლანდშაფტის დიზაინით?
თავდაპირველად, უმაღლესი განათლება თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიური ფილოლოგიის და სახვითი ხელოვნების განხრით მივიღე, თუმცა განათლებაც და პირველი სამსახურიც (ავიაციის სფერო) საკმაოდ გაუცნობიერებლად შევარჩიე. ადგილი, სადაც 11 წელი ვიმუშავე, თვითრეალიზების შესაძლებლობას ვერ მაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის საკმაოდ წარმატებულ ეტაპზე ვიყავი, გავაცნობიერე, რომ არცერთი სამომავლო გეგმა არსებულ სფეროს არ უკავშირდებოდა. ამიტომ ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების უდიდესი თანადგომით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა სამსახური და შევუდექი ახალი პროფესიის დაუფლებას, რომელიც აერთიანებდა ყველაფერს, რაც ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა — ხალხთან ურთიერთობას, დიზაინს, ფერწერას, მცენარეებს, თანამედროვე სისტემებთან მუშაობას.
ჩავაბარე საქართველოს საპატრიარქოს მებაღეობისა და ბაღის დიზაინის კოლეჯში. ძალიან გამიმართლა, რადგან ცოდნას გვიზიარებდნენ თავისი საქმის პროფესიონალი ლანდშაფტის არქიტექტორები. ჩემი ლექტორების უდიდესმა პროფესიონალიზმმა და მხარდაჭერამ კიდევ უფრო გააღვივა ჩემში ამ სფეროს მიმართ სიყვარული. მივხვდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი და სწორედ იმას ვაკეთებდი, რისი კეთების სურვილი ყოველთვის ასე მძაფრად მქონდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განათლების მიღება საქართველოში (და არა უცხოეთში) ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სწავლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საქართველოს კლიმატს, ენდემურ მცენარეებს, ბიომრავალფეროვნებას, რელიეფსა და ნიადაგის შესწავლას. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მუშაობის პროცესში.
შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა?
სწავლის დასრულებისთანავე გავბედე და პირველი შეკვეთების მიღება დავიწყე. ვმუშაობდი კერძო საცხოვრებელი სახლების ეზოს დიზაინზე. წინა სამსახურებიდან შეძენილმა პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ და ახალ სფეროში მიღებულმა ხარისხიანმა განათლებამ დამოუკიდებლად მუშაობა შემაძლებინა. პირველი წარმატებული პროექტების შემდეგ მიღებულმა დადებითმა ემოციებმა და უკუკავშირმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემს არჩევანში. ვფიქრობ, პროექტების სირთულე და მრავალფეროვნება ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში.
როგორ აფასებთ თქვენს პროფესიას? რა გხიბლავთ მასში ყველაზე მეტად?
უაღრესად საინტერესოა ლანდშაფტის დიზაინის სრულ პროცესი — იდეიდან სივრცის დაგეგმვამდე და შემდეგ მის განხორციელებამდე. უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, როდესაც დამკვეთს პირველ მონახაზს ვაცნობ და მიღებული ემოციებით ვხვდები, რომ ერთმანეთს გავუგეთ. საოცარია იმის შეგრძნება, რომ მისი სურვილები და ჩემი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ლანდშაფტის დიზაინი არ გულისხმობს მხოლოდ ხე-მცენარეების ესთეტიკურად განლაგებას, ეს გაცილებით რთული და კომპლექსური საქმეა. რადგან სწორად დაგეგმილი სივრცე გავლენას ახდეს არა მხოლოდ ადამიანსა და არქიტექტურაზე, არამედ გარემოსა და ეკოსისტემაზეც.
როგორია თავად თქვენი მუშაობის ფილოსოფია და შემოქმედებითი პროცესი?
ბაღის პროექტირება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. აუცილებელია, თითოეული ხე-მცენარე გააზრებულად შეირჩეს. წინასწარ უნდა განვსაზღვროთ რა შედეგის მომტანი იქნება მცენარე ზრდასრულ პერიოდში კონკრეტული გარემოსათვის. არ შეიძლება უბრალოდ მოგეწონოს და დარგო ის, რადგან 20, 30 ან 50 წლის შემდეგ შეიძლება იმდენად შეუსაბამო აღმოჩნდეს ლანდშაფტისთვის, რომ მისი მოჭრა გახდეს საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეების სწორი მახასიათებლებით შერჩევა.
ლანდშაფტის გეგმარება არ უნდა იყოს ცალკე მდგომი, ის არსებული სივრცის, არქიტექტურის და გარემოს ნაწილია, რომელიც ადამიანსა და მისი ცხოვრების სტილზეა მორგებული. შესაბამისად, მუშაობის პროცესში ვცდილობ, კარგად შევისწავლო გარემო, დამკვეთი, მათი ცხოვრების სტილი, ინტერესები და მათი სურვილების სწორი მიმართულებით განვითარება შევძლო, რათა ორივე მხარისთვის მისაღები პროექტი შევქმნა.
