in

ინტერიერის გაახლება კაპიტალური რემონტის გარეშე — ნათია კარიაულის რჩევები

გარემო ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, მის ხასიათსა და პროდუქტიულობაზე დიდად ზემოქმედებს, ამიტომ დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანია მისი გახალისება და გარკვეული დეტალების ცვლილება.

ინტერიერის პერიოდული განახლება საუკეთესო გზაა სივრცეში ახალი სიცოცხლის, ენერგიის შემოსატანად და სასიამოვნო, ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებული სივრცის შესაქმნელად, რაც განწყობის ამაღლებასაც უწყობს ხელს და ბევრად კომფორტულ, მოსახერხებელ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. თუმცა, სარემონტო სამუშაოები დიდ ხარჯებთან, დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ხშირად მაცხოვრებლებს არ აქვთ. ამიტომ დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ დიზაინერ ნათია კარიაულის რჩევები, რომლებიც მინიმალური ხარჯებით, რემონტის გარეშე სახლის გახალისებასა და განახლებაში დაგეხმარებათ.

„ხშირად გვინდება ხოლმე ინტერიერის შეცვლა, ან უბრალოდ გარემო გვწყინდება და კონკრეტული სივრცის განახლება გვსურს. ამისთვის გიზიარებთ რამდენიმე პატარა “ხრიკს”, რომლებიც ზედმეტი აურზაურის გარეშე, განახლებული, თქვენზე მორგებული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ“, — ნათია კარიაული.

ავეჯის მდებარეობის ცვლილება და ფერების დამატება

ნათია აღნიშნავს, რომ ინტერიერის ცვლილების ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდი ავეჯის განლაგებისა და მისი მდებარეობის შეცვლაა, რომელიც ყოველგვარი დანახარჯის და დიდი სარემონტო პროცესის გარეშე ადვილად განაახლებს გარემოს და განსხვავებულ ესთეტიკას შესძენს ოთახს. ასევე, სივრცის გასახალისებლად კარგი საშუალებაა ინტერიერში ახალი ფერის შემოტანა ტექსტილის, აქსესუარის ან დეკორატიული ელემენტის სახით.

„მაგალითად, შევცვალოთ ფარდა, ბალიშები ან აქსესუარები. გამოვიყენოთ უფრო აქცენტირებული ფერები, ეს ინტერიერს მეტად გაახალისებს და მას ინდივიდუალურ შტრიხებს შესძენს“. 

ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება

ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობას, რომელთა დახმარებითაც, ხანგრძლივი რემონტის გარეშე, მარტივად და სწრაფად შესაძლებელია სახლისა და გარკვეული ზონების განახლება.

„რემონტის გარეშე განახლება დღეს უფრო მარტივია ახალი მასალების და ტექნოლოგიების დახმარებით. ბაზარზე არსებობს დეკორატიული პანელების საკმაოდ დიდი არჩევანი, რომლებიც მოსაწყენ სადა კედელს მყისიერად გარდაქმნის ხის, ქვის, მეტალის ან სხვა ფაქტურის დეკორად. ასევე, ახალი ტექნოლოგიის საღებავები, რომელთა დატანაც, ყოველგვარი დამუშავების გარეშე, ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი, დიდ უპირატესობას იძლევა. შეგიძლიათ ძველი სააბაზანოს ფილები უბრალოდ გადაღებოთ სპეციალური საღებავით და სრულიად განსხვავებული ინტერიერი მიიღოთ“, — ნათია კარიაული.

განათების ცვლილება   

დიზაინერი ყურადღებას ამახვილებს განათების როლზე ინტერიერში, რომელიც დიდ გავლენას ახდეს მის იერსახეზე და სივრცეში შესაბამისი ატმოსფეროს შექმნაზე. ამიტომ, სანათების ცვლილება და წერტილოვანი განათების დამატება სახლს მეტ სიმყუდროვეს შესძენს და განსხვავებულ ესთეტიკას შემატებს.

„დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. ჭაღის ცვლილებით შეგიძლიათ სრულიად სხვა ხასიათის სივრცე მიიღოთ, მითუმეტეს,  დღევანდელი სანათები იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთი დენის წყაროდან სხვადასხვა წერტილები გავანათოთ და ახალი განათების სცენარი შევქმნათ ინტერიერში. გირჩევთ, გამოიყენოთ ტორშერები და აბაჟურები. ისინი სივრცეს მეტ სიმყუდროვეს მიანიჭებს. ძველი აბაჟურის ქსოვილის და ბახრამის შეცვლაც კი საგრძნობლად ცვლის განწყობას ოთახში და ინტერიერს ახალისებს“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ძველი ავეჯის განახლება

როგორც ნათია კარიაული ამბობს,  დღეს საკმაოდ ტრენდულია ინტერიერში ძველი ავეჯის გამოყენება და მცირე დეტალებით მისი განახლება. მაგალითად, სახელურის გამოცვლით, დეკორისა და სარკის დამატებით, მარტივად და ყოველგვარი რემონტის გარეშეა შესაძლებელი ავეჯის განახლება და საინტერესო, განსხვავებული აქცენტების შექმნა.

დეკორის ცვლილება

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მცირე დეტალების ცვლილებით, დეკორის აქსესუარებისა თუ ერთი კედლის შეღებვით, თავისუფლად შეიძლება ინტერიერისთვის განახლებული იერის მიცემა და გარემოს გახალისება.

„მოხატეთ ან შეცვალეთ თუნდაც ერთი კედლის ფერი, დაკიდეთ დიდი პანო, შეცვალეთ დეკორის კომბინაცია, დაამატეთ სივრცეში სარკეები. ამით შეძლებთ ახალი სიცოცხლე შესძინოთ ნებისმიერ სივრცეს. ცვლილებები  ყოველთვის ენერგიის წყაროა და იდეალური მოტივატორია ახალი დასაწყისისა და სიახლეების“, — ნათია კარიაული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

გარე ელექტრო ჟალუზი — უპირატესობა, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

Mohma System Cabin – კომპაქტური ენერგოეფექტური სახლის მოდელი