ზოგადად, მუშაობის პროცესში ყველა ნამუშევარში ჩემს ნაწილს ვდებ. მგონია, თუ პროექტი დასრულების შემდეგ გავლენას ახდენს დამკვეთზე, მის უდიდეს ინტერესს, ჩართულობას, ახალ გატაცებებს განაპირობებს, ესე იგი პროექტი შედგა. საბოლოოდ, ბაღის და ლანდშაფტის დიზაინის ობიექტური შემფასებელი მაინც დროა, რომელიც ყველაზე სწორად წარმოაჩენს მას.
საინტერესოა, თავად პროექტირების პროცესში რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო? რა გამოწვევები ახლავს თან თქვენს პროფესიას?
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროექტირებისას საპროექტო გარემოს კლიმატის სწორად განსაზღვრაა. შეუძლებელია გააშენო ბაღი ისეთი მცენარეებით, რომლებიც არ შეესაბამება კონკრეტულ ადგილს. საჭიროა, სწორად განისაზღვროს მზის, ქარის, ნალექის ოდენობა. ასევე ნიადაგის ტიპი და მისი ქიმიური შემადგენლობა, ამ საკითხებიდან ერთი კომპონენტის უგულებელყოფამაც კი შესაძლოა, არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ამ ფაქტორების ზუსტი ანალიზია ყველაზე რთული პროექტირების პროცესში.
ვისაუბროთ რა მდგომარეობაა ლანდშაფტის დიზაინის კუთხით საქართველოში? განვითარების რა ეტაპზეა ის?
ვფიქრობ, ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა საქართველოში. ხშირია ადამიანების შეცდომაში შეყვანის შემთხვევები, როდესაც არაპროფესიონალი დიზაინერები, რომლებიც მხოლოდ მცენარეებს ცნობენ, ან მხოლოდ არქიტექტურაში ერკვევიან და არ აქვთ დენდროლოგიის კუთხით განათლება, იძლევიან შეუსაბამო რჩევებს და ხშირად ძალიან არასწორ და ცუდ შედეგამდე მიჰყავთ ბაღიც და მომხმარებელიც.
რამდენად შეიცვალა ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება წლების განმავლობაში და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს სფერო მეტად განვითარდეს?
ლანდშაფტის დიზაინის პროექტირებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. ბოლო 10 – 20 წლის განმავლობაში მოსახლეობის ეკონომიკურმა მოძლიერებამ, საზღვარგარეთ ცხოვრების, მოგზაურობის თუ მუშაობის გამოცდილებამ, ამ მომსახურების მიმართ დიდი ინტერესი გააჩინა. საკმარისი არ აღმოჩნდა მხოლოდ ხეხილიანი ეზო. ექსტერიერის დიზაინის შექმნისას გათვალისწინებული ფაქტორები მეპატრონეს იმდენად დიდ კომფორტს უქმნის, რომ უკვე სახლის ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას, ლანდშაფტის დიზაინის პროექტირებასაც იწყებს. რაც შეეხება ამ სფეროს განვითარებას, ვფიქრობ, კარგი იქნება მისი პოპულარიზება, ახალგაზრდებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება. ასევე საჭიროა საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და ამ სფეროში წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ, რას ურჩევთ ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს?
ვურჩევდი, საფუძვლიანი განათლება მიიღონ ამ სფეროში, არ იჩქარონ და დრო დაუთმონ ყველა საჭირო საგნის საფუძვლიან შესწავლას, რადგან ეს ყველაფერი მომავალში მუშაობას გაუადვილებს. მათ, ვისაც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული პროფესიასთან დაკავშირებით, ვურჩევდი მოკლე ვადიანი კურსების გავლას, რათა სფეროზე ზოგადი წარმოდგენა შეექმნათ. პირადად მე, თავის დროზე გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა მსგავსი კურსები და საფუძვლიანი განათლების ბაზისი შემიქმნა. ისინი, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურს და არსებული კარიერის მიტოვების ეშინია, მინდა გავამხნეო და ვუთხრა: წარსული გამოცდილება მხოლოდ დადებითად აისახება მომავალ პროფესიაზე და გაგიმარტივებთ ახალი უნარების ათვისებას.
დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ახლანდელ და სამომავლო გეგმებზე
ამჟამად ვცდილობ ვიმუშაო მრავალფეროვან პროექტებზე საქართველოს მასშტაბით. ჩემთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა საზღვარგარეთ დისტანციურად მუშაობაც და მინდა მეტად ვიაქტიურო ამ მიმართულებით. ჩემი სამომავლო გეგმებიც ძალიან მრავალფეროვანია. ვაპირებ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას და გარე ავეჯის დიზაინის წარმოებას.